ცნობილი იტალიური მოდის სახლი - Gucci, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში დაარსდა, 80-იან წლებში ბევრი სირთულის წინაშე აღმოჩნდა - ნელ-ნელა კარგავდა თავის ძველ დიდებას და უფერულ, არაფრით გამორჩეულ ბრენდად დარჩენის საშიშროება ემუქრებოდა. თუმცა, 1994 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც Gucci-ს შემოქმედებით პროცესებს ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერი - ტომ ფორდი ჩაუდგა სათავეში, ბევრი რამ სასწაულებრივად შეიცვალა უკეთესობისკენ.

 

სწორედ მისი ახლებური, შეიძლება ითქვას, რევოლუციური და როგორც ხშირად აღნიშნავენ, პროვოკაციული გადაწყვეტილებებით, Gucci-მ მალევე დაიბრუნა თავისი სახელი და უწინდელი პატივისცემა. მისი გაყიდვები 90-იანი წლების მიწურულს 90%-ით გაიზარდა, რაც მართლაც უპრეცედენტო და მოულოდნელი იყო. 


თავდაპირველად, ტომ ფორდის კოლექციები ხშირად იღებდა უარყოფით შეფასებებს, რაც განპირობებული იყო მისი სექსუალური, ინტიმური და გამომწვევი ელემენტებით, რაც იმ პერიოდის მოდის ტენდენციებს მაინცდამაინც არ შეესაბამებოდა. თუმცა, საბოლოოდ, სწორედ ამ გამბედაობამ მოუხვეჭა სახელი, Gucci-ს სახლიც გამოაღვიძა და 90-იანების მოდის ტენდენციების ჩამოყალიბებაშიც დაეკისრა მნიშვნელოვანი როლი. 


1995 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია არ იყო ტომ ფორდის დებიუტი, თუმცა ამ ჩვენებით პირველად მოახდინა მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება. ჩვენებაზე მისი დიზაინით შექმნილ სამოსს - მკვეთრ ფერებში გადაწყვეტილ ხავერდის პიჯაკებსა და ატლასის შარვლებს - წარადგენდნენ ქეით მოსი, შალომ ჰარლოუ და 90-იანების სხვა სუპერმოდელები. ფორდის ახლებური სტილი მალევე აიტაცეს იმ პერიოდის ვარსკვლავებმაც - მაგალითად, მადონამ, რომელსაც MTV-ს დაჯილდოებაზე სწორედ ამ კოლექციიდან ეცვა ლურჯი ატლასის პერანგი.

ტომ ფორდის პირველ კოლექციებში სწორედ ეს ქსოვილები ჭარბობს - ხავერდი და აბრეშუმი. გამოირჩევა მისი 1996 წლის  შემოდგომა/ზამთრის კოლექციაც, სადაც მოდელები წითელ ხავერდის პიჯაკებსა და ატლასის შარვლებში იყვნენ გამოწყობილნი. 90-იანების ეს სტილი ტომ ფორდმა 2019 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გააცოცხლა, სადაც ძველ, საკულტო სამოსს ჯიჯი ჰადიდი წარადგენდა, მანამდე კი, 1996 წელს, იგივე სამოსი მილანის მოდის კვირეულზე გვინეტ პელტროუს ეცვა.



2004 წელს ტომ ფორდმა გუჩი დატოვა. მის უკანასკნელ ჩვენებას შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარმოადგენდა. 12 წლის შემდეგ, Gucci-ის გამოსამშვიდობებელ ჩვენებაზე, ტომ ფორდმა კარიერის დასაწყისში შექმნილ კოლექციებთან გაავლო პარალელი - ფართოდ გულამოღებული თეთრი კაბებით და ვიწრო პიჯაკებითა თუ შარვლებით.


Gucci-მ ტომ ფორდის უკვდავი პერიოდი კიდევ ერთხელ გააცოცხლა ბოლო, 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში, სადაც წარმოდგენილი ჩანთები ტომ ფორდის წლების წინ შექმნილი დიზაინებით იყო შთაგონებული.


საბოლოო ჯამში, მთავარი, რაც ტომ ფორდმა Gucci-ისთვის და ზოგადად, მოდის ინდუსტრიისთვის გააკეთა, კონკრეტული იდეოლოგიის მატარებელი კოლექციების შექმნა იყო -  განსაკუთრებით კი, სექსუალობისა და ქალის ინტიმურობის წინა პლანზე წამოწევა. მის კოლექციებში - განიერი მხრებით, ვიწრო პიჯაკებითა და მკაცრი  ქვედაბოლოებით - ქალი თავდაჯერებულობის, ძალაუფლებისა და გლამურის სიმბოლო გახდა. 1996 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაც სწორედ ამ განწყობით იყო შექმნილი - ჩაბნელებული, ინტიმური პოდიუმით, სექსუალური სამოსითა და მშვიდი, შეიძლება ითქვას, ეროტიკული საუნდტრეკით. თუმცა, ტომ ფორდი ამ ყველაფრის შეფუთვას ყოველთვის საოცარი ესთეტიკურობითა და დახვეწილობით ახერხებდა, რის გამოც სამართლიანად დაიმკვიდრა ერთ-ერთი გამორჩეული და თამამი დიზაინერის სახელი.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

ფოტო: Vogue