ფრანგული რივიერა, რომელსაც ხშირად ლაჟვარდოვან ნაპირად მოიხსენიებენ,  საფრანგეთის სამხრეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ეს სახელწოდება ცნობილმა ფრანგმა მწერალმა - Stephen Liégeard-მა შემოიღო 1887 წელს, როდესაც  რომანი „ლაჟვარდოვანი ნაპირი“ გამოსცა. კამკამა წყალზე არეკლილი მანათობელი ცის სილურჯე, თბილი, მაგრამ ნაკლებად მწველი ამინდები და ჰაეროვანი, ლაღი განწყობა, რომელიც მუდმივად ავსებს იქაურობას, არის ის მთავარი ღირსებები, რამაც ფრანგულ რივიერას მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი.


1920-იან წლებში ფრანგული რივიერა კულტურულ ცენტრად იქცა, სადაც მთელი მსოფლიოდან იყრიდნენ თავს ხელოვანები - ფოტოგრაფები, მხატვრები თუ მწერლები. ჟან კოქტო, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, მარკ შაგალი, კოკო შანელი, მცირე ჩამონათვალია იმ ხელოვანებისა, რომლებმაც სულიერ სიმშვიდესა თუ შემოქმედებით შთაგონებას სწორედ აქ, საფრანგეთის მომაჯადოებელ სანაპიროებზე მიაგნეს. ამ ადგილმა ზღაპრული სახელი განსაკუთრებით პირველი მსოფლიო ომის მძიმე პერიოდის შემდეგ მოიპოვა - მრავალი ტანჯვით სავსე სამყაროში ეს სანაპიროები მართლაც მითური ჩანდა, სადაც მხოლოდ მშვენიერება, სიმსუბუქე და სიმშვიდე სუფევდა.


ფრანგული რივიერა და მისი თვალუწვდენელი, ფერადოვანი სანაპიროები, პირველ რიგში, ცხადია, მხატვრებისთვის წარმოადგენდა შთაგონების წყაროს. მაგალითად, მარკ შაგალისთვის, რომელიც ქალაქ ნიცასთან ახლოს, St Paul de Vence-ში ცხოვრობდა და ამ გარემოთი შთაგონებულმა არაერთი ნამუშევარი შექმნა. 20-იანი წლების დასაწყისში  ცოლთან ერთად საფრანგეთის სანაპიროზე დასახლდა პაბლო პიკასოც.


იქაური გარემო აღაფრთოვანებდა ისეთ მწერლებსაც, როგორიცაა, მაგალითად, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი. მისთვის  ფრანგული რივიერა საუკეთესო ადგილი იყო გლამურული, ბრწყინვალე წვეულებებისა და ჯაზის საღამოების მოსაწყობად. შესაბამისად, მისი ორივე ყველაზე ცნობილი რომანი - ,,დიდი გეტსბი“ და ,,ნაზია ღამე” - სწორედ ფრანგული მზიანი სანაპიროებისა და აქ გატარებული გრილი, გამჭვირვალე ღამეების შთაგონებით შეიქმნა. ლაჟვარდოვანი სანაპიროების სიმსუბუქემ ადვილად დაატყვევა ამერიკელი მწერალი - ერნესტ ჰემინგუეიც, რომელიც 20-იან წლებში საფრანგეთში ხშირად მოგზაურობდა.

 

არ არის გასაკვირი, რომ ფრანგულმა რივიერამ დიდი გავლენა მოახდინა მოდაზეც. კოკო შანელმა, რომელიც 20-იან წლებში ხშირად ისვენებდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, ახალი რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო, როცა ე.წ.  სანაპიროს პიჟამა შექმნა. დიზაინი მოშვებულ, კომფორტულ შარვლებს გულისხმობდა და ის მალევე იქცა ფრანგული რივიერის ელიტის მთავარ საზაფხულო სტილად.


მომდევნო დეკადებშიც, 50-60-იან წლებში და უფრო მოგვიანებითაც, საფრანგეთის ლაჟვარდოვანი ნაპირი მრავალი ხელოვანისთვის წარმოადგენდა საყვარელ ადგილს. ამ სანაპიროებზე გადაიღეს კინოშედევრები ისეთმა ცნობილმა რეჟისორებმა, როგორებიც არიან - ვუდი ალენი, ფრანსუა ტრიუფო, ჟან ლიუკ გოდარი და მრავალი სხვა.

მსოფლიოში მრავალი გასაოცარი სანაპირო არსებობს, რომლებიც, ერთი შეხედვით, არაფრით ჩამოუვარდებიან საფრანგეთის მზიან ჰორიზონტებს, თუმცა ფრანგული რივიერა - საკულტო ხელოვანების თავშეყრის ადგილი, სადაც მე-20 საუკუნის გარდამტეხი ხელოვნება იქმნებოდა, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და ელიტურ დასასვენებელ კურორტად დარჩა ისტორიაში.

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

ფოტო: Lauren Fair, Sony Classics, Canal Plus