Taj Mahal Palace ქალაქ მუმბაიში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ, როცა ინდოეთი ბრიტანეთის კოლონია იყო, აღმოსავლეთის ყველაზე სახელგანთქმულ სასტუმროდ ითვლებოდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში სასტუმრო ინდოელი ინდუსტრიალისტის - ჯამსეტი ტატას დაკვეთით აშენდა. დაუზუსტებელი წყაროების მიხედვით, ტატამ სასტუმროს აშენება მაშინ გადაწყვიტა, როცა Watson’s Hotel-ში ოთახი არ მისცეს, რადგან ბრიტანეთის იმპერიის დროს ეს პრესტიჟული სასტუმრო მხოლოდ ბრიტანელებისა და თეთრკანიანებისთვის იყო განკუთვნილი. 


შენობის არქიტექტორები სიტარამ ხანდერაო ვაიდია და დანიალ მირზა გახლდნენ, რომლებმაც Taj Mahal Palace ცნობილი ბრიტანელი ინჟინრის - უილიამ ჩემბერსის დახმარებით ააშენეს. სასტუმროს ინტერიერის  სხვადასხვა ელემენტის შექმნაზე დამატებით არაერთი დიზაინერი მუშაობდა. მაგალითად, სასტუმროს ცნობილი “მოტივტივე კიბე” ხანსაჰებ სორაბჯი რუტონჯის დიზაინითაა შექმნილი. 


სასტუმრო, რომელიც 560 ოთახისგან შედგება, ინდო-გოტიკურ სტილშია აშენებული. ეს სტილი ინდოეთში  მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გახდა პოპულარული და ინდო-ისლამური და ევროპულ-გოტიკური არქიტექტურის ელემენტებს აერთიანებს. დროთა განმავლობაში მფლობელმა კომპანიამ კიდევ რამდენიმე სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა და 1972 წელს Taj Mahal Palace-ს ახალი ფილიალი დაემატა - Taj Tower, რომელიც ასევე მუმბაიში მდებარეობს.


ბრიტანეთისგან გათავისუფლების შემდეგ, ინდოეთში ეს არქიტექტურული სტილი ხშირად ხვდებოდა კრიტიკის ქარცეცხლში, რადგან ის კოლონიალისტური იდეების მატარებლად მოიაზრებოდა. თუმცა, რადგან ეს ესთეტიკა ფუფუნებასთან და დასავლეთთან ასოცირდებოდა, მდიდარ, ძირითადად ევროპელ კლიენტებზე გათვლილი შენობები ინდოეთში ხშირად მაინც ამ სტილში შენდებოდა. 


აღსანიშნავია, რომ Taj Mahal Palace პირველი სასტუმრო იყო ინდოეთში, რომელიც ელექტრომომარაგებით სარგებლობდა. სასტუმროში შეხვდებოდით თურქულ აბაზანებს, გერმანულ ლიფტებს და ბრიტანელ მომსახურე პერსონალს, რაც იმ დროისთვის დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.


გრანდიოზული სასტუმრო დროთა განმავლობაში ინდოეთში ისტორიულ შენობად იქცა, სადაც ცნობილი ბიზნესმენები, მსახიობები და პოლიტიკოსები რჩებოდნენ. იმის გამო, რომ Taj Mahal Palace ზოგისთვის სიმდიდრის და კოლონიალიზმის სიმბოლოდ რჩებოდა, 2008 წელს მასზე ტერორისტული თავდასხმები განხორციელდა. 


მიუხედავად იმისა, რომ Taj Mahal Palace ინდოეთის ერთგვარ ისტორიულ ძეგლად იქცა და დიდი ხნის განმავლობაში მისი თავდაპირველი ინტერიერის დიზაინი უცვლელი იყო, მეოცე საუკუნის მიწურულს სასტუმროს მფლობელმა კომპანიამ წარმოშობით შვეიცარიელი დიზაინერი - ელიზაბეთ კერკარი დაიქირავა და სასტუმროს დიზაინი განაახლა. განახლების მიუხედავად, სასტუმროსთვის სახასიათო კლასიკური ელემენტები, რა თქმა უნდა, შენარჩუნდა.


წინააღმდეგობრივი წარსულის მიუხედავად, Taj Mahal Palace ინდური არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშად აღიქმება. სასტუმროს ყველა ოთახსა თუ დარბაზში შეხვდებით საუკუნოვან ისტორიას  -  არტეფაქტებს, რომლებმაც Taj Mahal Palace ინდოეთის სიმბოლოდ აქცია.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

ფოტო: Architectural Digest, Taj Hotels, Conde Nast Traveller