წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, ზამთრის მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანი მასპინძლობს. ჩემპიონატი, რომელიც ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის სპორტულ შეჯიბრებებს მოიცავს, 16 თებერვლს დაიწყო და 5 მარტამდე გაგრძელდება. ბაკურიანი რამდენიმე კვირით მსოფლიო სპორტის ეპიცენტრი გახდა, სადაც 42 ქვეყნიდან მოიყარეს თავი სპორტსმენებმა. ასეთი მასშტაბის სპორტული ღონისძიება, რომელიც თიბისი ბანკის, სილქნეტისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ეწყობა, საქართველოში პირველად ტარდება და ბუნებრივია, რომ ამ მოვლენას მთელი ქვეყანა მოუთმენლად ელოდა.
ჩემპიონატი აშშ-ის შერეული ნაკრების გამარჯვებით დაიწყო - Aerials-ში ორმა ამერიკელმა სპორტსმენმა მოიპოვა ოქროს მედლები. რაც შეეხება პარალელურ გიგანტურ სლალომს - ამ დისციპლინაში პოლონელმა და იაპონელმა სნოუბორდისტებმა მოიპოვეს გამარჯვება. ძლიერი ქარის გამო სამდღიანი ლოდინის შემდეგ, Ski Cross-შიც გამოვლინდნენ მსოფლიო ჩემპიონები - ქალებში მსოფლიო თასის ამჟამინდელი ლიდერი - შვედი სპორტსმენი სანდტა ნესლუნდი დაწინაურდა, მეორე და მესამე ადგილები კი ავსტრიელმა და შვეიცარიელმა სპორტსმენებმა გადაინაწილეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაკურიანში მიმდინარე ჩემპიონატს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი იოჰან ელიაში ესტუმრა. ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ ორი დღეღა დარჩა, ამ დღეების განმავლობაში შეგიძლიათ დაესწროთ Snowboard Halfpipe-ის, Snowboard cross-ისა და Freeski Halfpipe-ის ფინალურ შეჯიბრებებს.
„ბოლო სამი კვირის განმავლობაში მსოფლიო სპორტისა და მსოფლიო სპორტული მედიის ყურადღება ბაკურიანისკენ არის მოპყრობილი, ჩვენი ქვეყანა ზამთრის ყველაზე ცხელ წერტილად გადაიქცა და განვითარების ახალ საფეხურზე გადაინაცვლა იმის დასტურად, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ცივილიზებური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი“ - გვიყვება საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი - ეკა გაბაშვილი.
ჩემპიონატზე წარმოდგენილი იყო თავისუფალი სტილით სრიალის ყველაზე ექსტრემალური სახეობები. დიდველის და კოხტა-მიტარბის ტრასებზე 30 შეჯიბრი გაიმართა - 14 სნოუბორდში, 16 კი - ფრისტაილისა და ფრისკის სახეობებში. ჩემპიონატზე მთლიანობაში 700 სპორტსმენი იყო დარეგისტრირებული, მათგან 5 საქართველოს სახელით ასპარეზობდა. მსოფლიო ჩემპიონატი შუქდებოდა როგორც ადგილობრივ არხებზე, ასევე ,,ევროსპორტზე”, რომელსაც მთელ მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.
ისტორიული ჩემპიონატისთვის მზადება 5 წელზე მეტია მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში კურორტზე შეიქმნა უახლესი, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა. გაკეთდა 6 ახალი ტრასა და დამონტაჟდა 3 ახალი საბაგირო.
„მიხარია, რომ თიბისის მხარდაჭერით, საქართველო პირველად მასპინძლობს ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს. ეს მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან ჩემპიონატი ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ზამთრის სპორტის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის გამყარებას და ტურიზმის განვითარებას. მჯერა, რომ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ხელს შეუწყობს ახალ თაობაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას“ - ასე აფასებს ჩემპიონატს თიბისი ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელი - მაკუნა თავბერიძე.
ჩემპიონატის ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ შეიძინოთ ჩემპიონატთან დაკავშირებული ბრენდირებული ნივთები. გარდა ამისა, ფუნქციონირებს ვებგვერდი, სადაც ნებისმიერი მსურველი დეტალურად შეძლებს მიიღოს ტურნირთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.
შეიძლება აქამდე გამოგეპარათ ის ფაქტიც, რომ ჩემპიონატის განმავლობაში მონაწილეებსა და სტუმრებს მოემსახურება სპეციალური ტრანსპორტი. Bakuriani Inn, Komorebi, Rooms, Dialog/Bristol, Genesis და Crystal - ეს იმ სასტუმროების ჩამონათვალია, საიდანაც ტრანსპორტი დიდველის ტრასამდე, ყოველდღიურად, ნახევარსაათიანი ინტერვალით მოძრაობს და გარდა იმისა, რომ დროსა და ენერგიასაც დაზოგავთ, იმის გარანტიაც გექნებათ, რომ საყვარელი სპორტსმენების გამოსვლაზე არ დააგვიანებთ.
ამ მნიშვნელოვანი მოვლენის- ზამთრის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე - მხოლოდ ორი დღეღა დარჩა და ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, დაესწროთ ბოლო, გადამწვეტ ღონისძიებებს და დაუვიწყარი სანახაობის მომსწრენი გახდეთ. დატკბეთ გასაოცარი სპორტული შეჯიბრებებით, უგულშემატკივროთ საყვარელ სპორტსმენებს და თავადაც იქცეთ ამ ისტორიული მოვლენის ნაწილად.
დაწერე კომენტარი