ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, რომელიც წელს საქართველოში პირველად ჩატარდა, ბაკურიანში, დიდველის ერთ-ერთ ტრასას ლადო ალექსი-მესხიშვილის სახელი მიენიჭა. ცნობილ ქართველ არქიტექტორს საქართველოს ისტორიის ყველაზე რთულ და გარდამტეხ პერიოდებში მოუწია მოღვაწეობა. მიუხედავად ამისა, მისი პროექტები ინდივიდუალური სტილით გამოირჩეოდა და მაქსიმალურად თავისუფალი იყო ჩარჩოებისა და შეზღუდვებისგან. სპორტის სასახლე, ჭადრაკის სასახლე, ფოსტის შენობა, ვაკის პარკის კასკადი, მეტრო "რუსთაველის" შენობა - ის ძირითადი არქიტექტურული ძეგლებია, რამაც დედაქალაქში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და რომელთა გარეშეც თბილისის წარმოდგენა შეუძლებელია.
ცოტამ თუ იცის, რომ ლადო ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთ მთავარი გატაცება თხილამურებით სრიალი იყო. მომავალი მეუღლეც - ცნობილი ქართველი რეჟისორი - ლანა ღოღობერიძე, სწორედ ბაკურიანში, ერთ-ერთ სპორტულ შეჯიბრზე გაიცნო. მაშინ კოხტაგორა ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებდა და ყველა შეჯიბრი ბაკურიანის ცენტრში, პარკში მიმდინარეობდა. თხილამურებზე შემდგარი ლადო ჩანს ლანას ერთ-ერთ ფილმშიც - ,,წერილი შვილებს”, რომელიც ლანა ღოღობერიძემ ლადოს გარდაცვალებიდან მალევე გადაიღო და შესაბამისად, ეს კადრები - თოვლიან მთებში მთელი სისწრაფით მონავარდე ლადო - რეჟისორისთვის ძალიან ემოციური და მგრძნობიარეა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მათი გაცნობის პირველი დღეების მოგონებებს აღვიძებს.
ლადოს განთქმული სალტოების სტილი, რომელიც გასული საუკუნეში იშვიათობა იყო, დღეს ექსტრემალურ სახეობებს განეკუთვნებიან. ის იყო სამთო-სათხილამურო სპორტის პიონერი საქართველოში და პოპულარიზაციას უწევდა ზამთრის სპორტს ახალგაზრდებში. საგანგებოდ მსოფლიო ჩემპიონატისთვის აგებული უახლესი ტრასისთვის სახელის მინიჭების საზეიმო ღონისძიებას, ლადო ალექსი-მესხიშვილის ოჯახის წევრები დაესწრნენ. ეს ინიციატივა სილქნეტისა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ იყო მხარდაჭერილი.
ისტორია და ტრადიციები გრძელდება ბაკურიანში, რომელიც თაობებს ემახსოვრება, ისევე როგორც პირველი მსოფლიო ჩემპიონატი და ის ორი ყველაზე სანახაობრივი და ექსტრემალური კვირა, რომელმაც 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი აქ, საქართველოში შეკრიბა.
ავტორი: ხატია იათაშვილი
ფოტო: კადრები ფილმიდან "წერილი შვილებს"
დაწერე კომენტარი