ამერიკელი რეჟისორის, ტიმ ბარტონის მომენტალურად ცნობადმა სტილმა პრაქტიკულად ახალ ჟანრს დაუდო საფუძველი, რომელიც დიდწილად მეოცე საუკუნის ექსპრესიონიზმით არის შთაგონებული. ტიმ ბარტონს გოთიკური და მაკაბრე ესთეტიკა ბავშვობიდან უყვარდა - მისი საყვარელი დღესასწაული ჰელოუინი იყო, რომლის დროსაც დედამისის შეკერილ “საშიშ” კოსტიუმებს იცვამდა.
ტიმ ბარტონმა მუშაობა Disney-ში ანიმატორად და გრაფიკულ დიზაინერად დაიწყო და მალევე გამოავლინა საკუთარი სახასიათო სტილი. მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი FrankenWeenie, რომლის ანიმაციური “რიმეიქი” 2018 წელს გამოვიდა, ახალგაზრდა მეცნიერის ისტორიას გვიყვება, რომელიც საყვარელ ძაღლს აცოცხლებს. აქ უკვე კარგად იკვეთება ბარტონის ობსესია ისეთი თემატიკებით, როგორიცაა სიკვდილი და მარტოობა.
მისი ანიმაციური ფილმები, როგორებიცაა Corpse Bride და Nightmare before Christmas, მთლიანად “მკვდრების” და სიკვდილის თემაზეა აწყობილი. საკმაოდ მძიმე ქვეტექსტების მიუხედავად, ეს ფილმები სავსეა ერთგვარი ბავშვური ოპტიმიზმით. ზოგადად, ბარტონის ფილმებს ხშირად ახასიათებს ეს “ბავშვურობა”, რაც გარდა იმისა, რომ ესთეტიკურადაც იკვეთება, პერსონაჟებსაც ეტყობათ - ხშირად ისინი ახალგაზრდები ან ბავშვები არიან, რომელთა ჩვეული ყოველდღიურობაც ტრავმული მოვლენებით ირღვევა.
ბარტონმა თანამედროვე კინოში სევდიანი, ემოციური გამხდარი ბიჭის არქეტიპული ესთეტიკის პოპულარიზაცია მოახდინა. ასეთი პერსონაჟები მის არაერთ ფილმში იჩენენ თავს. ყველაზე ნათელი მაგალითებია: Frankenweenie, Corpse Bride, Miss Peregrine’s Home for Peculiar Children, Dark Shadows... და არამხოლოდ.
ეს ესთეტიკა ფართოდ გავრცელდა როგორც დასავლურ კინოში, ისე ამერიკულ კულტურაში და ნაწილობრივ ემო კულტურაც შთააგონა. ბარტონი პირქუშ და სევდიან პერსონაჟებს ხშირად კონტრასტულ, განათებულ და “ხალისიან” გარემოში გვაჩვენებს. ეს ტენდენცია კარგად ჩანს Sweeney Todd-ში და Edward Scissorhands-ში.
აღსანიშნავია, რომ ბარტონის ისტორიებს დამაჯერებლობას რეჟისორის დეტალებისადმი ყურადღება და ე.წ. worldbuilding მატებს. ამ მხრივ, ბარტონის ფილმებში არქიტექტურას დიდი დატვირთვა აქვს ატმოსფეროს შექმნაში. ბარტონისთვის შთაგონების ძირითადი წყაროა “გოთიკა” და არტ-დეკო, სადაც დიზაინის ელემენტები გაზვიადებულია.
ეს გაზვიადებები - როგორც პერსონაჟების გარეგნობაში და ქცევებში, ისე ზოგადად ბარტონის “სამყაროში” - მის ფილმებს კომიკურობას მატებს და ესთეტიკურადაც საკმაოდ უნიკალურს ხდის. ამ მხრივ ბარტონის ნამუშევრები საინტერესოა როგორც ზრდასრული აუდიტორიისთვის, ისე ბავშვებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ტიმ ბარტონის პრაქტიკულად ყველა ფილმში სასიყვარულო ისტორიებიც იკვეთება. სიყვარული ბარტონის კინემატოგრაფიაში ხშირად უცნაური ან უადგილოა, რაც ყველაზე გამოკვეთილად Nightmare before Christmas-ში ჩანს, თუმცა ამის მაგალითებს ბარტონის ადრეულ ფილმებშიც ვხვდებით, მაგალითად, Beetlejuice-ში და Batman-ში, სადაც catwoman-ს ობსესიურად უყვარს კატები და ალბათ ბეტმენიც, ხოლო ბოროტმოქმედ პინგვინს - პინგვინები.
ბარტონის ფილმებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ალბათ Beetlejuice-ს უკავია, რომელიც გარდა იმისა, რომ ყველა სტილისტურ ელემენტს მოიცავს, რაც მოგვიანებით განსაკუთრებით იჩენს თავს რეჟისორის კინემატოგრაფიაში, ფილმმა ბარტონს გლობალური პოპულარობა მოუპოვა, რისი დამსახურებითაც, ის ამერიკული კინოს ისტორიაში ერთ-ერთ საკულტო რეჟისორად იქცა.
წლების განმავლობაში ბარტონმა უზარმაზარი გავლენა იქონია ამერიკულ კინოზე და ბარტონის ესთეტიკა, ისევე როგორც მისი ისტორიის თხრობის სტილი, მალევე გახდა პოპულარული. ბარტონის მიერ გადაღებული Batman და Batman Returns დღემდე წარმოადგენს შთაგონების წყაროს ბეტმენის თანამედროვე ვერსიებში.
მიუხედავად იმისა, რომ ბარტონის ფილმები ხშირად ეხება მძიმე თემებს, ნარატიულად და ვიზუალურად ისინი ისეა წარმოჩენილი, რომ ბარტონის შემოქმედების ყურება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. ამასთანავე, შეიძლება ითქვას ისიც, რომ ბატონი იყო პირველი, ვინც საზოგადოებაში სიყვარული და თანაგრძნობა გააღვიძა “უცნაური” და არასტანდარტული ადამიანებისადმი, რომლებიც მანამდე ნაკლებად გრძნობდნენ თავს სამყაროს მნიშვნელოვან და ღირებულ ნაწილად.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი