3 მარტს თბილისში ახალი ბასკური რესტორანი - Madre გაიხსნა, რომელიც ქართველ სტუმრებს ესპანური კულტურის ტრადიციებსა და თავისებურებებს გააცნობს. Madre-ს მთავარი კონცეფცია უკავშირდება იმ უძველეს ლეგენდას, რომლის მიხედვითაც ბასკებსა და ქართველებს საერთო წარსული გვაკავშირებს. სწორედ ამ საზიარო ფესვებსა და სხვადასხვა კულტურულ თავისებურებებს გააცოცხლებს Madre, სადაც რეალური ფაქტები და ისტორიული მითები თანაარსებობენ.


Madre მთაწმინდაზე, ბესიკის პარკში, მე-19 საუკუნის ისტორიულ შენობაში მდებარეობს. რესტორნის ინტერიერზე Communal Studio-მ იმუშავა, რომელიც თავისი ხასიათითა და დეტალებით ესპანურ კულტურას პასუხობს. რესტორანი ბევრ სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს - ესპანური ესთეტიკით გადაწყვეტილ ბარს, მისაღებ ოთახს ღია სამზარეულოთი, მშვიდ, მოსასვენებელ სივრცეს ბუხრით და ასევე, გასართობ ოთახს, სადაც მეგობრებთან ერთად განმარტოებას, გართობას და დროის გაყვანას შეძლებთ, სანამ შეკვეთას ელოდებით.


Madre-ში მრავალფეროვანი მენიუ დაგხვდებათ -  პროდუქტები ადგილობრივი ფერმებიდანაა, თევზეული კი - შავი ზღვის სანაპიროდან. Madre-ს კულინარია ავთენტური ბასკური კერძებით არის ინსპირირებული: ღუმელში გამომცხვარი გოჭი - Cochinillo, Txuleta-ს სტეიკი გრილზე, სხვადასხვაგვარი პინჩოები, ტორტიები და ცნობილი ბასკური ჩიზქეიქი. რაც შეეხება ღვინოს, ის სპეციალურად Madre-სთვის ესპანეთის საუკეთესო მეღვინეობის რეგიონში - Rioja Alavesa-ში მზადდება. Madre-ში დაგხვდებათ კოქტეილ-ბარი, სადაც ესპანურ ჯინსა და ლათინო-ამერიკისთვის დამახასიათებელ მეზკალის კოქტეილებს დააგემოვნებთ. 

აღსანიშნავია Madre-ს ინტერიერი, რომელიც ესპანურ ფერთა გამაშია გადაწყვეტილი და ასევე რესტორანში არსებული მსუყე დეტალები ერთიანობაში საოცარ სიმყუდროვეს ქმნის.

მათ, ვისაც Madre-ში სტუმრობა გაქვთ გადაწყვეტილი, მაგიდის წინასწარ დაჯავშნაც შეგიძლიათ. შესაბამისად, საღამოს  ბევრად კომფორტულად და სასიამოვნოდ გაატარებთ. თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ ადგილას გაეცანით ავთენტურ ბასკურ კერძებზე ინსპირირებულ თანამედროვე კულინარიას და დინამიკურ, ხმაურიან ბარში საინტერესო კოქტეილები დააგემოვნეთ.

Communal Company-მ 2017 წლიდან დაიწყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ისტორიულ უბნებში კვების ობიექტებისა და ბუტიკ-ურბანული სასტუმროების გახსნა. თბილისისა და თელავის შემდეგ, სასტუმროს გახსნა ქუთაისშიც იგეგმება. Communal Company-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი- საინტერესო სივრცეების შექმნაა, იმ ისტორიისა და კონტექსტის შენარჩუნებით, რომლებიც მათ შენობებს და ადგილებს გააჩნიათ. სტუმრებისთვის, ეს სივრცეები სიახლის აღმოჩენას, დასვენებასა და საუკეთესო გამოცდილებებს უკავშირდება.

 

ავტორი: ხატია იათაშვილი