მე-20 საუკუნის ამერიკელი მინიმალისტი ხელოვანი - დონალდ ჯადი აქტიურად 50-იანები წლებიდან მოღვაწეობდა. ახალგაზრდა ჯადი თავდაპირველად ფილოსოფიაზე სწავლობდა, შემდეგ ფერწერული ნამუშევრების შექმნა დაიწყო აბსტრაქციის ჟანრში, საბოლოოდ კი, ვიზუალური ხელოვნებითა და ორიგინალური ფორმების შექმნით გაითქვა სახელი. მისმა ინოვაციურმა ხედვამ და დიზაინმა წარმოუდგენელი გავლენა მოახდინა მომდევნო თაობებზეც.

მისი ნამუშევრები, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჯადი ამას კატეგორიულად უარყოფდა, მინიმალისტური ხელოვნების ნიმუშებად მოიაზრება. მის ობიექტებში უმთავრესი დატვირთვა ცარიელ სივრცეს ენიჭება. როგორც თავად აქვს ნათქვამი - რეალური სივრცე ბევრად უფრო მძაფრია, ვიდრე სწორ ზედაპირზე შესრულებული მხატვრობა. ეს ფილოსოფია და პრინციპი დაჰყვება ჯადის აბსოლუტურად ყველა ნამუშევარს - მის ნახატებსაც კი, სადაც ჯადისთვის კვლავ ამ სივრცის შექმნაა უპირველესი მიზანი.


მთელი ორმოცწლიანი შემოქმედების განმავლობაში, დონალდ ჯადი მკაფიოდ და ჯიუტად მიჰყვებოდა თავის არჩეულ მიმართულებას, რომელსაც ზედმიწევნით მკაცრად იცავდა და არასდროს გადაუხვევია - ოთხკუთხა ფორმები, მკვეთრი ფერები, სიმარტივე და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დიდი ადგილი თავისუფალი სივრცისთვის. გარდა ნახატებისა და ობიექტებისა, ჯადი ქმნიდა ავეჯის დიზაინსაც, რომლებიც ასევე იმ სტილითა და პრინციპებითაა შექმნილი.

 

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ჯადი უმეტესად სკულპტურებს ქმნიდა, აქვს რამდენიმე არქიტექტურული პროექტიც. როგორც მოსალოდნელია, მისი შენობებიც ზუსტად მიჰყვება აქამდე არსებულ, კარგად ნაცნობ სტილს - მარტივ გეომეტრიულ ფორმებსა და სივრცით მანიპულაციებს - მის მთავარ შემოქმედებით ხერხს, რომელიც ღია ცის ქვეშ, თავისუფალ ჰორიზონტში, კიდევ უფრო მკვეთრად აღიქმება.

დონალდ ჯადი ნამუშევრების შესაქმნელად უხეშ ინდუსტრიულ მასალებს იყენებდა - ლითონს, ბეტონსა თუ ორგმინას, რომლებსაც ხელოვანები, როგორც წესი,  ნაკლებად იყენებენ  ხოლმე საკუთარი იდეების ხორცშესასხმელად. საკუთარ თავსაც არტისტად ნაკლებად მოიაზრებდა და ხშირად აღნიშნავდა, რომ უბრალოდ ნივთებისა და ობიექტების შემქმნელ იყო და არა ხელოვანი.

ძირითადად, მისი ინსტალაციები წინასწარ განსაზღვრულ მკაცრ პრინციპს მიჰყვება - გეომეტრიული სიზუსტითაა დაცული ყოველ ბლოკს შორის არსებული დისტანცია, იდენტურია ყოველი შემადგენელი ნაწილი. ყველაფერი იმდენად სტერილური, მკაცრი და წინასწარ, ცივი გონებით დაგეგმილ-განსაზღვრულია, რომ  ადგილი აღარ რჩება ემოციისთვის. ალბათ სწორედ ამიტომ არ აიგივებდა ჯადი საკუთარ თავს ხელოვნებასთან, რომელიც ავტომატურად მოიაზრებს ემოციურობას.


ხშირად საკუთარ ქმნილებებს სახელებსაც არ არქმევს. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები, ცნობილია როგორც უსათაურო (Untitled). თითქოს ჯადი ამ მხრივაც ძალიან ძუნწია, თუმცა რაც მეტად გვაბნევს ეს ინფორმაციული თუ გამომსახველობითი მინიმალიზმი, მით მეტად შეგვიძლია, საკუთარი ინტერპრეტაციებით დავინახოთ ყოველი მათგანი. როგორც თავად აქვს ნათქვამი, ხელოვანისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, გარე სამყაროში იპოვოს ის სწორი ურთიერთკავშირი, რომლის გაზრდა/გამრავლებასაც შეძლებს. მისი მთავარი რევოლუციური მიდგომაც სწორედ ამ გამეორებებსა და სხვადასხვა ფორმების ბალანსში მდგომარეობს. ყველაზე მთავარსა და ღირებულსაც სწორედ ამ ურთიერთკავშირების დანახვითა და შექმნით მიაღწია. 

დონალდ ჯადის თითქმის ყველა ნამუშევარში მთავარი მაინც ცარიელი სივრცეა. თითოეულ ობიექტში სწორედ ეს თავისუფალი სივრცე იკავებს ბევრად მეტ ადგილს, ვიდრე კონკრეტული მატერიალური ნივთი. სწორედ სივრცე იყო ჯადისთვის ჩაუნაცვლებელი ,,მასალა”, რომელიც არასდროს იწვევს იმის განცდას, თითქოს ნამუშევარს, რომელსაც უყურებ, რაღაც აკლია ან დაუსრულებელი და არასრულყოფილია. 

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

ფოტო: New Yorker, NY Times, Dezeen, Lamodern, Artbasel