ნიუიორკელი ფოტოგრაფი დეშ სნოუ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ტრაგიკულ სიკვდილამდე - 2009 წლამდე - პოლაროიდით აღბეჭდავდა ახალგაზრდა ამერიკელი ხელოვანების ცხოვრებას. მის დოკუმენტურ ფოტოებში ხშირად ფიგურირებს ძალადობა, დაუმორჩილებლობა, წინასწარ დაუგეგმავი, მოულოდნელობებითა და სირთულეებით სავსე ყოველდღიურობა, სექსი, ალკოჰოლი თუ ნარკოტიკები. სწორედ ამ შეულამაზებელი, პირდაპირი და მოურიდებელი გულახდილობის გამო დეშ სნოუმ მალევე მოიპოვა აღიარება ნიუ-იორკის ანდერგრაუნდის სახელოვნებო წრეებში.
დეშ სნოუს ოჯახი მაღალი ფენის წარმომადგენლად ითვლებოდა. მისი მშობლები აგროვებდნენ ცნობილი ხელოვანების ძვირადღირებულ ნამუშევრებს. სნოუ დაუმორჩილებელი გამოდგა, ახალგაზრდა ასაკიდანვე აუჯანყდა მშობლებს, სახლიდანაც გაიქცა და ნამდვილი ხელოვნების ძიება არა ელიტურ საზოგადოებაში, არამედ პირიქით - ნიუ-იორკის ყველაზე ბნელ, ბინძურ ქუჩებსა და სიღრმეებში დაიწყო. 90-იან წლებში თინეიჯერი სნოუ გაერთიანდა გრაფიტის დაჯგუფებაშიც, რომელიც წვრილმანი ქურდობებით იყო ცნობილი. სწორედ მოპარული კამერით დაიწყო პირველი ფოტოების გადაღება. თავდაპირველი მიზეზი მარტივი იყო - სურდა, თავგადასავლებიანი ღამის შემდეგ, მომდევნო დღის გახსენება ადვილად შესძლებოდა და ჰქონოდა იმის ნათელი დოკუმენტი, რაც წინა საღამოს გადახდა თავს.
დეშ სნოუს პირველი პერსონალური გამოფენა 2005 წელს მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი სურათები წლების განმავლობაში შეგროვილ იმ წამიერ მოგონებებს აერთიანებდა, რომლებიც არათუ მთელი ცხოვრება, შესაძლოა მეორე დღესვე აღარ გახსოვდეს, თუმცა სნოუმ ამ პოლაროიდების დამსახურებით, ეს ყოველდღიური მოგონებები სამუდამოდ შემოუნახა საკუთარ თავს და ისტორიას. ის ფაქტიც, რომ სნოუ ძირითადად პოლაროიდით იღებდა ფოტოებს, პირდაპირ მეტყველებს მისი ცხოვრების სტილსა და პიროვნებაზე - დეშს სურდა კონკრეტულ მომენტში განცდილი ემოციები დაეჭირა და აღებეჭდა, პოლაროიდის კამერა კი ყველაზე მეტად ინახავს და აცოცხლებს ამგვარ ემოციებს.
მისი ყოველი სურათი გულწრფელი პორტრეტია იმ ყოველდღიურობის, რაც ნიუ-იორკის ქუჩებში ხდებოდა - ძალიან პირადული კადრები მისი და მისი მეგობრების ცხოვრებიდან. როგორც თავად ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, არასდროს ჰქონია სირცხვილის განცდა იმ ყველაფრის გამო, რაც მის ფოტოებზეა გამოსახული. მისთვის თითოეული წამი ძალიან ძვირფასია, არაფერს მალავს და არასდროს ეშინია შეულამაზებლად აჩვენოს საკუთარი ცხოვრება.
სნოუსთვის ძვირფასი იყო ნებისმიერი, მათ შორის ყველაზე მწარე მოგონებებიც კი. პირველ გამოფენაზე დეშ სნოუს სხვა მრავალ ნამუშევართან ერთად, საკუთარი სისხლიანი ფოტოც აქვს გამოფენილი. ინტერვიუში კი ღიმილით ჰყვება, როგორ მოუვიდა მეგობართან ჩხუბი, ეს შემზარავი სისხლიანი ფოტო კი ამ დღის მოსაგონარია. ეს პატარა ფაქტი განსაკუთრებით მეტყველებს დეშ სნოუს დამოკიდებულებაზე საკუთარი ცხოვრებისა და ხელოვნების მიმართ, რომლებიც პრაქტიკულად შერწყმული იყო ერთმანეთთან.
მის ფოტოდღიურებში, როგორც წესი, ირღვევა ზღვარი მორალურსა და ამორალურს შორის. ფოტოებზე, რომლებსაც სნოუ იღებს, მუდმივად არეულობა და ქაოსია - კონტროლს მიღმა მყოფი ადამიანები მძაფრად განიცდიან ბევრ სხვადასხვა ემოციას - იტანჯებიან, სტკივათ, ეძინებათ, ბრაზობენ, ხან კი უსაზღვროდ ბედნიერები არიან. ან უმეტეს შემთხვევაში, ეს ორივე, ერთმანეთისგან სრულიად საპირისპირო შეგრძნებები, ერთდროულად ატყდებათ თავს. დეშ სნოუს ფოტოებში, ისევე როგორც მის ცხოვრებაში, ერთმანეთში ირევა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობა - სიმწარე და ნიჰილიზმი, ამავდროულად კი ცხოვრების, ადამიანებისა და ახალი დღის სიყვარული, წამიერი ემოციების დაფასება და სამუდამოდ დამახსოვრება.
ალბათ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც დეშ სნოუს ფოტოები ასეთი აქტუალური გახდა ისაა, რომ როცა მის ფოტოსურათებს უყურებ, საოცარი ავთენტურობის დამსახურებით, თავადაც ხდები თანამონაწილე და მომსწრე ამ ადამიანების ცხოვრების - გრძნობ ყველა იმ სიხარულსა თუ დამცირებას, რასაც ფოტოებიდან მომზირალნი განიცდიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი პირადად არც არასდროს გამოგიცდია.
ავტორი: ხატია იათაშვილი
ფოტო: Cvlnation, Public Delivery, Moran Moran Gallery
დაწერე კომენტარი