ხელოვნებაში სიუჟეტის “ბუნდოვანება” მნიშვნელოვანია, რაც ხშირად დაძაბულობის ან ავისმომასწავებელი მოლოდინის შესაქმნელად გამოიყენება. მაგალითად, ფილმებში, სადაც პერსონაჟები მოულოდნელ ან უცნაურ გარემოებებში აღმოჩნდებიან, ხშირად დაბნეულები არიან და ეს დაბნეულობა მაყურებელზეც ვრცელდება, რის გამოც ის უფრო მეტად ერთვება სიუჟეტში. მეორე მხრივ, ეს ბუნდოვანება ხშირად გამოყენებულია კომიკურადაც, რადგან “დაბნეულობა” საკმაოდ კომიკურიც შეიძლება იყოს.
ამის ნათელი მაგალითია ძმები კოენების A Serious man, სადაც ლარი გოპნიკი ცოლისგან შეიტყობს, რომ მას განქორწინება სურს, რადგან მეზობელთან, საი აეიბელმანთან დიდი ხანია, რაც რომანი აქვს გაბმული. გოპნიკი გაოცებულია ცოლის ღალატით და პირზე ერთი რამ აკერია: “ესთერი (საის გარდაცვლილი მეუღლე) ახლახან მოკვდა”, თუმცა როგორც გოპნიკის ცოლისგან ვიგებთ, ესთერი 15 წლის წინათ გარდაიცვალა.
კოენების ამ ფილმში გოპნიკის და მისი გარემოცვის წარმოდგენები სამყაროზე ძალიან განსხვავებულია, სწორედ ამიტომ პროტაგონისტი მუდმივად დაბნეულია და ეს კომიკურობას ქმნის. ამ მხრივ გოპნიკი მისტერ ბინის მსგავსი პერსონაჟია, რომლის მოწყვეტილობაც გარე სამყაროსგან და მუდმივი დაბნეულობა თუ უტაქტობა კომიკურობის წყაროა.
მეორე მხრივ, იმავე ფილმში ვხვდებით მინიშნებებს, რომ ლარი გოპნიკის ქმედებები მასობრივ ბუნებრივ კატაკლიზმს იწვევს. როცა გოპნიკი გადაწყვეტს, რომ სტუდენტს ქულა ქრთამის სანაცვლოდ მოუმატოს, მას მომენტალურად ურეკავს ექიმი, რომელიც სასწრაფოდ ითხოვს ლარის ნახვას, ხოლო პატარა ქალაქის თავზე, სადაც პროტაგონისტი ცხოვრობს, ტორნადო ჩნდება. ფილმის განმავლობაში ლარის ქმედებები თითქოს ერთმანეთთან დაუკავშირებელ კოშმარებს განაპირობებს, ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით ასე ჩანს, მაგრამ სიმართლე ბუნდოვანია.
ბუნდოვანების და გაურკვევლობის ჰორორი კარგად არის გამოყენებული სტენლი კუბრიკის ფილმში Eyes Wide Shut. აქაც, ტომ კრუზის პერსონაჟი - ბილი, უბრალო იმპულსური ქმედებების შედეგად უცნაურ სიზმრისეულ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარება უჭირს. ბილის მსგავსად, მაყურებელიც დაბნეულია, რადგან ბოლოს საიდუმლო არ იხსნება და სამყარო ისეთივე მისტიკურია, როგორც ფილმის დასაწყისში იყო.
ფილმებში, სადაც პროტაგონისტები ბუნდოვან სამყაროში არიან და სადაც მოვლენათა ჯაჭვი მათთვის გაუგებარია, ამ “ჰორორიდან” გამოსავალი ერთადერთია: შეგუება იმ ფაქტთან, რომ სამყარო მათთვის შეუცნობელია. მაგალითად, Eyes Wide Shut-ში ბილს მეუღლე ეუბნება, რომ სასწრაფოდ რამე უნდა მოიმოქმედონ, ხოლო დაბნეული ბილის კითხვაზე, თუ რას გულისხმობს, ნიკოლ კიდმანის პერსონაჟი უპასუხებს: Fuck.
ასევე ხდება A Serious Man-ში, როცა დაბნეული ლარი გოპნიკი თავის რაბინს კითხვებს უსვამს, ის უპასუხებს, რომ “ეს კითხვები კბილის ტკივილივით არის, ცოტა ხანის შეგაწუხებს, მაგრამ დაიცადე და გადაივლის”.
სამყაროს ინდიფერენტულობა მისტიციზმისადმი ერთადერთი გამოსავალია. ამგვარი გულგრილობა უცნაურობისა და ბუნდოვანებისადმი კომიკურად არის ნაჩვენები ჯარმუშის Dead don’t die-ში, სადაც მოულოდნელად ზომბების აპოკალიფსი იწყება.
მაყურებლის ბუნებრივი ინსტინქტია, რომ სიუჟეტიდან დასკვნის გამოტანა სცადოს ან მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი დაამყაროს. ჯარმუში თავის ფილმში მაყურებელს მასხრად იგდებს და ამ იდეას დასცინის, როცა რონი (ადამ დრაივერის პერსონაჟი) კლიფს (ბილ მიურეი) ეუბნება, რომ მან იცოდა, როგორ ცუდად დამთავრდებოდა ყველაფერი, რადგან ჯიმ ჯარმუშმა მას სრული სცენარი წინასწარ მისცა. ფილმი კი იგი პოპის მონოლოგით სრულდება კაპიტალიზმსა და კონსუმერისტული საზოგადოების უაზრო ბუნებაზე.
კონსუმერისტული საზოგადოების უაზრო და კომიკური ბუნება კარგად არის წარმოჩენილი დევიდ რობერტ მიტჩელის Under the Silver Lake-ში, სადაც სემი (ენდრიუ გარფილდი) ცდილობს, რომ რაღაც გრანდიოზული საიდუმლო ამოხსნას და ყველგან მინიშნებებს ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ სემის მიგნებები რაღაც “მეტანარატივზე” მიუთითებს, რაც უფრო ღრმად ტოპავს სემი ლოს ანჯელესის ბუნდოვან სამყაროში, მით უფრო უაზრო ხდება ყველაფერი. გამოსავალი სემისთვის ერთგვარი აღიარებაა, რომ ყველაფერი უაზროა და მისი ტრაგიკომიკური თავგადასავალი მოულოდნელად მთავრდება.
ფილმის სიუჟეტში, რომელსაც გარკვეული სტრუქტურა აქვს ბუნდოვანების ელემენტების შემოტანით, რეჟისორები თავიანთი პერსონაჟების ადგილას გვაყენებენ და სამყაროს მათი თვალით გვანახებენ. ასეთი ფილმები, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით “გაუგებარია”, ყველაზე ახლოა რეალობასთან, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი თავის ცხოვრებას ხშირად რაღაც ფილმის სიუჟეტად წარმოიდგენს, საბოლოო ჯამში ეს უბრალო მცდელობაა, რომ ქაოსს რაღაც სტრუქტურა მიანიჭოს. თუმცა, ამით რეალობა არ იცვლება და სამყარო ისევ და ისევ იდუმალია - როგორც ლარი გოპნიკის რაბინი აღნიშნავს, “ღმერთი ვალდებული არაა ახსნა-განმარტებები მოგვცეს”.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი