ჩემი შეხვედრა ბილი კაპადიასთან შემთხვევითობამ განაპირობა. პაკისტანში, მისი სახლის სახურავზე, მეგობრების ვიწრო წრეში შევიკრიბეთ ახალი წლის აღსანიშნად. მე ერთი შეხედვით მოვინუსხე. მიუხედავად იმისა, რომ კარაჩის დიდი არქიტექტურული წარსული და ისტორია აქვს, ბილის სახლი თავისი ხასიათით გამოირჩევა და გულგრილს არავის ტოვებს. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ბილი ამ ქვეყანაში ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია. კოლეს დიზაინ სტუდია (COALESCE), რომელსაც ოთხ მეგობართან ერთად უძღვება, პირველი იყო, რომელმაც 2018 წელს პაკისტანი ვენეციის ბიენალეზე წარადგინა. ბილისთან ინტერვიუს ჩასაწერად იანვრის ერთ თბილ საღამოს ისევ მისი სახლის სახურავზე შევხვდით. 

რა არის რეზიდენცია კაპადია შენთვის? 

ეს არის პროექტი, საიდანაც დაიწყო ყველაფერი. მამას ერთ-ერთი ოცნება იყო, რომ მე ოჯახისთვის სახლის დიზაინი შემექმნა და ამეშენებინა კიდეც. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და სიმართლე გითხრათ, ვნერვიულობდი, მაგრამ დავთანხმდი, რომ ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ამეღო. როგორც იცით, ჩვენს კულტურაში მიღებულია, როცა მთელი ოჯახი ერთად ცხოვრობს. მე უნდა შემექმნა კონცეფცია, სადაც მე და ჩემი ძმა ჩვენი ოჯახებით და დედ-მამა ერთად ვიცხოვრებდით, მაგრამ, ამავე დროს, სივრცე ისე იქნებოდა დაგეგმილი, რომ ყველას თავისი დამოუკიდებელი კუთხე და კომფორტი შეენარჩუნებინა. არასდროს მომწონდა ისეთი სახლები, რომლებსაც აშკარად გამოყოფილი ცალ-ცალკე სივრცეები აქვს. ერთიანობის შეგრძნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ მინდოდა, გარედან ერთი შეხედვით ყველა მიმხვდარიყო, რომ ამ სახლში ორი ძმა ცხოვრობს. ვფიქრობ, ყველა სახლს აქვს კომუნიკაციის უნარი. ერთგვარი სარკეა იმ ადამიანების, ვინც მასში ცხოვრობს. ნებისმიერი ტიპის კარგ არქიტექტურაში რამდენიმე განსხვავებული ფენაა გაერთიანებული. არ იყო მარტივი საქმე ჩემი წამოწყება. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ვერსია შევქმენი და მერე ერთ დღეს მამას ისე მოჰბეზრდა ლოდინი, რომ მითხრა - „შენი დრო ამოიწურა, წავალ, სხვა არქიტექტორს დავუკვეთავო“.

ვხვდები, რომ მისი გადარწმუნება მოახერხეთ. და ეს არაჩვეულებრივი სახლიც ახლა არაერთ ადამიანს ტოვებს აღფრთოვანებულს. მეც მათ შორის, რა თქმა უნდა. და მაინც, ამდენ სხვადასხვა ფენაში, რა არის მთავარი, რაც ყველაზე მეტად გეამაყებათ. 

ჩემი მოგონებები ბავშვობაზე გადმოცემული რეზიდენცია კაპადიას იდეაში. მამას ქოხი (ასე ეძახიან ზღვისპირა სახლს პაკისტანში) ჰქონდა სანაპიროზე და თითქმის ყოველი კვირის ბოლოს იქ დავყავდით ხოლმე. ჩემი საუკეთესო მოგონებებიც სწორედ ზღვას უკავშირდება. მიყვარდა დაუსრულებლად ცაში ყურება, სახეზე ზღვიდან მონაბერი ქარის შეგრძნება, ტალღების ხმაური. საკმაოდ რთული იყო ამ ყველაფრის შერწყმა, მაგრამ მოვახერხე. იმ ადგილას, სადაც ჩვენი სახლია განთავსებული, ქარი საკმაოდ ხშირად უბერავს, საუკეთესო ბუნებრივი განათება აქვს და სახლის თითქმის ყველა სივრციდან შესაძლებელია დაინახო ცა. რომელ ოთახშიც უნდა იყო, საშხაპესა და საპირფარეშოშიც კი, მუდმივად გრძნობ ბუნებასთან კავშირს. სახლი თეთრია და საუკეთესოდ ირეკლავს მზეს. კარაჩი საკმაოდ ცხელი ქალაქია, როგორც თვითონ გამოცადეთ, მაგრამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ის ცნობილია საღამოს ნიავით. არსად ისე სასიამოვნოდ არ უბერავს, როგორც აქ. სახლში არ გვაქვს გაგრილების სისტემა. სივრცე ისეა მოწყობილი, საკმარისია ფანჯრის გაღება და ყოველთვის ტრიალებს ნიავი, რასაც სულ სხვა ენერგეტიკა შემოაქვს. ამიტომაც, ორიენტაციის განსაზღვრა ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი იყო შესრულებულ სამუშაოში.      

რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტურა ჰარმონიაში იყოს ბუნებასთან? 

ეგ ხომ ცხადზე ცხადია. როგორც ცოცხალ არსებას, ადამიანს სჭირდება ბუნებასთან სიახლოვე. ეს, ალბათ, ფესვებიდანვე მოდის.  ძალიან გამიმართლა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, რომელიც სხვა მეგაპოლისების მსგავსად ცემენტის ტყედ არის გადაქცეული, ჩემი ხედი ნამდვილი მწვანე ჯუნგლებია. ასე ვზეიმობ ბუნებასთან ურთიერთობას ყოველთვის, როცა ჩემს სახურავზე განვმარტოვდები. გარდა ამისა, სახლის ინტერიერშიც ბევრი სიმწვანე გვაქვს. ძალიან მეამაყება, რომ სულ პირველ სართულზე განსაკუთრებული ხე მაქვს დარგული. მას კარაჩის ხეს ვეძახით, რადგან ძველ ქალაქში საკმაოდ ბევრი იზრდებოდა თავისით. ის იმ ხის შთამომავალია, რომლის ქვეშაც ერთ დროს ბუდა იჯდა და მედიტირებდა, და რომელიც “Bodhi Tree”-ს სახელითაა ცნობილი. ერთხელ ბულბულმა ამ ხეზე ბუდე გაიკეთა და მთელი ოჯახი მოჯადოებული ვიყავით ამ ფაქტით. ზოგადად, ყველას ძალიან გვიხარია, რომ უმარტივესი ელემენტებით და არა მატერიალური ინტერესებით, მე და ჩემმა მეუღლე სამიამ, რომელმაც ინტერიერზე იზრუნა, შევქმენით ბედნიერი კერა, რომელიც ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობასაც აძლიერებს. არც ტელევიზორი გვაქვს და არც საკაბელო ტელევიზია. ამიტომ, როცა სახლში ვართ, უფრო მეტ დროს ვატარებთ „მოცემულ მომენტში“ და ერთმანეთსაც მეტად ვეკონტაქტებით.       

რამდენჯერმე კარაჩის მდიდრულ უბნებში ველოსიპედით გავისეირნე. დავაკვირდი, რომ აქ საკუთარ სახლებს საკმაოდ მაღალი კედლები აქვთ. ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია კედლებს მიღმა რაიმეს დანახვა. სხვათა შორის, თბილისშიც ასეა, მაგრამ ჩვენთან უსაფრთხოება არაა მთავარი მიზეზი. თქვენი სახლი იშვიათი გამონაკლისია. რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება? არ გეშინიათ?  

სწორი დაკვირვებაა. პაკისტანში ძნელია იპოვო სახლი, რომელსაც ჩვეულებრივი ღობე აქვს. სტუდენტი რომ ვიყავი, ერთ პატარა დასახლებაში მომიწია სტუმრობა. იქ პარსების/ფარსელების პატარა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობდა. მათთან ცხოვრებისას პირველად ვნახე სახლები, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ გამყოფი კედლები, ღობეები დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლის იყო და ამან უდიდესი გავლენა იქონია ჩემზე. ვსეირნობდი და აღფრთოვანებით ვაკვირდებოდი სახლებს. საოცრად მეგობრული ენერგია სუფევდა ამ პატარა დასახლებაში. პირდაპირ ქუჩიდან შემეძლო ხალხთან საუბარი, სანამ ისინი საკუთარ აივანზე სადილობდნენ ან სხვა საქმით იყვნენ დაკავებული. და ეს ყველაფერი ზუსტად მაშინ, როცა კარაჩიში ხალხი უზარმაზარ კედლებს აშენებდა. ეს ის დროა, როცა ქალაქში ძალადობისა და კრიმინალის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. მესმის, რთულია, იფიქრო ესთეტიკასა და არქიტექტურულ სილამაზეზე, როცა საქმე შენს სიცოცხლეს და ოჯახის წევრების უსაფრთხოებას ეხება, მაგრამ ეს კედლები გახდა გამყოფი ჩემი ცხოვრებისა სხვისი ცხოვრებისგან. დაიკარგა ერთიანობის, თემის შეგრძნება. მე სწორედ ამ კონცეფციის საწინააღმდეგოდ გავიბრძოლე, ამ საზღვრების დარღვევა ვცადე. თუმცა, ამის საშუალება მხოლოდ იმიტომ მომეცა, რომ ე.წ. დაცულ დასახლებაში ვცხოვრობ, რასაც ინგლისურად “gated society”-ს ვეძახით. 

ანუ, მთლიანი დასახლება ერთი დიდი დამცავი კედლით არის შემოფარგლული და შემოსასვლელს იარაღიანი ბიჭები იცავენ. და მაინც, ეს ერთადერთი სახლია ამხელა დასახლებაში, რომელსაც გამყოფი კედელი არ ამახინჯებს. პირიქით, დასავლეთის მხარის ფასადი საკმაოდ ორიგინალურია. რაიმე ფუნქცია აქვს თუ უბრალოდ, სილამაზისთვისაა ასე გადაწყვეტილი?      

რა თქმა უნდა, ფასადიც წინასწარაა გათვლილი. თუმცა, ვერ დავიკვეხნი, რომ ჩემი იდეაა. ჯალი, ჯაფრი და ზოგადად, ბრეზოლეს იდეა პაკისტანში დასავლეთიდან დიდი ხნის წინ შემოვიდა. ჰაერის გაგრილების ეს ბუნებრივი გზა მე მინდოდა სახლის ხასიათის ნაწილად გადამექცია, ამიტომაც ეს კედელი მთლიანად ასეთ სტილში გადავწყვიტე. გარდა ამისა, ასე კიდევ ერთხელ შევახსენებ კარაჩის, რომ უკვე ვკარგავთ სულ რაღაც 50-60 წლის წინ შემოსულ საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო არქიტექტურულ ელემენტებს. 

თუ სწორად მესმის, თქვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ტრადიციების შენარჩუნება. რატომ? 

ნამდვილად ასეა. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით და დიდი ხნის დაკვირვებით, შემიძლია ვთქვა, რომ თუ გინდა საზოგადოება დაამცირო, პირველ რიგში მათი ისტორია უნდა მოსპო და გაანადგურო. მაშინ, როცა ამ სახლს ვაპროექტებდი, მქონდა ამბიცია, რომ ჩემი თაობისთვის შემენარჩუნებინა ის, რაც არქიტექტურის საშუალებით ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციას ძალუძს. ის, რაც პოლიტიკური მიზეზების გამო ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქალაქის სახეცვლილებას იწვევს, ჩემთვის დიდი სიმახინჯეა და მხოლოდ ამპარტავნებაზე მიუთითებს. ჩემი იარაღი ამ ყველაფრის წინააღმდეგ საბრძოლველად დიზაინი და არქიტექტურაა.  

ვიცი, რომ თქვენი სტუდია საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობს და არამხოლოდ პაკისტანში. რა გახდა ამ წარმატების ფორმულა? 

დიზაინი მუდმივი ცვლილებაა. მნიშვნელოვანია მოქნილობა, რომ მოვლენებს მიჰყვე და სწორად განვითარდე. ყოველ წელს რაღაც ახალს აღმოვაჩენთ და შევიგრძნობთ. შესაბამისად იცვლება ჩვენი მიდგომაც არქიტექტურისადმი. ამ ეტაპზე ჩემი და ჩემი პარტნიორების მთავარი სიძლიერე კოლაბორაციაშია. ვფიქრობთ, რომ რაც უნდა მაგარი პროფესიონალი იყო შენს სფეროში, სხვისი აზრების გაზიარება და თანამშრომლობა შედეგებს კიდევ უფრო აძლიერებს. ამ ათი წლის განმავლობაში ხუთი არქიტექტორი ვმუშაობთ ერთად და სამომავლოდ სერიოზული გეგმები გვაქვს. 12 წელი ჩვენს სფეროში დიდ დროდ არ ითვლება, მაგრამ უკვე ვამჩნევთ, რომ სხვები ჩვენს იდეებს და დიზაინს იმეორებენ, რაც ალბათ იმის ნიშანია, რომ მოსწონთ ჩვენი სტილი და პროექტები. 2014 წლიდან ვმონაწილეობთ მსოფლიოს წამყვან გამოფენებში  -  დუბაიში, ტოკიოში, მაიამიში, ვატარებთ ონლაინლექციებს წამყვან უნივერსიტეტებში, მაგალითად, ჰარვარდში. 

როგორ ფიქრობთ, ის ფაქტი, რომ პაკისტანიდან ხართ, თქვენ მიმართ ყურადღებას უფრო ზრდის? 

მე ვფიქრობ, რომ - კი. საერთაშორისო არტ-გამოფენებზე მუდმივად ეძებენ ახალ ტალანტებს და იდეებს, ასევე ორიგინალურობას. დიზაინის სფეროში ჩვენი ქვეყანა ჯერ არ არის ცნობილი და ნამდვილად უკვირთ, როცა ჩვენს პროექტებს და შესაძლებლობებს აღმოაჩენენ.  

ესე იგი, შეჩვეული ხართ და არ გეწყინათ, ასე ძალიან რომ გამიკვირდა თქვენი სახლის აღმოჩენა შუაგულ პაკისტანში. მაინტერესებს, ვენეციის ბიენალეს როგორ გაიხსენებთ? 

ოჰ, ბიენალე ნამდვილი თავგადასავალი იყო. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი დაბრკოლება შეგვექმნა აქვე, საკუთარ ქვეყანაში იმისთვის, რომ ჩვენს შექმნილ პავილიონს ვენეციამდე ჩაეღწია. არ დაგიმალავთ, პროცესში ისეთი შფოთვა დამეწყო, რომ შოკში ვიყავი. მახსოვს, ვიტირე კიდეც. ამ ქვეყანაში ბევრი არ არის ამაყი მოქალაქე, სამწუხაროდ. არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც სრულიად გაუგებარია, რამხელა მიღწევაა ვენეციის პრესტიჟულ ბიენალეზე წარადგინო ქვეყანა. ერთ-ერთმა სახელმწიფო მოხელემ, მაშინდელი დაანგარიშებით, ოცი ათასი დოლარი მოგვთხოვა იმისთვის, რომ ინსტალაცია საბაჟოზე გაეტარებინათ. სხვა დეტალებით თავს არ შეგაწყენთ. საბოლოო ჯამში, ვენეციაში რომ ჩავედით, დარწმუნებულები არ ვიყავით, გემი ჩამოგვისწრებდა თუ არა. ბოლო წუთებში ჩამოსული ინსტალაცია საკუთარი ხელებით ჩქარ-ჩქარა ავაწყვეთ. საბედნიეროდ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ყველაფერი დაგვიფასდა. 

ჩვენი პავილიონი თანამედროვე რეალობაში მიმდინარე უაზრო და დაუგეგმავი მშენებლობების გამო თავისუფალი სივრცის ნაკლებობაზე ამახვილებდა ყურადღებას. ბიენალეზე შევქმენით ვიწრო სივრცე ოთხი საქანელას დახმარებით, რომელიც ეფექტურად მუშაობდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანები ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. ეს ერთგვარი პოლიტიკური გზავნილიც იყო ჩვენი მხრიდან. საოცრად ამაყები ვიყავით და ვართ, რომ არაერთი სხვა ქვეყნის მოქალაქემ გაიზიარა ჩვენი დარდი იმ მომენტში.   

 

ავტორი და ფოტოგრაფი: თაკო კობახიძე