სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ამერიკული კინოაკადემიის 95-ე დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ტრადიციულად ჰოლივუდში, დოლბის თეატრში გაიმართა. ღონისძიებას ჯიმი კიმელი უძღვებოდა.

 


 

2023 წლის მთავარი ფილმი Everything Everywhere All At Once გახდა, რომელმაც ჯამში 7 ჯილდო დაიმსახურა სხვადასხვა - მათ შორის, წლის მთავარი ფილმის, სცენარისა და მონტაჟის ნომინაციებში.

 

Everything Everywhere All At Once-ში შესრულებული როლისთვის ოსკარი გადაეცა მიშელ იეოსაც, როგორც საუკეთესო მსახიობ ქალს. ამ ფილმის გამო დაიმსახურეს ჯილდოები ჯეიმი ლი კერტისმა და კე ჰუი ქუანიმაც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლების შესრულებისთვის. Everything Everywhere All At Once-მა გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაშიც, რისთვისაც ოსკარი დენიელ კუანმა და დენიელ შაინერტიმა მიიღეს.


რაც შეეხება საუკეთესო ანიმაციას, არ ყოფილა გასაკვირი, რომ ამ ნომინაციაში ოსკარი გილერმო დელ ტოროს პინოქიოს ხვდა წილად. 

 

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში კი გამარჯვებული ბრენდან ფრეიზერი გახდა ფილმიდან - The Whale. 

 

პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის დაჯილდოებაც, სადაც ოსკარი რუსი ოპოზიციონერის - ალექსეი ნავალნის შესახებ გადაღებულმა ფილმმა  - Navalny - დაიმსახურა. დაჯილდოებისას სცენაზე ნავალნის ცოლი - იულია ნავალნაიაც ავიდა, რომელმაც სიტყვით მიმართა მაყურებელს.


ოსკარის გარეშე არ დარჩენილა ავატარიც, რომელმაც საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის დაიმსახურა ჯილდო.

 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე