თიბისი კონცეპტი, რომელიც მუდმივად ცდილობს ახალი, საინტერესო წამოწყებები შესთავაზოს თავის მომხმარებელს, საქართველოს მასშტაბით სამოგზაურო ტურებს იწყებს! თავგადასავლებით სავსე შემეცნებით მარათონში ჩართვა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. პირველი დანიშნულების ადგილი ქართლია - მხარე, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა თავისი მდიდარი ისტორიითა და კულტურით - რეგიონში მრავალი, ერთ დროს დიდებული, ახლა კი მივიწყებული სასახლეა მიმოფანტული. 22-23 აპრილს თიბისი კონცეპტი, “მოგზაურის” გუნდთან ერთად, გთავაზობთ ორდღიან ტურს ამ ისტორიულ მხარეში.

 

მოგზაურობის პერიოდში ახლოს გაეცნობით მე-19 - მე-20 საუკუნეების თავადებისა და დიდგვაროვნების ყოველდღიურობასა და კულტურულ ცხოვრებას, მათ ციხესიმაგრეებს, სასახლეებს, ლეგენდებსა თუ ნამდვილ ისტორიებს.

თქვენ მოხვდებით სოფელ გარიყულაში - მარშლიანთ სასახლეში, ასევე სოფელ ლამისყანაში - ამჟამად ნანგრევებად ქცეულ ქსნის ერისთავების სასახლეში, სადაც დავით გურამიშვილის ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას მოისმენთ. იქვე, ახლოს მდებარეობს ჯამბაკურ-ორბელიანის სასახლე-მუზეუმიც, რომელიც ილია ჭავჭავაძის მეგობრების - ალექსანდრე ორბელიანის და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის ისტორიას ინახავს. გარდა ამისა, შესაძლებლობა გექნებათ, აღმოჩნდეთ მუხრანბატონებისა და ამილახვართა სასახლეებშიც და კიდევ სხვა არაერთ ისტორიულ ადგილას. 

თქვენთან ერთად იმოგზაურებენ და ტურს გაუძღვებიან როგორც ისტორიკოსები, ასევე ქართლის ადგილობრივი მკვიდრნი, რომლებიც დეტალურად მოგითხრობენ ძველ ისტორიებსა და გადმოცემებს.


ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილი ქართლის ღირსშესანიშნაობების ექსკურსის პარალელურად, მონაწილეებს ატენის ხეობაში მდებარე საკუთარ სასტუმროში უმასპინძლებს, სადაც ატენური ღვინის დეგუსტაცია მოეწყობა. გარდა ამისა, ტურის მონაწილეები თონეში პურისა და ნაზუქის ცხობასაც გამოცდიან.


ქართლის წარსულში მოგზაურობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება გუგა კოტეტიშვილთან ერთად, რომელიც სოფელ გუდალეთში, მამის - ცნობილი ქართველი მთარგმნელისა და ლიტერატურათმცოდნის - ვახუშტი კოტეტიშვილის 30 წლის წინ საკუთარი ხელით აშენებულ, ახლა უკვე სახელოსნო-სახლში გიმასპინძლებთ.


ტურის დასასრულს მუხრანბატონის სასახლეში მოეწყობა შეხვედრა რეჟისორ ლევან წულაძესთან. საუბრის მთავარი თემა იქნება აზნაურთა სოციალურ-კულტურული ცხოვრების დეტალები, ასევე გიორგი ერისთავის ღვაწლი და ქართული კლასიკური თეატრის საფუძვლები.

 

თიბისი კონცეპტისა და მოგზაურის ეს წამოწყება არ იქნება ერთჯერადი. ქართლის შემდეგ - ზაფხულსა და შემოდგომაზე - იგეგმება მოგზაურობები სამცხე-ჯავახეთში, ტაო-კლარჯეთსა და რაჭა-ლეჩხუმში. სასიხარულო ინფორმაციაა ისიც, რომ ტურის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება. რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონცეპტ-ასისტენტს: 032 2 27 27 00,
ხოლო დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ “მოგზაურის” გუნდს:
599 908 906

599 380 817

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

ფოტო: ზაქარია ჭელიძე, Château Mukhrani • შატო მუხრანი