იტალიური ნეორეალიზმი, რომელიც მოგვიანებით ლიტერატურაშიც გავრცელდა, პირველ რიგში, მაინც 1940-50-იანი წლების კინემატოგრაფიას მოიაზრებს. ამ პერიოდში გადაღებული ფილმები ძირითადად ფაშიზმისა და მეორე მსოფლიო ომის მძიმე შედეგებს გამოხატავდა და ყოველგვარი შელამაზებისა და თვალის დახუჭვის გარეშე აჩვენებდა იტალიის ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს.
ნეორეალიზმის მიმდინარეობა იმ პერიოდის კინემატოგრაფიაში პოპულარული ე.წ. Telefoni Bianchi - „თეთრი ტელეფონების“ საწინააღმდეგო მოძრაობა იყო, რადგან თეთრ ტელეფონებად წოდებულ ფილმებში ყველაფერი ბუტაფორიული, ყალბი და მოჩვენებითად ლამაზი ჩანდა, აცდენილი და დაშორებული იმ მტკივნეულ რეალობას, სადაც იტალია და იტალიელი ხალხი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა. ნეორეალისტმა რეჟისორებმა - ვიტორიო დე სიკამ, რობერტო როსელინიმ თუ ფედერიკო ფელინიმ, სწორედ ის ავთენტურობა და გულწრფელობა დაუბრუნეს კინოს, რომელსაც ასე დაშორებული და მონატრებული იყო მაყურებელი.
იტალიელი რეჟისორები ცდილობდნენ ეჩვენებინათ უბრალოდ ადამიანების ყოველდღიურობა, მათი სატკივარი და მძიმე ცხოვრების ხვედრი. შესაბამისად, როგორც წესი, ნეორეალისტი რეჟისორები არაპროფესიონალ ადამიანებს ირჩევდნენ მსახიობებად, რაც კიდევ უფრო დოკუმენტურს, ცოცხალსა და ემოციურს ხდიდა მათ ფილმებს. მსახიობები თავიანთ რეალურ გამოცდილებებსა და ტკივილს აჩვენებდნენ ეკრანზე და ამიტომ ყველა ისტორია, რომლებსაც ისინი მოგვითხრობენ, გულწრფელი ემოციითაა შესრულებული.
იმ პერიოდის იტალიაში ყველაზე დიდი და სახელგანთქმული კინოსტუდიათა კომპლექსი - Cinecittà - რომში მდებარეობდა. კინოსტუდია ომის პერიოდში, დაბომბვის შედეგად, ნაწილობრივ განადგურდა, ომის შემდეგ კი იქ ლტოლვილები შეასახლეს. მიუხედავად ამისა, რეჟისორები არ დანებდნენ არც განადგურებულ კინოსტუდიას, არც ეკონომიკურ პრობლემებს და არც იმას, რომ იმ მძიმე დროებაში კინოსა და ხელოვნებისთვის, ერთი შეხედვით, არავის სცხელოდა. ყველა დაბრკოლების მიუხედავად, გადაღებები, არაპროფესიონალი და გამოუცდელი მსახიობებით, მაინც განაგრძეს ქუჩებში.
მძიმე ფსიქოლოგიური ფონი, უსამართლობა და სასოწარკვეთა ყველაზე ნათლად იკვეთება ნეორეალისტური კინოს ერთ-ერთ მთავარ შედევრში - ვიტორიო დე სიკას - ,,ველოსიპედის გამტაცებლებში”, რომელიც მამა-შვილის ურთიერთობისა და მათი თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს. მორალური დილემა, რომლის წინაშეც პერსონაჟები აღმოჩნდებიან, კიდევ უფრო ამძაფრებს იმ ადამიანურ ტრაგედიას, რაც უსახსრობასა და უსამართლობას მოაქვს.
იტალიური ნეორეალიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იყო რობერტო როსელინიც. მისმა ფილმმა ,,რომი - ღია ქალაქი”, სადაც მოქმედება ნაცისტების მიერ ოკუპირებულ რომში მიმდინარეობს, 1945 წელს ოქროს პალმის რტოც დაიმსახურა. ფილმის სცენარის ავტორი ასევე გამორჩეული იტალიელი რეჟისორი - ფედერიკო ფელინი გახლავთ. მისი ფილმები - ,,გზა” და ,,კაბირიას ღამეები” იტალიური ნეორეალიზმის იდეალური მაგალითია - ორივე ფილმში მთავარ როლებს ფედერიკო ფელინის მეუღლე, საკულტო იტალიელი მსახიობი - ჯულიეტა მაზინა ასრულებს. ორივე ფილმში ჯულიეტას გულუბრყვილო პერსონაჟის როლში ვხვდებით, რომელსაც მუდმივად აქვს უკეთესი ცხოვრებისა და ადამიანების იმედი და რომელსაც ყოველ ჯერზე უცრუვდება ეს ბავშვური და მიამიტური ოცნებები.
აღსანიშნავია ,,კაბირიას ღამეების” ფინალიც, სადაც გაბრიელა, მას შემდეგ რაც ცხოვრება უსამართლოდ მოექცევა - შეყვარებული სასტიკად მოატყუებს და ყველაფერი ხელიდან გამოეცლება, ფილმის ბოლოს ქუჩაში განადგურებული მიაბიჯებს. უიმედო და დადარდიანებულ გაბრიელას გზად ახალგაზრდა მოცეკვავეთა გუნდი ჩაუვლის, გაბრიელა წამით დაივიწყებს თავის სასოწარკვეთას, ბედნიერ ხალხს თვალს გააყოლებს და თავადაც იღიმის. ალბათ სწორედ ეს დამოკიდებულებაა ყველაზე მეტად დამახასიათებელი იტალიური ნეორეალიზმისთვის - სიხარულისა და იმედის შეგრძნება ყველაზე მძიმე წუთებშიც კი.
აღსანიშნავია ცნობილი იტალიელი რეჟისორი - ლუკინო ვისკონტიც და მისი 1948 წელს გადაღებული შედევრი - ,,მიწა ცახცახებს”, რომელიც რეჟისორმა სიცილიაში გადაიღო და მასში მხოლოდ არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ. ასევე, ვისკონტის გამორჩეული ფილმებია - ,,ულამაზესი” ანა მანიანის მონაწილეობით და ,,როკო და მისი ძმები” ალენ დელონის მონაწილეობით.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ნეორეალისტური კინოს მთავარი პერსონაჟებად ხშირად გვევლინებიან ბავშვები - პაციფისტურ ფილმებში ყველაზე უკეთ სწორედ ბავშვების მაგალითით ჩანს, თუ რამხელა ბოროტება და სისასტიკე მოაქვს ომს უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის. მთავარ პერსონაჟებად ბავშვებს ვხვდებით ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა - ,,ყველაზე ლამაზი”, ,,ჩოჩარა” ,,ველოსიპედის გამტაცებლები”.
ეს პერიოდი კინოს ისტორიაში გამორჩეული იყო საკულტო, დასამახსოვრებელი მსახიობებითაც, რომლებიც თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც არ კარგავენ აქტუალობას. სოფი ლორენი, ანა მანიანი და მარჩელო მასტროიანი იმ პერიოდის ევროპული კინოს მთავარი სახეები იყვნენ, რომლებიც როგორც კინოში, ასევე მოდასა და სხვა კულტურულ სფეროებში წარმოადგენდნენ მისაბაძ მაგალითს ფართო მასებისთვის. მათმა როლებმა და საკულტო პერსონაჟებმა შექმნეს სახე-ხატები, რომელთა გარეშეც კინოს ისტორია ძალიან ღარიბი და უფერული იქნებოდა.
მიუხედავად მრავალი ღირსებისა, იტალიური ნეორეალიზმის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა მაინც ჰუმანურობაა. ისტორიები ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარი ტანჯვის მიუხედავად, მაინც შესწევთ სხვებზე ზრუნვის უნარი. ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც ერთ უსამართლობას მალევე მოსდევს მეორე - პერსონაჟები მუდმივი მორალური დილემების, შიმშილისა და ყოველდღიური უსამართლობების ზღვარზე არიან, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, არ კარგავენ სიკეთის, ემპათიისა და ბედნიერების აღქმას. ტკივილთან და გაჭირვებასთან ერთად მაინც გულღია, მიმტევებელ და კეთილშობილ ადამიანებად რჩებიან. რობერტო როსელინი ხშირად ამბობდა, ვცდილობ, დავიჭირო რეალობა და სხვა არაფერიო. რეალობას კი იმ პერიოდის იტალიაში სწორედ ეს იმედი და ყველაზე მძიმე დროსაც კი ბედნიერების უნარი წარმოადგენდა - ის მთავარი ადამიანური თვისებები, რის გამოც იტალიური ნეორეალიზმი დღემდე რჩება ერთ-ერთ გამორჩეულ მიმდინარეობად კინოს ისტორიაში.
ავტორი: ხატია იათაშვილი
ფოტო: Blog Culture, Miriconosci, Pleasure Photoroom, Movements in Film, Cdm, Port.hu
დაწერე კომენტარი