ესპანელი ხელოვანი რაულ დიაზ რეიესი, რომლის შემოქმედებაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ცნობილ გალერეებსა და მუზეუმში გამოფენილა, მისი უსაზღვრო ნამუშევრებით არის გამორჩეული. არტისტი თამამად არღვევს დისციპლინათა შორის არსებულ საზღვრებს და არასტანდარტული მედიუმის შექმნით ახალი თვალით ანახვებს დამთვალიერებელს მის გარშემო არსებულ რეალობას. დაგროვებული მასალებითა და განსაკუთრებული არქიტექტურული ხედვით შექმნილი ნამუშევრები ქალაქებზე, მის მცხოვრებლებზე, მათ შორის მუდმივ მოძრაობასა და ურთიერთობაზე გვესაუბრება. რეიესის შემოქმედებაში არ არსებობს ტექნიკური კანონები და ლიმიტირებული განზომილებები.

არტისტისა და მისი შემოქმედების უკეთ გასაცნობად Hammock Magazine Window Project-თან ერთად გთავაზობთ ინტერვიუს ხელოვან რაულ დიაზ რეიესთან.
 

როდის და როგორ აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მხატვრობაში?


ბავშვობიდანვე საკუთარი თავი მაგიდის ქვეშ ფანქრებითა და ფურცლებით გარშემორტყმული მახსოვს და მაშინ ძალიან მომწონდა კომიქსების კითხვა და მისი ესთეტიკა.  თინეიჯერობის დროს, როდესაც მეც და ჩემმა მეგობრებმაც წვეულებებზე სიარული დავიწყეთ, მახსოვს, სანამ მათ შევხვდებოდი, მანამდე მუზეუმებში დავხეტიალობდი. ეს ჩემთვის ბუნებრივი პროცესი იყო, რომელიც საბოლოოდ ხელოვნების საფუძვლიან სწავლაში გამოვლინდა. ამის შემდეგ ნელ-ნელა ვდგამდი რაღაც ნაბიჯებს და ვვითარდებოდი ამ მიმართულებით, რომელიც უამრავი სირთულით იყო სავსე, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ამ პროფესიის საინტერესო და განსაკუთრებული თანამდევი ნაწილია. 

რას ნიშნავს შენთვის ხატვა? 
 

როგორც შემქმნელს, მხიბლავს ამ ენის ის სიახლოვე და ინტიმურობა, რომელიც ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის პირისპირ ტოვებს. მე, ჩვეულებრივ, საკუთარ პროექტებზე მუშაობისას სხვა მედიუმებს ვიყენებ, რომელიც პროცესში სხვადასხვა ადამიანის ჩართულობას გულისხმობს, თუმცა ის სიახლოვე და ინტიმურობა, რაც არტისტსა და ნამუშევარს შორის არსებობს, ჩემთვის უნიკალურია.


ბოლო წლებში თქვენი სამუშაო მედიუმი მნიშვნელოვნად შეიცვალა. რამ განაპირობა თქვენი შემოქმედების მხატვრობიდან სკულპტურაში გადანაცვლება?

კარიერის დასაწყისში ძირითადად ფერწერასა და გრავიურაზე ვმუშაობდი, თუმცა მას შემდეგ, რაც 2013 წელს სტიპენდიით ნიუ-იორკში წავედი და 15 სხვადასხვა არტისტთან ერთად მომიწია მუშაობა, მივხვდი, რომ ცოტახნით გვერდით უნდა გამეწია ყველაფერი, რასაც აქამდე ვაკეთებდი და არ შემშინებოდა, მეცადა ახალი გზები საკუთარი თავის გამოსახატად. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი ქალაქის ის მრავალფეროვანი კულტურული მახასიათებლები გახდა, რომელთაც არაჩვეულებრივ გამოფენებზეც ვაწყდებოდი. მაშინდელი მოგონებებიდან ყველაზე მძაფრად იზა გენცკენის და მაიკ კელის ანთოლოგიური გამოფენები მახსოვს, რაც ჩემთვის კიდევ ერთი ბიძგი იყო სხვადასხვა მედიუმში მეცადა საკუთარი თავი. ამის შემდეგ, როდესაც მადრიდში დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სხვანაირად იყო და ვაკეთებდი იმას, რაც მსურდა, თუმცა ეს არ გულისხმობს იმ ფაქტს, რომ ყოველთვის მართალი ხარ. 


არსებობს თუ არა კონკრეტული იდეები და თემები, რაც ხშირად თქვენი შთაგონების წყაროა და მუდამ უბრუნდები, როგორც მუდმივი კვლევის არეალს?

ბოლო წლებში ჩემი ინტერესის სფერო ურბანული სივრცით, მასში ადამიანის განზრახ თუ უნებლიე ინტერაქციითა და მისი ცვლილებებით იყო მოცული. ბოლო ხუთი წელია ამ თემებზე ვმუშაობ, ახლა კი თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ. ხშირად თვალყურს ვადევნებ ჩემთვის შთამაგონებელი არტისტების ნამუშევრებს, რადგან, ვფიქრობ, უსაზღვროა სწავლის შესაძლებლობები. 



მოგვიყევით თქვენი კომპოზიციის აგების პროცესზე – საიდან იწყებთ?

ძირითად დროს საკუთარ სტუდიაში ვატარებ, სადაც ეგრეთწოდებულ სამუშაო საათებში ვმუშაობ. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. ხშირად დაკავებული ვარ სავარჯიშოებით, ვამოწმებ მასალას და ნივთებს, თუ როგორი კავშირი აქვთ ერთმანეთთან, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მასალა თვითონ მოქმედებს, როგორც კრეატიული გენერატორი.



მოგვიყევით უფრო ვრცლად Dapple and Dazzle პროექტის შესახებ, რისი თქმა გსურდათ ამ გამოფენით?

Dapple and Dazzle ჩემი და გერმანელი არტისტის, კოლინ პენოს ერთობლივი ნამუშევარია, რომლის გამოფენაც მოსკოვში შედგა. პროექტი ფერს, ფორმას, სივრცესა და საგანს შორის ურთიერთობების ძიების პროცესს გულისხმობს, რომელიც საბოლოოდ ოსკარ შლემერის ბალეტის ფუტურისტული სიმულაციით სრულდება. 


თქვენს ნამუშევრებში ერთნაირი ყურადღება ექცევა, როგორც ობიექტის შიგნით დამალულ, ფრაგმენტულ მნიშვნელობას, ასევე თავად ობიექტს. რა არის ამის მიზეზი?

ნამუშევარი მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის შედეგია, რომელიც დამთვალიერებლის ინტერპრეტაციასა და გამოსახულების აღქმის მრავალფეროვან შესაძლებლობებს მოიცავს. იმას, თუ რას ვთავაზობთ და რას ვმალავთ მასში. 

 

თქვენი პროექტი Vocabulary For Settling Vertigos არა მხოლოდ ინსტალაციას, არამედ ვიდეონამუშევარსაც მოიცავდა. გარდა ამისა, როგორც შევნიშნე, თქვენს ახალ ნამუშევარს, Jardins-ს ჩიტების ხმაც ერთვის თან, რომელიც სწორედ ამ პროექტისთვის შექმენით - თითქოს ისეა, რომ მუდამ საკუთარი თავის გამოხატვის ახალ გზებს ეძებთ? 

ვიდეო და მუსიკა ჩემთვის არც ისე ნაცნობი მედიუმებია, თუმცა ამ ფრაგმენტებმა ორივე პროექტი შეავსო და დაასრულა. ორივე შემთხვევაში ჩემთვის გამორჩეული არტისტები დამეხმარნენ და როდესაც პროფესიონალთა წრეში ხარ, უფრო მარტივია მამაციც იყო. 


არის თუ არა რომელიმე თქვენი ნამუშევარი, რომელიც განსაკუთრებით მოგწონთ?

ალბათ, ვიტყოდი Jardins, რომლის პრეზენტაციაც სექტემბერში Ponce + Robles გალერეაში შედგა. მთელი პროექტი ერთ თვეში შეიქმნა, რომელსაც თან ბევრი სამუშაო ახლდა - სკულპტურები, კოლაჟები, ჩიტების ხმა. გამოფენას იზაბელა ლენცი კურატორობდა, რომელიც ყველაფერში ძალიან დამეხმარა. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ამ სფეროში ასეთ გამორჩეულ ადამიანებს ვხვდებით. 

რას ფიქრობთ ქართულ სახელოვნობო სივრცეზე, არქიტექტურასა და დიზაინზე? 

ჩემთვის ძალიან საინტერესოა ისეთი უნიკალური იდიოსინკრაზიის მქონე ქალაქები, როგორიც კლასიკური არქიტექტურით გამორჩეული თბილისია. რაც შეეხება თანამედროვე ხელოვნებას, სოციალურ მედიაში Erti Gallery-ის პროგრამას ხშირად ვადევნებ თვალს და დიდი იმედი მაქვს მომავალში გესტუმრებით. 


რა ემოცია გინდათ იგრძნოს მან, ვინც თქვენს ნამუშევარს ნახულობს?

ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელიც ინფორმაციებითა და სხვადასხვა გამოსახულებით გადატვირთულია. ამრიგად, უბრალოდ მნახველთა ყურადღების მიპყრობა, მათი შეჩერება და ნამუშევარზე დაკვირვება ჩემთვის უკვე რაღაც სახის მიღწევას წარმოადგენს.



ყველაზე მეტად რა გხიბლავს საკუთარ პროფესიაში? 

ყველაზე მეტად ის პროცესი მომწონს, რაც სტუდიის შიგნით ხდება. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე სოციალური ადამიანი ვარ, ამ პროფესიამ საშუალება მომცა ბევრი მემოგზაურა და უამრავი საინტერესო ადამიანი და მეგობარი შემეძინა. 


როგორ დაუხასიათებდი შენს შემოქმედებას მას, ვისაც შენი ნამუშევრები არასდროს უნახავს?


შერეული მედია.

არის რაიმე, რასაც ჟურნალი Hammock-ის მკითხველს ურჩევდით, რომ გაითვალისწინოს? 

მათ კარგი გემოვნება აქვთ. 

როგორ ხედავ საკუთარ თავს ახლო მომავალში?

ამ კარანტინის შუაგულში მყოფისთვის ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ნამდვილად რთულია, თითქოს სამყარო შეიცვალა და უნდა ვეცადოთ უკეთ გავუგოთ. მე ვეცდები გავაგრძელო მუშაობა და დაველოდები შესაძლებლობას, რათა ისევ ვიმოგზაურო. 

Vocabulary for settling vertigo video