Reckless 2020 წლიდან ქმნის ტანსაცმელსა და აქსესუარებს ქართველი თინეიჯერებისთვის. წელს პარიზის მოდის კვირეულზე ბრენდმა თავისი ნამუშევრები პირველად წარუდგინა მსოფლიოს - 3RdEye Showroom-ზე.

 

რექლესის პარიზის შოურუმზე წარმდგენი თიბისის პლატფორმა ,,ახალი თაობისთვის" გახლდათ. თიბისის ბრენდ-მენეჯერის, მარიამ მიქელაშვილის თქმით, ,,თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა, მათ გვერდში დგომა და განვითარების გზაზე ხელშეწყობა განსაკუთრებით ღირებულია. რექლესმა, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, მალევე მოიპოვა წარმატება და შეძლო ქართველი ახალგაზრდებისთვის თავის შეყვარება. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, დიზაინერების საქმის მიმართ მიდგომა, დაგროვილი გამოცდილება და პროფესიონალიზმი ჩვენთვის შთამაგონებელია. გვიხარია, რომ რექლესი გასცდა საქართველოს ფარგლებს და გვჯერა, რომ მთავარი წარმატებები ბრენდს ჯერ კიდევ წინ აქვს.”

 

ახალგაზრდული ბრენდის დიზაინერები - ლიზა ყაჯრიშვილი, ანკა ქოიავა და მასუ მწარიაშვილი არიან, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ახალი თაობის ენერგია და ინტერესები ბრენდის დიზაინში გადმოიტანონ.

 

 

რამდენადაც ცნობილია, 3RdEye Showroom რექლესისთვის პირველი საერთაშორისო პროექტია, როგორ შეაფასებდით ამ გამოწვევას და პარიზში გატარებულ დღეებს?

 

ანკა ქოიავა: ეს ნაბიჯი რექლესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ბრენდის დაარსების დღიდან გვინდოდა საზღვრებს გარეთ გასვლა. პირველი სეზონისთვის ერთად გავაკეთეთ კონკრეტული სელექცია, სადაც სხვადასხვა ტენდენცია გამოიკვეთა - რა უფრო მოთხოვნადია ახლა ბაზარზე. ამ ყველაფერს აუცილებლად გავითვალისწინებთ მომავალი კოლექციის შექმნის პროცესშიც. ასევე შოურუმის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე გადაღება, სადაც რექლესის გარდა, იქ წარმოდგენილი სხვა დიზაინერების სამოსიც მოხვდა. ძალიან საინტერესო იყო ამ პროცესსზე დაკვირვებაც - იმაზე, თუ რას უხამებდნენ და როგორ ირგებდნენ სამოსს მოდელები, რომლებიც ბრენდს აქამდე არ იცნობენ.

კონკრეტულად რა ცოდნა მოგცათ ამ შოურუმმა და რამდენად ნაყოფიერი იყო ეს მოგზაურობა - განსაკუთრებით საინტერესოა თქვენი გამოცდილება იმ ახალი ადამიანების, შთაგონებისა თუ კავშირების შესახებ, რაც ამ პერიოდში შეიძინეთ. 

ლიზა ყაჯრიშვილი: პატარ-პატარა ხარვეზების მიუხედავად, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ დღეების განმავლობაში დავინახეთ - რექლესის მომავალია. პირველ რიგში კი ის, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავი დავიმკვიდროთ როგორც საზღვრებს გარეთ, ისე საქართველოში. 

 

ანკა ქოიავა: პარიზში გატარებული დღეების განმავლობაში გავიცანით ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი და დავამყარეთ კონტაქტები, რითაც, ვფიქრობთ, რომ უფრო მომზადებულები ვიქნებით შემდეგი სეზონისთვის. 


როგორ დაიწყო მოდის სფეროსთან თქვენი ინტერესისა და გადაკვეთის პირველი ნაბიჯები -  რამდენი ხანია, რაც ტანსაცმლის დიზაინს ქმნით და როგორ მოხვდით რექლესში?

 

მასუ მწარიაშვილი: ტანსაცმლის დიზაინში რექლესამდე პრაქტიკულად არ მქონია გამოცდილება და დღემდე ბევრ საინტერესო რამეს ვსწავლობ მუშაობის პროცესში. თავდაპირველად, როდესაც სალომე გველესიანმა ბრენდის დაარსება გადაწყვიტა, საინტერესო ადამიანების ძებნა დაიწყო, რომლებიც იდეის განხორციელებაში დაეხმარებოდნენ, ასე მოვხვდით მეც, ლიზაც და ანკაც რექლესში.

 

ანკა ქოიავა: თავიდან მოდის სფეროში საკუთარი თავი ისე გამოვცადე, როგორც მოდელმა და შემდეგ აღმოვჩნდი მეორე - შემოქმედებით მხარეს. მოდელობისას მიღებული გამოცდილება ძალიან მეხმარება მუშაობის პროცესში, როგორც კონტაქტების, ისე შიდა - Backstage-ის გამოცდილების თვალსაზრისით. 

 

ლიზა ყაჯრიშვილი: ტანსაცმლის დიზაინის შექმნა პირველად რექლესის დაბადებასთან ერთად დავიწყე. ჩემს ცხოვრებაში ხელოვნება მუდმივად ფიგურირებდა სხვადასხვა განხრით და მიმართულებით, მათ შორის - მოდაც. ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემი თავის გამოხატვას სწორად ტანსაცმლის დახმარების ვცდილობდი. უშუალოდ დიზაინერობა და ტანსაცმელზე ჩემი ემოციებისა და ჩანახატების გადმოტანა 4 წლის წინ დავიწყე.

ტანსაცმლის დიზაინს თინეიჯერებისთვის ქმნით, რამდენად ხშირად აქცევთ ყურადღებას იმას, თუ რა რეაქციები და შეფასებები აქვს ახალგაზრდა თაობას თქვენს კონკრეტულ კოლექციებთან დაკავშირებით? 

ანკა ქოიავა: ჩვენს მომხმარებლებს ჩვენი გუნდის წევრებად ვთვლით, ვაკვირდებით მათ  მოთხოვნებსა და შეხედულებებს და ვცდილობთ, რომ სამოსიც შეესაბამებოდეს მათ გრძნობებს. ამისათვის სულ გვაქვს კონტაქტი ჩვენს მომხმარებლებთან - ბავშვებთან, რომლებსაც ჩვენებებისთვის ვიღებთ და  რომლებთანაც დროთა განმავლობაში ძალიან დავმეგობრდით. ვიზიარებთ მათ შეხედულებებს, ვცვლით აზრებს და ასე მივდივართ ახალი კოლექციების თემებამდე. 

 

მასუ მწარიაშვილი: რა თქმა უნდა, ახალი თაობის აზრი და შეფასებები ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი შექმნილი კოლექციები არ არის მხოლოდ ტანსაცმელი -  ყოველ მათგანს თავისი ისტორია მოჰყვება, რომელიც ძირითადად თინეიჯერების პრობლემებს ეხმიანება. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ ამ პრობლემებზე ბევრი ვიმსჯელოთ და შემდეგ ამ ყველაფრის ვიზუალიზაცია მოვახდინოთ. 

 

ლიზა ყაჯრიშვილი: ჩვენთვის ყველაზე მთავარი თინეიჯერების სათქმელი, ტკივილი და სიხარულია - ის, რისი გადალახვაც რთულ პერიოდთან ერთად უწევთ. ჩვენი კოლექციებით ყველაზე საფრთხილო თემას - ბავშვის შინაგან სამყაროს ვეხებით და  შესაბამისად, ფრთხილად ვადევნებთ თვალყურს მათ რეაქციებსა და შეფასებებსაც.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად განსხვავდება ქართველი თინეიჯერების სტილი მსოფლიოს სხვა ქვეყნების თინეიჯერების მოდისგან?
რა შთაბეჭდილება დაგრჩათ 3rdeye Showroom-ის განმავლობაში - როგორ მოირგეს და მიიღეს ქართველ თინეიჯერებზე გათვლილი სამოსი უცხოელმა ახალგაზრდებმა?

მასუ მწარიაშვილი: თინეიჯერებს, რომელი ქვეყნიდანაც უნდა იყვნენ ისინი, ბევრი საერთო აქვთ, რადგან მათი განცდები და ფიქრები, ასაკიდან გამომდინარე, მაინც საზიაროა. შესაბამისად, ტანსაცმლის სტილსა და გემოვნებაშიც ბევრ საერთოს პოულობენ. მიუხედავად ამისა, არის კონკრეტული თემები, რომლებიც შეიძლება ნაკლებად ახლობელი იყოს უცხოელებისთვის. მაგალითად, რექლესის პირველი კოლექციის მთავარი თემა - გაქცევა, მთლიანად იყო აგებული საბჭოთა სიმბოლოებზე. ცხადია, ეს სიმბოლოები და ესთეტიკა მხოლოდ ქართველი თინეიჯებისთვისაა დამახასიათებელი, რაც შეიძლება უცხოელებისთვის ნაკლებად გასაგები იყოს, თუმცა ეს უცხოობა კოლექციას თავისებურად საინტერესოს ხდის. 

 

ლიზა ყაჯრიშვილი: ჩემი აზრით, ქართველი თინეიჯერები თავიანთი მკაცრი და ზუსტი ხასიათით გამოირჩევიან - საკუთარი ემოციების გამოხატვას ტანსაცმლის მეშვეობით ცდილობენ. ვფიქრობ, რომ მათი სტილი, უცხოელი თინეიჯერებისგან განსხვავებით, მეტად გააზრებული და სახასიათოა.

 

 

 

რექლესის სამოსს რამდენიმე დიზაინერი ქმნით, როგორ უგებთ ერთმანეთს და როგორია სამუშაო პროცესი - ძირითადად მაინც დამოუკიდებლად მუშაობთ თუ ერთობლივად განიხილავთ ხოლმე ახალ იდეებსა და წამოწყებებს?

ანკა ქოიავა: ბევრ რამით განვსხვავდებით და ბევრი რამითაც ვგავართ ერთმანეთს. ვფიქრობ, სწორედ ეს კონტრასტია ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო. სწორედ ამის დამსახურებით მიაღწია რექლესმა წარმატებას. მუშაობის პროცესს რაც შეეხება, ძირითადად ძალიან ორგანულად მოგვდის იდეები ახალი კოლექციის თემატიკაზე - ვაკეთებთ როგორც დამოუკიდებელ, ისე საერთო moodboard-ებს, ვუზიარებთ ერთმანეთს ფილმებს, მუდმივად ვცვლით ინფორმაციას და ასე ვიღებთ ინსპირაციას. შესაბამისად, კოლექციაზე მუშაობის პროცესი ძალიან მრავალფეროვანი და დინამიკური პროცესია. 

სამომავლო გეგმების შესახებაც მოგვიყევით - პარიზის შოურუმის შემდეგ  ხომ არ იგეგმება რაიმე სხვა საერთაშორისო პროექტი ან კოლაბორაცია?

ანკა ქოიავა: ამჟამად მოდის კვირეულისთვის ვემზადებით და ასევე ახალი კოლექციის შექმნის პროცესში ვართ, რომელსაც შემდეგ შოურუმშიც წარმოვადგენთ. რაც შეეხება შედარებით ახლო მომავალს, ბევრ საინტერესო პატარ-პატარა ღონისძიებას ვგეგმავთ ჩვენს მაღაზიაში, რასაც თანდათანობით შეგატყობინებთ.

ლიზა ყაჯრიშვილი: ამბიციებთან ერთად, ჩვენი გეგმებიც იზრდება. რა თქმა უნდა, კვლავ გვაქვს გადაწყვეტილი საზღვარგარეთ  გასვლა და უფრო მეტი

ადამიანის მოზიდვა, რაც არა მხოლოდ რექლესისთვის, არამედ საქართველოს განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა, რომ მთელმა მსოფლიომ გაიცნოს ქართველი თინეიჯერები - მათი სათქმელი, ტკივილი თუ სიხარული. 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

ფოტო: მასუ მწარიაშვილი