თიბისი კონცეპტისა და ისთერნ პრომოუშენის მხარდაჭერით, 9-11 მაისს თბილისში 26-ე ჯაზფესტივალი გაიმართება. ტრადიციულად, წელსაც მრავალფეროვანი იქნება იმ აღიარებული არტისტების ჩამონათვალი, ვისაც ფესტივალის განმავლობაში მოუსმენთ - აღმოაჩენთ ახალ მსოფლიო ვარსკვლავებს ან ძველი საყვარელი მუსიკოსების ცოცხალ კონცერტებს დაესწრებით.
ფესტივალს წელსაც „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ფესტივალის განმავლობაში სასტუმროს მისაღებში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები: ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით - „ჯაზის საათი“, ასევე კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა და კახა თოლორდავას ფილმის - „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ამბავი“ პრემიერა.
რაც შეეხება უშუალოდ ჯაზფესტივალს, კონცერტების სერიას 9 მაისს ლუკა თოფურიძე და მისი ბენდი გახსნის “ჯაზ ლაბის“ დარბაზში. მოგვიანებით კი “სთარ სთეიჯზე“ JAZZ/TAKES SUPERGROUP-ს და მის ოთხ გამორჩეულ შემსრულებელს - Bill Evans-ს, Niels Lan Doky-ს, Felix Pastorius-სა და Harvey Mason-ს - შეხვდებით.
10 მაისის საღამოს შესაძლებლობა გექნებათ ჩეხ შემსრულებლებს - Martin Kratochvil-ს და Jazz Q-ს მოუსმინოთ. მოგვიანებით კი გენიოსად აღიარებულ იტალიელ პიანისტსა და კომპოზიტორს - Stefano Bollani-ს, რომელიც შემოგთავაზებთ საკუთარ ვარიაციებს ცნობილი როკ-ოპერიდან - Jesus Christ Superstar.
ფესტივალის ბოლო დღეს - 11 მაისს, “ჯაზ ლაბის” დარბაზში იტალიური ბენდი - Motel Kaiju წარდგება თქვენ წინაშე. “სთარ სთეიჯს” კი Stanley Сlarke დაიკავებს. სწორედ ის დახურავს სამდღიან ფესტივალს თავისი პერფორმანსით.
სამივე დღის განმავლობაში კონცერტები 20:00 საათზე დაიწყება, თუმცა ფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათიდან იქნება ღია. ბილეთების შეძენას www.tkt.ge-ზე შეძლებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ თიბისის კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისის ვიზა ბარათის მფლობელებზე - 10%-იანი.
თიბის კონცეპტი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ახალი საინტერესო ღონისძიებები შესთავაზოს თავის მომხმარებლებს და მუდმივად იყოს ხელოვნების, განსაკუთრებით კი თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე მოვლენების მხარდამჭერი, ამჯერადაც მზადაა დაუვიწყარი შთაბეჭდილები შეუქმნას ფესტივალის მონაწილეებს და სტუმრებს.
ავტორი: ხატია იათაშვილი
დაწერე კომენტარი