„ფიქრებისა და მათი გამოძახილის პოლიფონია: ეს არის უზარმაზარი სხეული, რომელშიც თანამედროვე ხელოვნების განსხვავებული და დამოუკიდებელი ტემპერამენტია წარმოდგენილი.“ – ფრანჩესკო ბონამი ვენეციის სახელოვნებო ბიენალეს შესახებ.
ვენეციის სახელოვნებო ბიენალე უკვე 124 წელს ითვლის და მსოფლიო სახელოვნებო სივრცეში ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებას წარმოადგენს, რომელიც თანადროული ხელოვნების ნიმუშების შეგროვებასა და საზოგადოებისთვის გაცნობას ემსახურება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ხელოვანებს წარმოაჩენს. გამოფენა თითქმის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება და რამდენიმე თვის განმავლობაში, გაზაფხულიდან შემოდგომამდე გრძელდება. სახელწოდება – ბიენალე სწორედ ამ ფაქტის გამო ეწოდა. აქ დამთვალიერებელი ნახავს როგორც ცენტრალურ, ნაციონალურ პავილიონს, ასევე სტუმარი ქვეყნების პავილიონებსაც. პირველი საერთაშორისო პავილიონი 1907 წელს ბელგიამ გახსნა და რამდენიმე წელში მას ევროპის სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ.
1893 წელს ვენეციის მერმა რიკარდო სელვატიკომ გადაწყვიტა გაემართა იტალიური ხელოვნების გამოფენა, რომელსაც მოგვიანებით საერთაშორისო გამოფენის სახე მიეცა. ბიენალე სახელწოდებით „ვენეციის პირველი საერთაშორისო ხელოვნების გამოფენა,“ მეფე უმბერტო I-ისა და დედოფალ მარგარიტა ჯოვანას ქორწინების ვერცხლის წლისთავს ეძღვნებოდა. გამოფენა 1895 წლის 30 აპრილს მეფემ და დედოფალმა გახსნეს. პირველ ბიენალეს 224 ათასი დამთვალიერებელი ჰყავდა. დამთვალიერებლის განსაკუთრებული ყურადღება გიაკომო გროსოს ტილოს – Supreme Meeting-ს ხვდა წილად, რომელიც დონ ჟუანის სიკვდილს ასახავდა. პირველი პრიზიც სწორედ ამ ნამუშევარმა მიიღო.
მთავარი პრიზი ყოველი გამოფენის დასასრულს გადაეცემათ არტისტებს სხვადასხვა ნომინაციებში: საუკეთესო მხატვარი, საუკეთესო სკულპტორი, საუკეთესო პავილიონი და სხვ. მთავარი პრიზი 1968 წლის საპროტესტო გამოსვლების გამო გაუქმდა, თუმცა 1986 წელს იგი ისევ დაუბრუნდა ბიენალეს ოქროს ლომის ჯილდოთი.
1901 წლიდან ფრანგული ხელოვნება, რომელიც აქამდე უყურადღებოდ რჩებოდა, თანდათან მთავარ თემად იქცა. მეოთხე და მეხუთე საერთაშორისო ბიენალეზე გამოიფინა კამილ კორო, მილე, როდენი. 1907 წლიდან კი მოეწყო გუსტავ კლიმტის, რენუარისა და კურბეს საგამოფენო ოთახები, 1914 წლიდან კი გერმანელი ექსპრესიონისტების რეტროსპექტივა. ამ დროს პიკასოს გამოფენაზე უარი თქვეს, რადგანაც ზედმეტად ინოვაციური და შოკური შეიძლებოდა აღმოჩენილიყო დამთვალიერებლისთვის. ის მხოლოდ 1948 წელს გამოიფინა.
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, რა თქმა უნდა, ბიენალე არ ჩატარებულა და 1920 წელს იგი საზოგადოებას უკვე ავანგარდული ხელოვნებით დაუბრუნდა. მეორე მსოფლიო ომიც არ ყოფილა გამონაკლისი და 1948 წელს დაბრუნებული ბიენალე დამთვალიერებელს მხოლოდ 15 ქვეყნით წარუდგა, ამიტომ საგამოფენო კომისიამ გადაწყვიტა ბიენალე პიკასოს რეტროსპექტივითა და გასული საუკუნის ხელოვნების ცნობილი კოლექციონერისა და გალერეების მფლობელის, პეგი გუგენჰაიმის კოლექციის გამოფენით გაემდიდრებინათ. 24-ე საერთაშორისო ბიენალეზე გამოიფინა ჟორჟ ბრაკი, სალვადორ დალი, კანდინსკი, მირო, მოდრიანი, ჰენრი მური და ა.შ. ვენეციის ბიენალეზე იფინებოდნენ ისეთი არტისტები, რომლებიც განსაზღვრავდნენ იმდროინდელ და სამომავლო სახელოვნებო ტენდენციებს, ხოლო ვენეციის ბიენალეს მნიშვნელობას კი უპირობოდ ზრდიდნენ და მის მასშტაბებსაც აფართოებდნენ. ალბათ საკმარისი იქნება მატისის, ფრენსის ბეკონისა თუ პაულ კლეეს სახელების ხსენება, თუმცა წლების განმავლობაში ერთ გამოფენას მეორე მოჰყვებოდა არანაკლებ ცნობილი არტისტების ნამუშევრებით. სწორედ 1954 წელს წარმოადგინა ბიენალემ აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი ჯექსონ პოლოკისა და უილიამ დე კუნინგის ნამუშევრებით. ამავე წელს გაიცნო ბიენალემ რენე მაგრიტიც.
50-იანი წლების შემდეგ ვენეციის სახელოვნებო ბიენალე თანდათან კონცენტრირდება ახალგაზრდა და თანამედროვე ხელოვანებზე. 1964 წლის ბიენალეზე დამთვალიერებელი ნახავდა ამერიკულ პოპ-არტის წარმომადგენლებს: ჯასპერ ჯონსს, ჯიმ დინის, კლას ოლდენბურგს, როი ლიხტენშტაინს და რობერტ რაუშენბერგს – პირველ ამერიკელს, რომელმაც საუკეთესო უცხოელი ხელოვანის ნომინაციაში პრიზი აიღო. ენდი უორჰოლი მხოლოდ 1976 წელს გამოჩნდა ვენეციის ბიენალეზე თავისი ცნობილი პოსტერებით.
დამთვალიერებლის მასშტაბური დაინტერესება მეორედ უკვე 1972 წლის გამოფენას მოჰყვა, როდესაც ჯერ კიდევ 25 წლის ჯინო დე დომინიკმა “გამოფინა” დაუნისსინდრომიანი ბიჭი კისერზე ჩამოკიდებული ნიშნით, რომელზეც ამოიკითხავდით: „მეორე შანსი უკვდავებისთვის: სამყარო უმოძრაოა.“ 1974 წლის ბიენალე მთლიანად ჩილელი ხალხის გათავისუფლებას მიეძღვნა, ეს იყო ერთგვარი კულტურული პროტესტი ჩილელი დიქტატორის, გენერალ პინოჩეტის წინააღმდეგ. 1980-იან წლებში ბიენალე სხვადასხვა კულტურულ-სოციალურ მოვლენებს შეეხო, როგორიცაა მაგალითად, ანტირასისტული მოძრაობა, სამხრეთ აფრიკის პავილიონი წარმოადგინა ვინჩენსო ეულისემ, როდესაც მან შავი ფიგურები ჩამოკიდა საგამოფენოდ.
1978 წლის ბიენალეზე ბრიტანეთის პავილიონმა წარმოადგინა გამოფენა – Six Stations for Art-Nature, The Nature of art დევიდ ჰოკნისთან, გილბერტ და ჯორჯთან და ფრანცის ბეკონთან ერთად. ანიშ კაპურმა 1990 წლის გამოფენაზე შექმნა 16 უზარმაზარი ლოდისგან შემდგარი ნამუშევარი – void field, თითოეულ ლოდს ჰქონდა ლურჯი პიგმენტით ამოვსებული ღრმული, ამ პიგმენტს ინდოელები რელიგიური რიტუალების დროს იყენებენ, რაც იდეურად ნამუშევარს ორი კულტურის ბმის სიმბოლოდ წარმოგვიდგენს.
1990-იან წლებში ვენეციის ბიენალეზე ჯეფ კუნსმა წარმოადგინა პოლიქრომული სკულპტურები თავისი და მეუღლის გამოსახულებებით, ასევე ნამუშევარი Baloon Dog.
1993 წელს ვენეციის ბიენალეზე მრავალ ცნობილ სახეს შეხვდებოდით: ვიდეოარტისტ ნამ ჯუნ პაიკს პროექტით Marco Polo, რომელიც მეტამორფოზულად ასახავდა გლობალური მედიაკომუნიკაციების ერას, ისევე როგორც აზიისა და ევროპის კავშირს. მარკო პოლოს პროექტში განსაკუთრებით საინტერესო იყო ნამუშევარი Electronic Superhighway – ტელევიზორებისგან აწყობილი უზარმაზარი ეკრანი. ამავე წელს დემიენ ჰირსტმა გამოფინა Mother and Child (divided). ამ წელს საინტერესო იყო იაპონური პავილიონიც იაიო კუსამას შთამბეჭდავი დიზაინით, თუმცა ჯილდო ჰანს ჰააკემ მიიღო გერმანული პავილიონისთვის. ჰააკემ გერმანული ნაცისტური იმპერიის დაშლის საილუსტრაციოდ სამშენებლო ნამსხვრევები მიმოფანტა პავილიონის იატაკზე და ნება მისცა დამთვალიერებელს სიმბოლურად პირდაპირ ნამსხვრევებზე ევლოთ.
1995 წელს ბილ ვიოლამ თავისი ცნობილი ვიდეო ნამუშევრები Ocean Without a Shore გამოფინა. მთავარი თემა, ისევე როგორც მის სხვა ნამუშევრებში, აქაც წყალი იყო. გამოფენა მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა.
ნულოვანი წლები გაიხსნა იოსეფ ბოისის ნამუშევრით – The End of the Twentieth Century, მეოცე საუკუნის სიმბოლური დასასრულით. მის გვერდით გამოიფინენ საი თვომბლი თავისი ფერწერული ნამუშევრებით, მონუმენტალიზმის ახალი კონცეფციის შემოქმედი რიჩარდ სერა მეტალის მონუმენტური სპირალებით. როგორც ჩანს, 2001 წლის ბიენალეზე მონუმენტალიზმი საკმაოდ აქტუალური თემა აღმოჩნდა, იოსეფ ბოისისა და რიჩარდ სერას გვერდით ნახავდით რონ მუეკისჰიპერგიგანტურ “ადამიანებს.”
თომას შუტე, რომელიც თანამედროვე ხელოვნებისთვის უკვე საკულტო ფიგურად არის ქცეული 2005 წლის ვენეციის ბიენალეზე ჯილდოს იღებს საუკეთესო არტისტის ნომინაციაში ფოლადის სკულპტურებისთვის.
ტრეისი ემინი, არანაკლებ ცნობილი ბრიტანელი ხელოვანი, ცნობილი თავისი პირადული ნამუშევრებით 2007 წელს ბიენალეზე წარადგენს საკუთარ საწოლს – My Bed, რომელიც მისივე განმარტებით, დოკუმენტური ნამუშევარია – ხელოვანის ცხოვრების მტკივნეული პერიოდის ანარეკლი.
ბიენალეს ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი პერფორმერებმაც დატოვეს, ალბათ გამორჩეულად უნდა ვახსენოთ იოკო ონო და მარინა აბრამოვიჩი. იოკო ონომ 2009 წელს ვენეციის ბიენალეზე საკუთარი პერფორმანსი თავის პარტნიორს, ანტონი ჰეგართის მიუძღვნა, ხოლო მარინა აბრამოვიჩის 2017 წლის გამოფენაზე წარმოდგენილი მედიტაციური ნამუშევარი – Standing Structures for Human Use Dale serio Transitory Objects for Human Use შთამბეჭდავ ატმოსფეროს ქმნიდა დამთვალიერებლისთვის. შთამბეჭდავი იყო კოკი ტანაკას 2013 წლის პროექტი ბიენალესთვის, როდესაც არტისტმა წარმოადგინა ხუთი მუსიკოსის მიერ ერთდროულად შესრულებული საფორტეპიანო ნამუშევარი. იაპონური პავილიონების ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველაზე არანაციონალური ელფერი მასატო ნაკამურას მიერ წარმოდგენილ 2001 წლის პავილიონს ჰქონდა მაკდონალდსის აბრევიატურით.
გასულ, 2017 წლის ვენეციის ბიენალეზეც შეხვდებოდით ცნობილ სახეებს, რომელთაგან ალბათ გამოირჩეოდნენ გერმანული პავილიონის წარმომადგენელი ანნე იმჰოფი ნამუშევრით Faust და მარკ ბრადფორდი ამერიკული პავილიონიდან.
როგორი იქნებოდა სამყარო ვენეციის ბიენალეს გარეშე და რას ნიშნავს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან გამოფენაში მონაწილეობა არტისტებისა თუ კურატორებისთვის? მიუხედავად იმისა, რომ ბიენალეს თავდაპირველი დანიშნულება თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის ჩამოყალიბება იყო, ის დღეს წარმოადგენს საუკეთესო შანსს ხელოვანებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად და ხელოვნების ისტორიაში საკუთარი ადგილის დასაკავებლად.
წლევანდელ, 58-ე ბიენალეზე საქართველოს პავილიონს წარადგენს ხელოვანი ანნა კ. ე. ნამუშევრით Raremirrorview, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation – მარგო ნორტონის კურატორობით.
Hammock Magazine და “თიბისი სტატუსის” ერთობლივად გაგიძღვებათ 2019 წლის ვენეციის სახელოვნებო ბიენალეზე.
ავტორი: მარიამ ყაყიტაშვილი
დაწერე კომენტარი