სინგაპურელ ფოტოგრაფს, რომელსაც Nguan-ის სახელით ვიცნობთ, დიდი პოპულარობის მიუხედავად, არასდროს ჰქონია სურვილი, თავისი ნამდვილი სახელი გაემჟღავნებინა. როგორც თავად ამბობს, მას მხოლოდ საკუთარი სურათების მეშვეობით სურს საზოგადოებასთან ურთიერთობა და ცნობადობა მისთვის მთავარი მოტივაცია არასდროს ყოფილა. 

მისი არქივი, რომელიც აურაცხელ კადრს იტევს, კონკრეტულ ესთეტიკასა და პასტელური ფერების პალიტრას მიჰყვება. ფოტოგრაფს მკაცრად აქვს განსაზღვრული მუშაობის გრაფიკიც - ფოტოებს მხოლოდ დღის გარკვეულ პერიოდში - მზის ჩასვლამდე ორი საათით ადრე იღებს, რადგან გარემო სწორედ ამ დროს არის გახვეული იმ ჯადოსნურ სინათლეში, რომელიც მის ფოტოებს კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობასა და ჰაეროვნებას მატებს.

Nguan ათწლეულზე მეტია, რაც დიდი ქალაქის ყოველდღიურობას აღბეჭდავს. ფოტოებს ძირითადად 90-იანი წლების ფირის კამერით იღებს და მისი ნამუშევრების ნოსტალგიური, სიზმრისეული განწყობა გარკვეულწილად სწორედ ამის დამსახურებაცაა. სინგაპურელ ფოტოგრაფს ამ დრომდე უკვე სამი წიგნი აქვს დაბეჭდილი. მათგან ბოლო - 2017 წელს გამოცემული, სახელწოდებით - Singapore,  New York Time Magazin-მა წლის 10 საუკეთესო ფოტო-წიგნს  შორის დაასახელა.

Nguan-ის ყველა კადრი ძალიან ნათელი და მომნუსხველია - საოცარი სირბილითა და სინაზით არჩევს ფერებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ხმაურიანი ქალაქის დატვირთულ ყოველდღიურობას ასახავს, მაინც მუდმივად მშვიდი და ლირიკულია - ხშირად სიზმრისეული, როგორც ზღაპრის ქალაქი, სადაც ყველაფერი საერთო სასიამოვნო ბურუსშია გახვეული. 

მისი ფოტოები ხშირად მოგვაგონებენ ბრიტანელი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფის, ყველასათვის ცნობილი - მარტინ პარის ნამუშევრებს. რადგან Nguan-ის ფოტოებში, ისევე როგორც მარტინ პარის შემოქმედებაში, მთავარი პერსონაჟები უბრალო ადამიანები არიან, თავიანთი ნაკლოვანებებითა თუ შიშებით. სწორედ ეს გულახდილობა და პირდაპირობა გასდევს ფონად Nguan-ის მთელ შემოქმედებას. 

Nguan ხშირად აღბეჭდავს სინგაპურის ნაკლებად ცნობილი ქუჩებს და ქალაქის მიყრუებულ ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი მარტივი ცხოვრებით ცხოვრობენ. ხშირად სწორედ გარეუბნებში აწყდება საინტერესო არქიტექტურულ ნამუშევრებს თუ ურბანულ თავისებურებებს, რომლებსაც აქამდე ყურადღებას არავინ აქცევდა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სინგაპურში მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთო საცხოვრებლების მსგავს დასახლებებში ცხოვრობს -  საზიარო აივნებითა და ეზოებით. ეს კომუნალური ცხოვრება კიდევ უფრო აახლოებს ამ ადამიანებს ერთმანეთთან და Nguan-ის ფოტოებსაც თავისებური განწყობით ამდიდრებს. კადრებში, რომლებსაც ფოტოგრაფი გვიზიარებს, ადამიანები ზოგჯერ დაბღვერილი და უკმაყოფილოებიც კი არიან, მაგრამ ეს ფაქტი მის ფოტოებს დაძაბულობას საერთოდ არ მატებს, რადგან თითქოს ყველა სინგაპურელი ერთმანეთს იცნობს, მაინც ერთმანეთის ახლობლები არიან და არაფერი აქვთ დასამალი. ამ საზიარო ადგილებში ხშირად შეხვდებით მცენარეებს, სარეცხს, სხვადასხვა პირად ნივთს, რაც Nguan-ის ფოტოებს მეტ დოკუმენტურობასა და გულახდილობას სძენს. 

Nguan-ის არქივი ათასობით კადრს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანს საერთო განწყობა დაჰყვება, ყოველი ფოტო მაინც საოცრად ინდივიდუალურია და კონკრეტულ ამბავს ჰყვება - ფაქიზად აღბეჭდავს და ასეთივე სიმსუბუქით გვიშლის თვალწინ ადგილებსა და ადამიანებს, რომლებიც მზის ჩასვლამდე დარჩენილ წუთებში საკუთარ საქმეებში ჩაფლულან და ხშირად თავადაც ვერ ამჩნევენ ამ ყოველდღიურობის სილამაზეს. 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი