ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ HBO-ს ცნობილი სერიალის, The White Lotus-ის მესამე სეზონს ტაილანდში გადაიღებენ. ფუფუნების, სიმდიდრისა და სექსის შემდეგ, სავარაუდოდ, მესამე სეზონის მთავარი თემა სიკვდილი იქნება - აღმოსავლური რელიგიური მიმდინარეობების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რომელსაც სერიალისთვის დამახასიათებელი სარკაზმითა და იუმორით გადმოსცემენ.


სერიალი, რომელმაც პირველი სეზონისთვის Emmy-ის ათი ჯილდო დაიმსახურა, მალევე გახდა პოპულარული. სერიალის პირველი სეზონი ჰავაის კუნძულებზე, მეორე კი - სიცილიის სანაპიროებზეა გადაღებული. The White Lotus ამჯერად აზიას ესტუმრება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ის კონკრეტული ადგილები, სადაც ეპიზოდებს გადაიღებენ.

უცნობია ახალი სეზონის მსახიობებიც. Jennifer Coolidge და Jon Gries იყვნენ ის მსახიობები, რომლებმაც პირველი სეზონიდან მეორეში გადაინაცვლეს, თუმცა წინასწარ რთულია იმის თქმა, ითამაშებენ თუ არა ისინი მესამე სეზონშიც. ასევე უცნობია ზუსტი თარიღიც, თუ როდის ნახავს მაყურებელი ახალი სერიებს. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: HBO