გერმანელმა ფოტოგრაფმა - ელენ ვონ უნვერტმა თავდაპირველად კარიერა მოდელობით დაიწყო, როდესაც ოცი წლის ასაკში, სრულიად მოულოდნელად, ქუჩაში ფოტოგრაფმა შეამჩნია და მალევე პარიზშიც გადავიდა საცხოვრებლად. ასე ზღაპრულად გადაიკვეთა ელენი სფეროსთან, რომელშიც დღემდე აქტიურადაა ჩართული. ათწლიანი სამოდელო კარიერის შემდეგ, ელენმა ფოტოგრაფობა გადაწყვიტა, ადვილად აუღო ალღო თანამედროვე მოდის ფოტოგრაფიის ტენდენციებს და მალე თავადვე გახდა ამ ტენდენციების განმაპირობებელი.

 

 

ელენ ვონ უნვერტი განსაკუთრებით ცნობილი გახდა ფოტოებით, რომლებსაც 80-90-იანი წლების ცნობილ პოპმომღერლებსა და მოდელებს უღებდა. მის სურათებში მუდმივად ამაღლებული განწყობაა - სექსუალურობის, ბედნიერებისა და სიამოვნების დღესასწაული. ეროტიკული და პროვოკაციული კადრების გამო ელენს ხშირად ადარებდნენ ასევე დიდ გერმანელ მოდის ფოტოგრაფს - ჰელმუტ ნიუტონს, რომელიც ელენისთვის ყოველთვის მთავარ შთაგონების წყაროს წარმოადგენდა.

ელენი, როგორც ახალი და საინტერესო ხედვის ფოტოგრაფი, პირველად მაშინ შეამჩნიეს, როდესაც 1989 წელს კლაუდია შიფერს გადაუღო ფოტოები. ორივენი - კლაუდიაც და ელენიც, ფაქტობრივად, ამ ფოტოსესიის შემდეგ გახდნენ ცნობილები.

მომდევნო წლებშიც ახალბედა ფოტოგრაფი ხშირად იღებდა 90-იანი წლების  სუპერმოდელებს - ნაომი კემპბელს, ქეით მოსს და სხვებს. ელენის ფირზე ხშირად ხვდებოდნენ კინოსა და მუსიკის სხვა წარმომადგენლებიც - დრიუ ბერიმორი, ბიორკი თუ მადონა. ელენის გადაღებულია ქართველი მოდელის - მატილდა გვარლიანის ფოტოსესიაც, რომელიც Vogue-ის ყდაზე მოხვდა.

ელენს ხშირად მოიაზრებენ ფემინისტ ფოტოგრაფად. როგორც თავად აღნიშნავს - ,,სექსუალურობასთან ერთად, ქალები ჩემს სურათებში ყოველთვის  თავდაჯერებულები არიან. ყველა ქალს სურს არა მხოლოდ მშვენიერი და მიმზიდველი, არამედ ძლიერიც იყოს და სწორედ ამას ვცდილობ ჩემი ნამუშევრებით”. ხშირად აღნიშნავენ, რომ ელენის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ ეს დამოკიდებულებაა - ისე მოახერხოს ქალური ბუნების ფოტოებზე გადმოტანა, რომ ისინი საგნებად და ობიექტებად არასდროს აღიქვას. 

მისი არქივიდან განსაკუთრებით გამოირჩევა 2003 წელს Q Magazine-ის ფოტოსესია, სადაც  ელენმა დეივიდ ბოუი და ქეით მოსი გადაიღო. როგორც თავად აღნიშნავს, ეს ფოტოები თავისი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად უყვარს, რადგან ბოუის მუსიკის თაყვანისმცემელი ახალგაზრდობიდან გახლდათ და ძალიან უხაროდა, როდესაც ფოტოსესიამ უშუალოდ და მეგობრულად ჩაიარა. ფოტოების გადაღებისას ისეთი ურთიერთობა გაჩნდა ჩვენ შორის, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით, იხსენებდა შემდგომ ელენი.

მის შემოქმედებაში აღსანიშნავია 2015 წელს ბავარიაში, ტბასთან გადაღებული ფოტოც, სახელწოდებით  Freshly bloomed (,,ახლად აყვავებული”). ელენს ეს კონკრეტული ფოტო 1940-იანი წლების რეტრო ესთეტიკის და მასზე აღბეჭდილი ახალგაზრდობის, სილაღისა და მეგობრობის გამო უყვარს. ასევე აღნიშნავს, რომ ძალიან მოსწონს ამ ფოტოს პატარა დეტალი - წითელი ვაშლი, რომელიც ერთ-ერთ გოგონას ხელში უჭირავს. ,,მიყვარს, როდესაც რაღაც ისტორიას ვყვები და მაყურებელს ვაინტრიგებ - რა შეიძლება იყოს ამ ვაშლის ბედი? შეიძლება ცხენს აჭამონ მოგვიანებით ან, უბრალოდ, თავად გოგოებმა გაიყონ. ვინ იცის? სახალისოა, როდესაც პატარა დეტალებით ადამიანებს მსგავს წვრილმანებზე აფიქრებ და ფოტოსგან მიღებულ შთაბეჭდილებას მეტად სასიამოვნოდ აქცევ”.

 

 

ელენის ეს დამოკიდებულება - დეტალებისადმი სიყვარული, იუმორი და ამ ყველაფრით სიამოვნების მიღება - მის ყველა ნამუშევარს ეტყობა. საბოლოო ჯამში,  ელენ ვონ უნვერტის მთავარი ღირსება მაინც თავისუფლებაა. ქალები, რომლებიც მოდის ინდუსტრიის მთავარი სახეები არიან, ელენის ფოტოებში ბევრი თავგადასავლის მონაწილენი ხდებიან -  უხარიათ, ერთობიან, სიამოვნებთ, თავიანთი მომხიბვლელობითა და შარმით გვატყვევებენ, თუმცა ყოველთვის დამოუკიდებლები და თავდაჯერებულები არიან.

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

ფოტო: VOGUE, bjork.fr, the-sun.com, ellenvonunwerthvon.com