ხელოვნების ნებისმიერ დარგში, განსაკუთრებით კი კინოში, იუმორისა და გულწრფელი ტკივილის გაერთიანება ყველაზე შთამბეჭდავი და ამავდროულად, ყველაზე რთულად მოსახელთებელია. სწორედ ამ ჟანრს - ტრაგიკომედიას უტრიალებს მუდმივად ტაიკა ვაიტიტი, რომლის სამშობლოც - ახალი ზელანდია - ბევრისთვის, პირველ რიგში, სწორედ მის ფილმებთან ასოცირდება.

 

 

რეჟისორებს, რომლებისთვისაც იუმორი კინოს ერთ-ერთი საბაზისო შემადგენელი ნაწილია, უყვართ, როდესაც ფილმის მთავარი პერსონაჟები თავადაც ხდებიან. თვითირონია ტაიკა ვაიტიტისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ფილმები მუდმივად გვარწმუნებენ ერთ რამეში - ის, რომ სასაცილოები ვართ, არც ისე ცუდი და სამარცხვინოა. რომ ეს ჩვენი გარდაუვალი მდგომარეობაა და არ ღირს თავის არიდების უშედეგო მცდელობა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ტაიკა ვაიტიტის მთავარი კინო-იარაღი შავი იუმორი და სარკაზმია, მაინც არასდროს გიჩნდება იმის ეჭვი, რომ რეჟისორი ადამიანურ გრძნობებს სერიოზულად არ უყურებს. პრობლემები და საწუხარი ტაიკას ფილმებში ყოველთვის ძალიან ნამდვილია. ირონიის, დამაბნეველი სიუჟეტებისა და მოულოდნელი შემობრუნებების მიუხედავად, ყოველთვის ადვილად ხვდები, როდის არის რეჟისორი კონკრეტული თემის მიმართ გულწრფელი. 

 

 

სხვადასხვა გრძნობას - სიყვარულს, ტკივილს, კომპლექსებს - ხშირად დასცინის, თუმცა ამ დაცინვით ბოლომდე მაინც არ აკნინებს. ირონია ამგვარი თემების მიმართ უფრო სინანულით გამოწვეულია, ვიდრე შეურაცხმყოფელი. ამ მხრივ გამოირჩევა Eagle vs Shark - ფილმი უცნაური, საზოგადოებრივი ჩარჩოებიდან და სტანდარტებიდან ამოვარდნილი წყვილის შესახებ, რომლებიც თითქოს შეუფერებელნი და მიუღებელნი არიან სამყაროსთვის. ფილმი სასაცილოა, თუმცა ამ განწყობას მთლიანად უხერხული სცენები ქმნის. 

 

 

სარკაზმის მიუხედავად, Eagle vs Shark-ს ფონად მაინც რომანტიკა გასდევს ამ სიტყვის პირდაპირი, კლასიკური, შეიძლება ითქვას, ბანალური გაგებით. ფილმის პერსონაჟებს გულწრფელად, რომანტიკულად უყვარდებათ ერთმანეთი, თუმცა მოცემულობა - თავად ამ პერსონაჟების ხასიათი და სიტუაციები იმდენად არასტანდარტულია, რომ ეს შეუსაბამობა იწვევს კომიკურობას და უხერხულობას. რომანტიკა და პოეზია აქა-იქ ხშირად კრთება ტაიკას სხვა ფილმებში. მაგალითად, Jojo Rabbit-შიც, რომელსაც ტაიკა ვაიტიტი რაინერ მარია რილკეს ლექსის ფრაგმენტით იწყებს.

 

 

ხშირად, საკმაოდ გაცვეთილი თემების მიუხედავად - მშობლების და შვილების ურთიერთობა, სიყვარული, იმედგაცრუებები - მისი ფილმები არასდროსაა ბანალური და მოსაწყენი. ტაიკა ვაიტიტი მთავარ პერსონაჟებად ხშირად ირჩევს ბავშვებს. ამ მხრივ გამოირჩევა ფილმი - Boy - ისტორია თერთმეტი წლის ბიჭის შესახებ, რომლის ცხოვრებაში მოულოდნელად უკან ბრუნდება წლების წინ დაკარგული მამა. პატარა ბიჭს მამამისი ნამდვილ ღმერთად და სათაყვანებელი მუსიკოსის - მაიკლ ჯექსონის მსგავს კერპად წარმოუდგენია. თუმცა ნელ-ნელა საკუთარ ტყავზე ცდის  იმ ყველა სიმწარეს, რაც რეალობის გაცნობიერებას მოაქვს. ფილმი სავსეა ტაიკა ვაიტიტისთვის დამახასიათებელი იუმორით, ამავდროულად კი გვიჩვენებს მეორე, მტკივნეულ მხარეს - იმას, თუ როგორი მიამიტური, ნათელი და იმედიანია ბავშვების წარმოდგენები ცხოვრებაზე და რამდენად მწარე და ამავდროულად, სასაცილოა ის შეუსაბამობა, რასაც ამ ფანტაზიების რეალობასთან შეჯახება იწვევს.

 

ბავშვების გულუბრყვილობა, წარმოსახვა და მათი ხედვა სამყაროზე, ტაიკას არაერთ ფილმში იჩენს თავს - Hunt for the Wilderpeople-ში, რომელიც ობოლი ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს და ასევე Jojo Rabbit-ში, რომელიც თავისი ესთეტიკით, ფერთა პალიტრით, კომპოზიციებით და სახასიათო პერსონაჟებით, რაღაცით აუცილებლად მოგვაგონებს უეს ანდერსონის კინოკადრებსაც. Jojo Rabbit მეორე მსოფლიო ომის პერიოდზე მოგვითხრობს მთავარი პერსონაჟი ბიჭის თვალთახედვით.

 



ტაიკა ვაიტიტის ფილმები ესთეტიკურადაც საკმაოდ მომხიბვლელია - დეკორაციები, ინტერიერები, რეკვიზიტები - ყველაფერი ძალიან ახლობელი და ავთენტურია, რაც მის ფილმებს კიდევ უფრო კომფორტულად საყურებელსა და მყუდროს ქმნის, გვიჩენს იმის განცდას, თითქოს ეს პერსონაჟები, სახლები და ისტორიები რეალურადაც არსებობდა. მის ფილმებში ხშირად ვხვდებით ახალი ზელანდიის ზღაპრულ ბუნებასაც, რომელიც განსაკუთრებით კარგად იკვეთება ფილმებში -  Boy და Hunt for the Wilderpeople.

 

 

ტაიკა ვაიტიტის ფილმებზე საუბარი შეუძლებელია მოკუმენტური ჰორორ-კომედიის - What we do in the shadows-ის გარეშე, რომელიც, რეჟისორის ერთ-ერთ მთავარ შედევრად ითვლება. სიუჟეტი იმდენადვე მარტივია, რამდენადაც გენიალური - გვიყვება ყოველდღიურ ცხოვრებას არაორდინალური ვამპირების შესახებ, რომლებზეც დოკუმენტურ ფილმს იღებენ. What we do in the shadows ყველაზე მეტად არის გაჯერებული იუმორით. თუმცა, ამ ფილმის მთავარი ღირსება მაინც ისაა, რომ სასაცილოა არა მხოლოდ კონკრეტული ხუმრობები, არამედ ზოგადად ის მოცემულობა და გარემოება, რომელსაც რეჟისორი ქმნის. კომიკურია მთლიანი ატმოსფერო და შესაბამისად, ყველა სიტყვა თუ მოძრაობა, რომელსაც პერსონაჟები აკეთებენ, ამ კომიკურობას იძენს.

 

 

ტაიკას ვაიტიტის გადაღებულია მარველის Thor-ის ცნობილი ეკრანიზაციებიც - Love and Thunder და Ragnarok -  სპეციფიკური იუმორით შექმნილი ფილმები, რომლებსაც რეჟისორის ხელწერით ადვილად გამოარჩევთ. ზოგადად, ტაიკა ვაიტიტი საკუთარ თავს, როგორც რეჟისორს, თითქოს ყველაფრის უფლებას აძლევს - თუ საჭიროდ თვლის, ფილმში 2d ანიმაციებიც შემოაქვს ან უხეშ მონტაჟურ ჭრას იყენებს, არ ერიდება სიუჟეტიდან მოულოდნელ გადახვევებს ან თუნდაც ისეთ გადაწყვეტილებებს, სადაც თავად ირგებს ნაცისტური ლიდერის -  ჰიტლერის როლს, რომელიც პატარა ბიჭის წარმოსახვითი მეგობარი ხდება. ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, შეიძლება ამოვარდნილი და ერთმანეთთან შეუსაბამო ჩანდეს, თუმცა სწორედ ეს მოულოდნელობები, იმპულსურობა, სრული თავისუფლება და მწარე იუმორი კრავს თითოეულ ფილმს და აძლევს იმ უნიკალურობას, რომლითაც ტაიკა ვაიტიტი ნამდვილად გამოირჩევა თანამედროვე კინემატოგრაფიაში.

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

ფოტო: Himovies