TBC-ის მხარდაჭერით, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 4 აპრილს ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალის, “ხიდი: თბილისი-ციურიხის” ფარგლებში შვეიცარიული არქიტექტურის ჩვენება გაიმართება, რომელსაც შვეიცარიიდან მოწვეული არქიტექტორები გაუძღვებიან და აუდიტორიას კულტურული წარმატების ისტორიის კრიტიკულ ასპექტებს გააცნობენ. შეხვედრები სალექციო ფორმატისა იქნება და ამასთანავე ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება.
ფესტივალი “ხიდი: თბილისი-ციურიხის” მიზანია ქართულ აუდიტორიას გააცნოს შვეიცარიული თანამედროვე ხელოვნება და კულტურა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ქართული პროგრამით ციურიხში 2021 წელს გაიმართა, ახლა კი თბილისში შვეიცარიული პროგრამით ტარდება. პროგრამა ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას და თანამშრომლობის ქსელის შექმნას უწყობს ხელს.
ფესტივალი 1-ელ აპრილს დაიწყო და 10 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, რომელიც ქართულ აუდიტორიას მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს კინოს, ლიტერატურის, არქიტექტურის, ხელოვნების და მუსიკის მიმართულებით. ფესტივალი HOLOSEUM-ში პაულ კლეეს და ფერდინანდ ჰოდლერის იმერსიული გამოფენით გაიხსნა.
2 აპრილს კინოთეატრ “ამირანში” კი შვეიცარიული ფილმების საღამო მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ქართველმა მაყურებელმა 12 ფილმი იხილა. კინოპროგრამის კურატორი კორინ ზიგრის-ობუსიე იყო, რომელმაც მანამდე ფესტივალის ფარგლებში პროგრამა “ქართველი კინორეჟისორი ქალები” მოამზადა. 3 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლში შვეიცარიელი რომანისტის, ფრიდრიხ დიურენმატის საღამო გაიმართა. დიურენმატის შემოქმედების შესახებ მისმა ბიოგრაფმა ულრიხ ვებერმა ლექცია წაიკითხა. ამასთანავე, დისკუსია გაიმართა დიურენმატის ბალადის, “მინოტავრი. დავალება” მთარგმნელთან, მაია ბადრიძესთან. საღამოს ბოლოს კი საბინ გისიგერის ფილმის, “დიურენმატი - სიყვარულის ისტორია” ჩვენებას რეჟისორიც ესწრებოდა.
5 აპრილს CCA - Center of Contemporary Art - Tbilisi-ში ციურიხში მცხოვრები ხელოვანის, ილარია ვინჩის “ფენიქსის ფილოსოფიის კაფეს” გამოფენა-ინსტალაცია გაიმართება. ხელოვნების ნიმუშების გარდა, აუდიტორია გაეცნობა ვინჩის შოუს შესახებ დაწერილ მოკლე ტექსტებს. ამასთანავე, სალომე ჰოლი წაიკითხავს ლექციას - “დადა ფენიქსი, ანუ რა შეგვიძლია ვისწავლოთ დადასგან”.
8 აპრილს თეატრალურ კომპანია “ჰარაკიში” შვეიცარიელი არტისტის, ეველინ თრაბლის სოლო კონცერტი გაიმართება. თრაბლის მუსიკალური პოეზია ერთგვარი მედიტაციაა ადამიანად ყოფნაზე და საკმაოდ ეგზისტენციალურია, რის გამოც მუსიკოსს კრიტიკოსებმა მას თომ იორკის და პეტი სმიტის უკანონო შვილი უწოდეს. 19 აპრილს კინოთეატრ “ამირანში” შვეიცარიელი რეჟისორის, თომა ჰემერლის ფილმის - “ჯენტრიფიკაცია მე ვარ: მაწანწალას აღსარებას” ჩვენება გაიმართება, რომელიც ერთგვარი იუმორისტული, ნახევრად ბიოგრაფიული ფილმია ურბანულ განვითარებაზე, ჯენტრიფიკაციაზე და ზოგადად თანამედროვე ურბანულ ცხოვრებაზე. ჩვენების ბოლოს კი რეჟისორი აუდიტორიის კითხვებს უპასუხებს.
“თიბისი კონცეპტისთვის კულტურული პროექტების მხარდაჭერა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა ყოველთვის ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას წარმოადგენდა, - ამბობს თიბისი კონცეპტის მარკეტერი სოფო კიკვაძე. - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ კულტურულ ძვრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამიტომ, შვეიცარიულ ფესტივალთან თანამშრომლობით ხელოვნების პოპულარიზაციას ვცდილობთ და გვჯერა, რომ შვეიცარიული და ქართული კულტურის დიალოგი მომავალში გრძელვადიანი პარტნიორობის საწინდარი იქნება”.
4 აპრილს ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: conceptevents.ge
ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი