Accidentally Wes Anderson პლატფორმაა, რომელიც უეს ანდერსონის კინემატოგრაფიისთვის სახასიათო ფოტოების არქივად იქცა. 2017 წელს დაარსებული საიტი მოგზაურობის მოყვარულებს და ამერიკელი რეჟისორის თაყვანისმცემლებს აერთიანებდა, თუმცა ბოლო წლებია AWA აქტიურად მართავს გამოფენებს მსოფლიოში. ამჯერად AWA-ს გამოფენა, რომლის მთავარი თემატიკაც პეიზაჟებია,  5 აპრილიდან 26 მაისამდე ტოკიოში,  Warehouse Terrada-ში გაიმართება. 


მიუხედავად იმისა, რომ ანდერსონის ფილმებში გარემო ხშირად ფიქციურია, რეალურ მსოფლიოშიც მოიძებნება ადგილები და მომენტები, როცა სიმეტრია, პასტელური ფერები და ნოსტალგია ერთიანდება. 

აღსანიშნავია, რომ Accidentally Wes Anderson-ზე ფოტოების გაგზავნა ყველას შეუძლია, თუ, ცხადია, ფოტო იდეალურად ასახავს უეს ანდერსონის კინემატოგრაფიის სულისკვეთებას. AWA ათასობით ფოტოს მოიცავს, რომლებიც შეგიძლიათ ვებგვერდზე ადგილების მიხედვით დაათვალიეროთ.

 

ავტორი: ტატო ანთაძე