1981 წლის პარიზის მოდის კვირეულზე იაპონური მოდის სახლის, Comme de Garcon-ის და იოჯი იამამოტოს ჩვენება გაიმართა, რომელიც დიდწილად 70-იანების პანკის და ვესტვუდის “რევოლუციის” გლობალური კულმინაცია იყო. ამავე წელს პარიზში იამამოტოს ბრენდის პირველი ფილიალი გაიხსნა, რამაც მისი საერთაშორისო კარიერის განვითარებას დაუდო საფუძველი.

 

 

იამამოტომ ადრეული ასაკიდან მკერავად დაიწყო მუშაობა და ძირითადად ტრადიციული იაპონური ტანსაცმლით იყო დაინტერესებული. თუმცა, ვივიენ ვესტვუდთან შეხვედრის და ევროპაში მოგზაურობის შემდეგ, მისმა შემოქმედებამ პანკის სულისკვეთება აიტაცა: “მხოლოდ მაშინ შეიძლება რაღაცისადმი წინააღმდეგობა, როცა საკუთარ სტილს იპოვი, ტრადიციის გრძელი გზის გავლით”, - განაცხადა იამამოტომ, რომელიც 80-იანების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტანსაცმლის დიზაინერი გახდა. 

 

იამამოტოს კარიერის ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი მომენტი მისი 1986-87 შემოდგომა-ზამთრის კოლექცია იყო, რომლის კამპანიისთვისაც ფოტოები ლეგენდარულმა მოდის ფოტოგრაფმა, ნიკ ნაითმა გადაიღო. ჩვენებების მოსაწვევებიც კი მინიმალისტურად გამოიყურებოდა, ყველანაირი ოფიციალური წარწერების და რეკლამის გარეშე. ნიკ ნაითის გადაღებული კამპანიის მიზანი კი კოლექციის ზოგადი მონახაზების ჩვენება იყო და არა სხვადასხვა ტანსაცმლის დეტალურად და სრულად წარმოჩენა, რამაც იამამოტოს ბრენდს იდუმალება შემატა.


1986 წლის კოლექციის შემდეგ იამამოტომ აქტიურად დაიწყო “ფემინური” და “მასკულინური” დიქოტომიის გადააზრება. ზოგ კოლექციაში ტრადიციულად “მასკულინური” ტანსაცმელი ქალებისთვის არის განკუთვნილი, ზოგი კი ხშირად დიდწილად “აგენდერულია”. 90-იანებამდე იამამოტოს კოლექციებში იაპონური გავლენა შედარებით შენიღბული იყო და ძირითადად ტანსაცმლის დიზაინის კონკრეტულ დეტალებში ან ნაჭერთან მუშაობის პროცესში იკვეთებოდა. თუმცა, 1995 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში იამამოტომ ტრადიციული იაპონური ტანსაცმლის დიზაინის ელემენტები აქტიურად ჩართო. 


მომდევნო 4 წლის მანძილზე იამამოტომ ტრადიციული იაპონური ტანსაცმლის გარდა, ევროპული კლასიკური და ფორმალური დიზაინის ელემენტების გამოყენებაც დაიწყო, რაც მის ნამუშევრებში დღემდე აქტუალურია. მეორე მნიშვნელოვანი გარდატეხა იამამოტოს კარიერაში 1996 წელს, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებისას მოხდა. ამ დროისთვის იამამოტოს ბრენდი გლობალურად იყო დამკვიდრებული, თუმცა მისმა ახალმა კოლექციამ მოდის სამყაროს და მედიის ყურადღება მიიპყრო. 1996-97 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია სხვადასხვა სტილისა და სხვადასხვა ეპოქისთვის სახასიათო დიზაინის ელემენტებს აერთიანებდა, ამიტომ იამამოტოს ეს კოლექცია რაიმე კონკრეტულ თემატიკას ნაკლებად ეყრდნობა, რის გამოც ის დღემდე რელევანტურია. 


იამამოტოს 1998 წლის კოლექციები კი მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვანია, სეგმენტირებულია. ზოგი “ლუქი” ექსპრესიულად ფემინურია და რენესანსის ეპოქით არის შთაგონებული, ზოგს 50-იანების პარიზული გავლენა ეტყობა, ხოლო ზოგი კი 70-იანებით არის შთაგონებული, ოღონდ კონკრეტული დიზაინის ელემენტები გაზვიადებულია.  90-იანების მიწურულს იამამოტოსთვის მნიშვნელოვანი გახდა ქუდები და თავსაბურავები, რაც ნათლად აისახება დიზაინერის 1999 წლის კოლექციებზე. 


2000-იანებში იამამოტოს კოლექციებში დიზაინის გაზვიადებული ელემენტები ნაკლებად გვხვდება. პირიქით, დიზაინერის ნამუშევრებში მინიმალიზმისადმი მზარდი ინტერესი გამოჩნდა. ამასთანავე იამამოტოსთვის მნიშვნელოვანი გახდა კონტრასტის და სხვადასხვა ფორმების ჩვენება. იამამოტო მუდამ ცდილობდა, რომ ინოვაციური ყოფილიყო და შესაბამისად, მისი ყოველი მომდევნო კოლექცია გამორჩეულია ახალი მიგნებებით. მაგალითად, ამ მხრივ საინტერესოა იამამოტოს 2018 და 2023 წლის კოლექციები. 


მიუხედავად, რომ ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავდება, ორივე კოლექციაში აქცენტი არის ფორმებსა და ზოგად მოხაზულობაზე. 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია კუბიზმით არის შთაგონებული, ხოლო 2023 წლის კოლექციაში ხშირად ვხვდებით ერთი შეხედვით შეუთავსებელ და გაზვიადებულ გეომეტრიულ ფორმებს. 


იამამოტოს ნამუშევრების უნიკალურობა განპირობებულია დიზაინერის დაუღალავი ინტერესით ფორმებისადმი და მუდმივი შემოქმედებითობით. იამამოტო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ინდუსტრიის სტანდარტებს განუდგა და ახლის ძიება დაიწყო. თუმცა, მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი “ტრადიციის” პატივისცემაა. როგორც დიზაინერი განმარტავს, “სტატუს კვოს” დეტალურად გააზრების გარეშე, მისი გადააზრება წარმოუდგენელია.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Condé Nast Archive, Daniele Obberauch, Takay, Yohji Yamamoto