ჰორორის ჟანრში არქიტექტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ის ავისმომასწავებელი მოვლენების ან პერსონაჟების არცთუ ჯანსაღი ფსიქიკის საილუსტრაციოდ გამოიყენება. კლასიკურ ჰორორში, სხვადასხვა მედიუმში, იქნება ეს ლიტერატურა თუ კინო, გოტიკური და ვიქტორიანული არქიტექტურაა გავრცელებული: პირქუშ კლდეზე წამოჭიმული სასახლე ან ქალაქისგან მოშორებით მდებარე კერძო სახლი მომენტალურად აღვივებს ამ “ჰორორის” შეგრძნებას. 


ეს ნაწილობრივ იმითაა განპირობებული, რომ მსგავსი შენობები და ლოკაციები, იქნება ეს უღრანი ტყე თუ მოშიშვლებული, ცარიელი ადგილები, ერთგვარ მარტოობის შეგრძნებას გვიჩენს და ადრეული “საშიში” ისტორიები, მაგალითად, დრაკულა თუ ნოსფერატუ, სწორედ ამ შეგრძნებებზე თამაშობს. 



ამასთანავე, საშინელებათა ფილმებში ხშირად სახლი პერსონაჟის ფუნქციას ასრულებს, რადგან ის თითქოს ცნობიერია და ავი ზრახვები აქვს. ამის საუკეთესო თანამედროვე მაგალითია ნეტფლიქსის მინისერიალი Haunting of the Hill House.


დროთა განმავლობაში ის იზოლაციის და შიშის შეგრძნებები, რომელსაც სასახლეების ან ვიქტორიანული ეპოქის სახლები ბადებდნენ, შეიძლება ითქვას, თანამედროვეობას მოერგო. ამის მაგალითია კუბრიკის The Shining, რომლის “სეტ-დიზაინიც” ისეა მოწყობილი, რომ პერსონაჟების შინაგან სამყაროს შეესაბამებოდეს, ცივილიზაციისგან მოშორებით მდგომი სასტუმრო კი მარტოობის შეგრძნებას ბადებს.



ამავე მოტივებით არის შთაგონებული არი ასტერის Hereditary, სადაც ვხვდებით მდიდარი ოჯახის დიდ სახლს, რომელიც იდეალურად აღწერს გაუცხოებას, რომელიც ოჯახის წევრებს შორის თანდათან ვითარდება. 




კუბრიკის The Shining-ის შემდეგ, მოდერნისტული და თანამედროვე არქიტექტურა ჟანრის მნიშვნელოვან ესთეტიკურ ელემენტად დაინერგა. მოდერნისტული არქიტექტურა, რომელიც  სივრცეების მაქსიმალურ გამოყენებას ისახავს მიზნად და გამჭვირვალობას ეყრდნობა, იდეალურია ჰორორისთვის, რადგან გარე სამყაროს “შიგნით შემოშვება” ბევრად უფრო დამთრგუნველია, როცა ის ისედაც პირქუში და საშიშია. ღია სივრცეები, დიდი შუშაბანდები და გამჭვირვალე კედლები ისეთ განცდას აჩენს, თითქოს დასამალი ადგილი არსადაა, რაც ძალიან კარგად არის გამოყენებული 2018 წლის ფილმში - Swallow, სადაც პროტაგონისტი უფრო და უფრო უკმაყოფილოა თავისი ქორწინებით მდიდარ კაცთან, რომელიც ოჯახთან ერთად მას ნივთად აღიქვამს.





აღსანიშნავია, რომ ჰორორის ჟანრი, რომანტიკული კომედიების მსგავსად, რატომღაც ძირითადად მდიდარი ოჯახების ან ინდივიდების ისტორიას ეფუძნება. ეს აუდიტორიას რაღაც გაგებით ავტომატურად აუცხოებს და ჰორორს “არარეალურს” ხდის, რადგან ყველა სასახლეში არ ცხოვრობს. ამის მიუხედავად, Paranormal Activity-ისთან ერთად გამოჩნდა ისეთი ჰორორ-ფილმები, რომლებიც უბრალო ადამიანებზე და მათ “უბრალო” სახლებზეა: Conjuring სერიები ამის ნათელი მაგალითია.



თუმცა ჰორორის ამ ახალი ტრენდის საუკეთესო ილუსტრაცია Babadook-ია, რომელიც ქვრივი ქალის და მისი მცირეწლოვანი ბავშვის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებსაც უცნაური არსება მოსვენებას არ აძლევს.

კინოში ჰორორის არქიტექტურის ცვლილება განპირობებულია როგორც ახალი არქიტექტურული ტრენდებით, ასევე ახალი გამოწვევებით მსოფლიოში, რაც ხშირად ჟანრის შთაგონების წყაროა. დროთა განმავლობაში ხელოვნებაში აშკარა გახდა, რომ “ჰორორი” და “უცხოს შიში” ყოველდღიურობაშიც ხშირია. 

 


ავტორი: ტატო ანთაძე