არმანის საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ევროპის მოდის დედაქალაქებში მდებარეობს, გამოირჩევა დეტალებისადმი ყურადღებით, უნიკალური ავეჯით და ინტერიერის დიზაინით, რომელზეც არმანი თვითონ მუშაობდა. ამ მხრივ, არმანის სახლებს ისევე ეტყობა დიზაინერის უნიკალური ხელწერა, როგორც მის შექმნილ ტანსაცმელს. Architectural Digest-თან მიცემულ ინტერვიუში, დიზაინერი საკუთარ სახლებსა და მათ ისტორიაზე საუბრობს.
პანტელერია, იტალია
არმანიმ ამ პატარა იტალიურ კუნძულზე სახლი ჯერ კიდევ 1981 წელს შეიძინა, როცა პანტელერია შედარებით მიყრუებული ადგილი იყო. მას მერე საცხოვრებელი კომპლექსი დიზაინერისთვის იტალიის მყუდრო ოაზისად იქცა.
ბრონი, იტალია
80-იანებში არმანის იტალიაში ვილას შეძენა სურდა, სადაც შაბათ-კვირას გაატარებდა. მისი თქმით, პავიას შემოგარენში რამდენიმესაათიანი სეირნობისას ის “მინიატიურულ ვერსალის” გადააწყდა. 1950 წელს აშენებული სახლი პრაქტიკულად დანგრეული იყო, თუმცა საგულდაგულო რესტავრაციის შემდეგ, ის დიზაინერისთვის მედიტაციის ადგილად იქცა. “ბრონი ჩემთვის თეატრივითაა, სადაც რამდენიმე დღით გავრბივარ ხოლმე, რომ ჩემი გონება ახალი ჰორიზონტებისთვის გავხსნა”.
პარიზი, საფრანგეთი
დიზაინერისთვის მისი პარიზში გატარებული დრო მნიშვნელოვნად განსხვავდება მილანისგან. “პარიზში პირველად რომ ჩავედი, დღემდე აშკარად მახსოვს”. დღემდე არმანისთვის პარიზში ჩასვლა თითქოს “სხვა სამყაროში” შებიჯებას ჰგავს. ეს საცხოვრებელი სახლი, რომელიც Cafe de Flore-თან ახლოს მდებარეობს, დიზაინერმა 2014 წელს შეიძინა.
სან ტროპე, საფრანგეთი
არმანისთვის ქალაქის ხმაურისგან მოშორებით გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. დიზაინერის თქმით, სან ტროპეს ლანდშაფტი, რომელიც მთებს და ზღვას შორის იშლება, იტალიას ახსენებს. მიუხედავად იმისა, რომ სახლი საკმაოდ დიდია, ის მაინც ტოვებს სიმყუდროვის განცდას.
მილანი, იტალია
ეს სახლი არმანისთვის ძალიან პრივატული ადგილია, სადაც დიზაინერი მხოლოდ თავის უახლოეს მეგობრებს მასპინძლობს. ინტერიერის დიზაინზე არმანი პიტერ მარინოსთან ერთად მუშაობდა. ავეჯი თითქმის მთლიანად 1930-იანი წლებისაა, რადგან, არმანის თქმით, დიზაინის ეს ეპოქა მისთვის ყველაზე საყვარელია.
სენ მორიცი, შვეიცარია
დიზაინერის თქმით, აქ გატარებულ დროს “მთების რიტმი” განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ სენ მორიცს ბევრი ტურისტი სტუმრობს, ქალაქი მაინც ინარჩუნებს სიმყუდროვეს. განსაკუთრებით საინტერესოა ამ მე-17 საუკუნის დროინდელი შენობის ინტერიერი, რომელიც არმანიმ იაპონურ სტილში მოაწყო.
ფორტე დეი მარმი, იტალია
ეს ვილა, არმანის პირველი აგარაკი იყო, ამიტომ დიზაინერს ის განსაკუთრებით უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერმა სახლი დიდი ხნის წინ შეიძინა, მისი თქმით, სახლის ინტერიერში ცოტა რამ შეიცვალა. ნელ-ნელა სახლს ახალი ავეჯი დაემატა და სავარჯიშო დარბაზი თანამედროვე ხელსაწყოებით განახლდა, დანარჩენი კი უცვლელი დარჩა.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: AD Magazine
დაწერე კომენტარი