ლონდონის Design Museum-ში აი ვეივეის ახალი ნამუშევარი განთავსდა, რომელიც მონეს ცნობილი ნახატის 650 000 ერთეული ლეგოს “აგურისგან” დამზადებული ასლია. 15 მეტრი სიგანის Water Lilies აი ვეივეის ლეგოსგან შექმნილი ყველაზე დიდი ნამუშევარია.


ჩინელი არტისტი კლასიკური ნამუშევრების გადააზრებისკენ ხშირად გვიბიძგებს. ამ ნამუშევრით ვეივეი მონეს ფუნჯის ინდივიდუალურ მონახაზებს ინდუსტრიული წარმოების დეპერსონალიზებული ენით ანაცვლებს. 

ვეივეის ნამუშევარში, ყვავილებით დაფარული გუბურის პეიზაჟზე, არტისტის ბავშვობის მოგონებას, პირქუშ კარს ვხედავთ, რომელიც თითქოს მიწისქვეშეთისკენ მიმავალი პორტალია. აი ვეივეი მამასთან, აი ქინგთან ერთად 1960-იან წლებში რეპრესიულ მთავრობას გაურბოდა და გარკვეული პერიოდი მიწისქვეშა სამალავში ცხოვრობდა.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Ela Bialkowska, OKNOstudio