Qatar Museums ოლაფურ ელიასონის გამოფენას - Curious Desert-ს მასპინძლობს, სადაც არტისტის ძველი და ახალი ნამუშევრებია წარმოდგენილი. გამოფენა რამდენიმე სხვადასხვა ინსტალაციისგან შედგება, რომელთა მონახულებაც 15 აგვისტომდეა შესაძლებელი.

Curious Desert-ის სერიიდან პირველი ნამუშევრის ჩვენება კატარის ეროვნულ მუზეუმში, ალ ტაქირას ნაკრძალთან გაიმართა და ის 12 დროებითი პავილიონისგან შედგება. არტისტის ახალი ექსპერიმენტული ნამუშევრები მუზეუმის გარეთ მდებარეობს და დამთვალიერებლებს “ბუნების ელემენტებთან” ინტერაქციის საშუალებას აძლევს.

სამი პავილიონი მთლიანად ოპტიკური ფენომენების შესწავლას ეთმობა. ინსტალაციისთვის გამოყენებულია არეკლილი სინათლეები, პრიალა ზედაპირები და ხელოვნური ცისარტყელები. ორ პავილიონში კი ახალი ავტომატიზებული სახატავი მექანიზმებია, რომლებიც ნამუშევრებს შექმნიან, შემდგომ კი ისინი კატარის ეროვნულ მუზეუმში განთავსდება. 

უკანასკნელ სამ პავილიონში კი ისლანდიური ობსიდიანით და სხვადასხვა იშვიათი საშენი მასალებით შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი. 

განსაკუთრებით საინტერესოა ელიასონის Saltwater-drawing observatory, რომელიც ორ სახატავ ზედაპირს აერთიანებს, რომლებიც ნელა მოძრაობენ, მათზე კი დროთა განმავლობაში წყალში გაზავებული შავი და თეთრი პიგმენტები იღვრება. 

Rainbow Incubator თერთმეტი პრიზმისგან დამზადებული ნამუშევარია, რომელიც სინათლეს ირეკლავს და დღის მონაკვეთის მიხედვით საინტერესო ფორმებს წარმოქმნის. კონკრეტულ მომენტებში კი წრიულ ცისარტყელას ხატავს. 

კატარის ეროვნული მუზეუმის შიდა სივრცეში ელიასონის ძველი ნამუშევრებია გამოფენილი - ფოტოები, ინსტალაციები და სხვადასხვა ოპტიკური დანადგარები. შიდა სივრცეში წარმოდგენილ ერთ-ერთ ახალ ნამუშევარს The living lighthouse ეწოდება, რომელიც წრიულ ოთახში ცვალებადი ფერების კოლაჟს წარმოქმნის. 

აქვეა წარმოდგენილი Saltwater-drawing observatory-ის მიერ შექმნილი ნამუშევრები და არტისტის ფოტოსერიები. 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Anders Sune Berg