ალექს პრეიგერი თვითნასწავლი ფოტოგრაფი და რეჟისორია, რომელსაც ხელოვნებისადმი აქტიური ინტერესი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 21 წლის ასაკში, Getty Museum-ში, უილიამ ეგლესტონის გამოფენა იხილა. 

ეგლესტონის კინემატოგრაფიული ფერადი ფოტოგრაფიით შთაგონებულმა პრეიგერმა პირველი დამოუკიდებელი ფოტოსერია 2007 წელს შექმნა, სახელწოდებით Polyester, რის შემდეგაც ფოტოგრაფმა საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა. 


ალექს პრეიგერის ფოტოები “დადგმულია”, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოტოების გადაღებამდე პრეიგერი მსახიობებს არჩევს და სეტ-დიზაინზე მუშაობს. პრეიგერის ფოტოსერიები სხვადასხვა სოციალურ და გლობალურ გამოწვევებს ეხება. 

 

პრეიგერის ფოტოები ხშირად ქაოსურია და მისი ობიექტივიდან ადამიანების დიდ ჯგუფებს ვხედავთ. ამის ნათელი მაგალითია პრეიგერის Face in the Crowd, რომლის მთავარი თემატიკაც გაუცხოებაა. 


შფოთვა და გაუცხოება არტისტის შემოქმედებაში  გლობალურ დისტოპიად იჩენს ხოლმე თავს. მის ფოტოსერიაში - Compulsion - წყალში მიმოფანტულ სხეულებს, ქაოსურ ქუჩებს და დამწვარ ან დატბორილ სახლებს ვხედავთ. 


ამ თემებს უფრო სრულად და გამოკვეთილად ვხვდებით მის მოკლემეტრაჟიან ფილმში Despair, ბრაის დალას ჰოვარდის მონაწილეობით და 2012 წლის ფილმში La Petite Mort, ჯუდიტ გოდრეჩის მონაწილეობით, რომლის ჩვენებაც Compulsion-ის გამოფენასთან ერთად შედგა. არტისტის თქმით, ფილმი “სიკვდილზე მედიტაციაა” და “უიმედობასთან განმკვლავების გზა იყო”. 


პრეიგერისთვის კინემატოგრაფიული სტილის და ჰიპერრეალიზმის შთაგონების წყარო სამხრეთ კალიფორნიის “კინოს კულტურაა”. ფოტოგრაფი ჰოლივუდის წიაღში - ლოს-ანჯელესში დაიბადა და გაიზარდა. მისი ფოტოსერია - “Big Valley” ერთგვარი სასიყვარულო წერილია ჰოლივუდისთვის.


ლოს-ანჯელესით პირდაპირ შთაგონებული კიდევ ერთი ფოტოსერია, სახელწოდებით Los Angeles Dreaming ქალაქს ცოტა უფრო დისტოპიურ ელფერს მატებს. 


მიუხედავად იმისა, რომ პრეიგერის ხელოვნებაში გლობალური და ინტრაპერსონალური პრობლემები ან წუხილები ყოველთვის მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული, მის შედარებით ახალ ფოტოსერიებში ამ ტენდენციას უფრო და უფრო გამოკვეთილად ვხედავთ. ამის კარგი მაგალითია Part One: Mountain, რომელიც რამდენიმე თემას აერთიანებს: მთის სიმბოლური დატვირთვა, პირადი მოულოდნელი ტრავმა, რომელიც პარალიზებულს გვტოვებს და გლობალური პანდემია, რომელიც ასევე მოულოდნელად შეიჭრა ადამიანების ცხოვრებაში. 


პანდემიის დროს “საოცარი განშორება ვიგრძენი ოჯახისა და მეგობრებისგან… ბევრი საუბარი იყო იმის შესახებ, თუ  როგორ წავიდეთ წინ, მაგრამ თითქოს ერთმანეთის ნაკლები გაგება. გულწრფელად რომ ვთქვა, ამ სერიით ხალხის გაგება ვცადე…”

ფოტოგრაფის განმარტებით, პანდემიით განპირობებულმა განმარტოებამ ადამიანები ემოციურად უფრო რეპრესირებული გახადა. “რა მოვუხერხოთ რეპრესირებულ ემოციებს? უნდა წავიდეთ მთაზე და ბოლო ხმაზე ყვირილს ამოვაყოლოთ”. 

ალექს პრეიგერის ფოტოგრაფიის სტერილური გარემო ადამიანურ ემოციებს უფრო მძაფრად გამოხატავს და ამ მხრივ, ტრავმას და გაუცხოებას, რომელიც ხშირად გლობალური მოვლენებით არის განპირობებული, უფრო დეტალურად და მძაფრად გადმოსცემს. ამის ფონზე, ჰოლივუდისთვის სახასიათო რომანტიზმიც კი ფერმკრთალია, თუმცა პრეიგერის შემოქმედება აპათიური ნაკლებადაა და უკეთესის იმედი ყოველთვის ჩანს.

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Alex Prager, Lehman Maupinn