ციფრული სააგენტოს - HomeAdvisor-ის დიზაინერების ჯგუფმა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სერიალის - სიმფსონების ოჯახის ინტერიერები უეს ანდერსონის სტილში გარდაქმნეს. 3D მოდელები იმ ოთახებს აცოცხლებს, რომლებიც ოცდაათი წლის განმავლობაში მაყურებლების სახლადაც იქცა. 


დიზაინერებმა ოსტატურად მოახერხეს უეს ანდერსონის სახასიათო პასტელური ფერებისა და სიმეტრიების სიმფსონების ესთეტიკასთან მორგება. სიმფსონების სამზარეულოსთვის შერჩეული ვარდისფერი The Grand Budapest Hotel-ის ფერებს მოგაგონებთ. გარდა ფერებისა, დიზაინერებმა ოთახებში დაამატეს სხვადასხვა დეტალი - ვინტაჟური ტელეფონი, რეტრო ავეჯი და სხვა წვრილმანები, რამაც კონკრეტული ოთახები მეტად სახასიათო გახადა. 


HomeAdvisor-ის შემოქმედებითი გუნდმა ამ პროექტის წარდგენისას განმარტა, რომ  - ,,სიმფსონების ინტერიერები ისეთივე ახლობელია, როგორც ჩვენი საკუთარი სახლი”. შესაბამისად, ამ ოთახების ახალმა ვარიანტებმაც როგორც უეს ანდერსონის, ისე სიმფსონების თაყვანისმცემლების დიდი ინტერესი და აღფრთოვანება დაიმსახურა.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: HomeAdvisor