რელიგიასა და კულტურაში იესო ქრისტეს ბევრი სახე არსებობს: ქრისტე როგორც განმათავისუფლებელი, წინასწარმეტყველი, ფილოსოფოსი, ადამიანი და  ღმერთი. თუმცა, 70-იანების პოპულარულ კულტურაში იესო ქრისტემ ენდრიუ ლოიდ ვებერის ალბომში - Jesus Christ Superstar კიდევ ახალი, “თანამედროვე” სახე შეიძინა. 

 

 

ლოიდ ვებერის როკოპერა 1971 წლის 12 ოქტომბერს გამოვიდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. ალბომში ქრისტეს მუსიკალურ ნაწილებს იან გილანი ასრულებს, ხოლო ტექსტები ტიმ რაისის დაწერილია, რომელიც Disney-ის მულტფილმების მუსიკალურ ნომრებზე მუშაობდა. ლონდონში 1972 წელს დადგმული Jesus Christ Superstar, სადაც ქრისტეს როლს პოლ ნიკოლასი ასრულებს, 1989 წლამდე ბრიტანეთში ყველაზე პოპულარულ სპექტაკლად რჩებოდა. 

Jesus Christ Superstar-ის მრავალი ვერსია არსებობს და ის დღემდე პოპულარულია. ცოტა ხნის წინ როკოპერა ჯონ ლეჯენდის მონაწილეობითაც შესრულდა. მიუხედავად ამისა, ეს როკოპერა ყველაზე მეტად 1973 წლის იმავე სახელწოდების ფილმთან ასოცირდება, სადაც ქრისტეს როლს ტედ ნილი ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი აშშ-ში სეკულარიზმისა და პროგრესული პოლიტიკის პოპულარიზაციის პიკისას გამოვიდა, ის მომენტალურად ასოცირებული გახდა კონტრკულტურასთან და ჰიპურ მოძრაობასთან. 

ფილმში დიდი აქცენტი კეთდება იუდას პერსპექტივაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ ქრისტეს მთავარი მისია ისრაელის გადარჩენა და სოციალური პროგრესი უნდა იყოს. ამასთანავე, მას არ სწამს, რომ ქრისტე ღმერთის შვილია. ეს სენტიმენტი, ისევე როგორც თანამედროვე პოლიტიკური კომენტარით გაჯერებული ტექსტები, იმ დროისთვის ძალიან რელევანტური იყო კონტრკულტურისთვის. 

 

 

ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მოქმედება ახლო აღმოსავლეთში ვითარდება, ის ანაქრონისტულია. ფილმში ვხედავთ ჯინსებში ჩაცმულ ადამიანებსა და ერთობ კომიკური გარეგნობის ჯარისკაცებს. ფილმის პირველ კადრებში კი ჩანს, როგორ გადმოდიან მსახიობები ავტობუსებიდან და გადაღებისთვის ემზადებიან. 

 

 

სიმღერის ტექსტებში ხშირად ისმის პარალელები თანამედროვეობასთან. მაგალითად, მუსიკალურ ნომერში - Superstar, სადაც იუდა სიკვდილის შემდეგ, ქრისტეს ანგელოზებთან ერთად უმღერის,  აღნიშნავს: If you’d come today you could have reached a whole nation, Israel in 4 BC had no mass communication. (დღეს რომ მოსულიყავი, ხმას მთელ ქვეყანას მიაწვდენდი. ისრაელს ჩვ.წ-ით მეოთხე საუკუნეში მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები არ ჰქონდა.) 

მსგავსი “ნაივური” კითხვები, ბუნებრივია, ბიბლიის “ლიტერატურული” ინტერპრეტაციით. თუმცა, იმავე სიმღერაში კარგი მინიშნებაა სახარების მითოსურ ბუნებაზე, როდესაც იუდა კითხულობს: “Buddha was he where it’s at? Is he where you are? Could Muhammad move a mountain or was that just PR?” (ბუდა იქ არის, სადაც შენ ხარ? მუჰამედს მთის დაძვრა მართლა შეეძლო თუ პიარი იყო?)

ანაქრონიზმი და ფილმის დაბალბიუჯეტური "გარეგნობა" იდეალურად ჯდება მის სიუჟეტში, სადაც ტედ ნილი და კარლ ანდერსონი თავიანთ როლებს შესანიშნავად ასრულებენ. მოგვიანებით ორივე ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული.

ფილმში კარგად არის გამოკვეთილი ქრისტეს ადამიანობა და ნაკლები აქცენტია მის ღვთიურ ბუნებაზე, რადგან როგორც ტიმ რაისი განმარტავს, ქრისტეს მაყურებელი იუდას თვალით ხედავს. ამიტომ, ფილმში ქრისტე ხშირად დაბნეულია, უკმაყოფილო ან სასოწარკვეთილი მისი გარდაუვალი სიკვდილის გამო. 

Jesus Christ Superstar მეოცე საუკუნის კლასიკალურ მიუზიკლად იქცა, რადგან ფილმმა შეძლო შეენარჩუნებინა ახალი აღთქმის “მითოსური” ბუნება, სადაც მსოფლიოში გავრცელებული არქეტიპული ისტორიები გვხვდება, ამიტომ ის საინტერესოა ყველასთვის, რელიგიის და კულტურის მიუხედავად.

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Universal Pictures/ Norman Jewison