მილანში, 10 აპრილს, Salone Del Mobile-ის ფარგლებში გამოფენა Re-Evolution გაიხსნა, რომელიც თანამედროვე დიზაინერების და არქიტექტორების ხედვას აერთიანებს. Re-Evolution ერთდროულად რამდენიმე ადგილას, მილანის უნივერსიტეტის ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება. 


1700-იან წლებში აშენებული ფილარატეს ეზოებს პიერო ლისონის Macchine Impossibli, ანუ “შეუძლებელი მანქანები” დაიკავებს, ხოლო ცენტრალურ მოედანზე სტეფანო ბოერის საქანელებისგან შექმნილი ინსტალაცია იქნება მოწყობილი, სახელად calls to act, რომელიც დამთვალიერებლების ბავშვური სულისკვეთების გამოღვიძებას ისახავს მიზნად. 


აღსანიშნავია, რომ ინსტალაციებში გადამუშავებული ან ეკოლოგიურად სუფთა მასალებია გამოყენებული, რადგან გამოფენის ერთ-ერთი ცენტრალური თემატიკა მდგრადი განვითარებაა. 

Salone Del Mobile ყველაზე მასშტაბური თანამედროვე ავეჯის ბაზრობა და გამოფენაა, რომელიც მილანში ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებას 150 სხვადასხვა ქვეყნიდან 200 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს და ასობით დიზაინერი მონაწილეობს. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Matteo Vercelloni, MAD Architects