ნახევრად ცქრიალა ღვინო - "ჟუჟუნა", რომელიც იტალიური სასმელის, პროსეკოს ქართული ანალოგია, პირველად ორი წლის წინ 4GB-ს ფესტივალზე გამოჩნდა და მას შემდეგ, გარდა ფესტივალებისა და ღონისძიებებისა, ქვეყნის წამყვან ბარებსა და რესტორნებშიც ხშირად გვხვდებოდა. სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, "ჟუჟუნას" გაყიდვის ყველა წერტილი დახურულია, თუმცა კომპანიის დამფუძნებლებმა ბრენდის გადასარჩენად და მისი აქტუალურობის შესანარჩუნებლად გამოსავალი "ჟუჟუნას" ონლაინ გაყიდვებში მაინც იპოვეს. თიბისი სტარტაპერთან ერთად წარმოგიდგენთ ინტერვიუს "ჟუჟუნას" თანადამფუძნებელ ვასკა ჩუბინიძესთან, რომელიც საკუთარი ბრენდის ალტერნატიული სამოქმედო გეგმის შესახებ გვიყვება.
მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ, როდის და როგორ გაჩნდა "ჟუჟუნას" დაარსების იდეა?
ჟუჟუნა-ღვინო პირველად ორი წლის წინ 4 GB-ს ფესტივალზე გამოჩნდა. ეს არის პირველი ქართული ნახევრად ცქრიალა ღვინო, რომელიც განსხვავებული შეფუთვით, ე.წ. ჩამოსასხმელ ხელნაკეთ თაუერებში ინახება.
"ჟუჟუნას" მომზადების ტექნოლოგია ჩვეულებრივი ღვინისგან რით განსხვავდება?
საქართველოში მსგავსი პროდუქტი აქამდე არასდროს შექმნილა, ჟუჟუნა არც ჩვეულებრივი ღვინოა და არც ცქრიალა, არის ნახევრად ცქრიალა ღვინო, რომელიც იტალიიდან, კერძოდ, პროსეკოს რეგიონიდან მოდის. ჩვენ რეალურად პროსეკოს ქართული ანალოგი შევქმენით და “ჟუჟუნა” დავარქვით. რაც შეეხება მომზადების ტექნოლოგიას, რთველი ჩვეულებრივზე ორი კვირით ადრე გვაქვს, მაშინ როცა ყურძენი ბოლომდე დამწიფებული არ არის, რათა ღვინოს შედარებით მაღალი მჟავიანობა ჰქონდეს. თავიდან პირველადი ფერმენტაციით ჩვეულებრივ ღვინოდ ვამუშავებთ, შემდეგ კი მთელი წლის განმავლობაში მეორეული დუღილი მიმდინარეობს, სადაც უკვე ის ბუნებრივი გაზი იბადება, რომელიც "ჟუჟუნას" აქვს.
როგორ გგონიათ, რა ხდის გამორჩეულს თქვენს ღვინოს?
"ჟუჟუნა" ბევრი მიმართულებითაა გამორჩეული, როგორც უკვე აღვნიშნე, ასეთი პროდუქტი საქართველოში აქამდე არ შექმნილა და არც რესტორნებსა და ბარებში ყოფილა მსგავსი ჩამოსასხმელი ფორმით წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ "ჟუჟუნას" მხოლოდ ერთი სახეობა გვაქვს, რომელიც მშრალი ღვინის კატეგორიას მიეკუთვნება. მიუხედავად ამისა, მისგან ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული კოქტეილი მზადდება, იმიქსება როგორც ხილთან, ისე სხვა ალკოჰოლურ სასმელებთანაც და შეიძლება ითქვას, რომ ადრე თუ სტანდარტულ ღვინის კოქტეილებს ჩვეულებრივი ცქრიალა ღვინით ამზადებდნენ, ფაქტობრივად ჩვენ ის მთლიანად "ჟუჟუნათი" ჩავანაცვლეთ.
ვისთვის არის "ჟუჟუნა", შეგიძლიათ დაახასიათოთ ადამიანი, რომელიც თქვენი მუდმივი მომხმარებელია?
“ჟუჟუნა" იმდენად მრავალფეროვანია, რომ მგონი, ყველასთვისაა - როგორც სუფთა, ისე კოქტეილების ფორმით ძალიან ბევრი ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს. მაგრამ თუ მაინცდამაინც უნდა დავახასიათო, ეს ალბათ შედარებით ახალგაზრდა, თავისუფალი ადამიანებისთვისაა. მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გართობა და ვინც ხშირად დადის ბარებში, რესტორნებსა და ფესტივალებზე. ზოგადად, გვინდა, რომ ძალიან დემოკრატიული ბრენდი შევქმნათ, პოპკულტურის ნაწილი გავხდეთ და თანამედროვეობასაც ავუწყოთ ფეხი, პროდუქტი და მისი ბრენდინგი ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა. თუ ვამბობთ, რომ ღვინის სამშობლო ვართ, ღვინო პოპკულტურის ნაწილიც უნდა იყოს. ამიტომაც, პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სანახავია, როცა მაგალითად, 4GB-ზე ადამიანებს ჩვენი ღვინითა და ღვინის კოქტეილებით ხელში ვხედავ.
რა იყო თქვენთვის, როგორც სტარტაპერისთვის, ყველაზე დიდი სირთულე და წინააღმდეგობა, მაშინ როცა ამ საქმეს იწყებდით?
ორი წლის წინ, როცა ამ საქმეს ვიწყებდით, ძალიან ზუსტი წარმოდგენა გვქონდა იმის შესახებ, თუ როგორი გვინდოდა ყოფილიყო ჩვენი ბრენდი. განვითარების ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ "ჟუჟუნა" ზუსტად ისეთია, როგორიც წარმოგვედგინა. თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სირთულე ალბათ ის იყო, რომ ჩვენ საკუთარი ქარხანა არ გვაქვს და ღვინოს ჩვენივე დანადგარებით სხვის ქარხანაში ვაწარმოებთ. ვღელავდით იმაზეც, გამოგვივიდოდა თუ არა ის პროდუქტი, როგორიც გვინდოდა, თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან იმედისმომცემი იყო ის, რომ ჩვენი მთავარი მეღვინე გოგი დაქიშვილია, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანი ამ საქმეში.
აქამდე სად შეიძლებოდა "ჟუჟუნას" დაგემოვნება?
ჩვენი ძირითადი მიმართულება ბარები და რესტორნებია, ამიტომაც თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ბაკურიანისა და გუდაურის წამყვან ბარებსა და რესტორნებში ჟუჟუნა-ღვინოს ხშირად შეხვდებით. ამასთანავე, გვაქვს მოძრავი ბარები და სხვადასხვა ფესტივალებსა და ღონისძიებებზეც ყოველთვის ვართ ამ ბარით წარმოდგენილი. სამწუხაროდ, დღევანდელ მოცემულობაში სამივე წერტილი გაქრა და ამიტომაც ჩვენც ახალ რეალობაზე მოგვიწია გადაწყობა.
როგორ მოერგეთ ახალ რეალობას?
ონლაინ გაყიდვაზე გადავედით, აღმოჩნდა, რომ ბარებისა და რესტორნების მიმწოდებლებისგან პირდაპირ გამყიდველებად ვტრანსფორმირდით. დღეს Glovo-სა და Wolt-ის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია, რომ როგორც თავად ჟუჟუნა-ღვინო, ისე მისგან დამზადებული კოქტეილები სახლში დააგემოვნონ.
როგორია მომხმარებლების ჩართულობა, რამდენად სარგებლობენ თქვენ მიერ შეთავაზებული ონლაინსერვისით?
მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელ რიცხვებთან შედარებაც კი არ არის, ამ მოცემულობაში ყველაფერი მაინც ძალიან კარგად მიდის. ონლაინ რეჟიმზე გადასვლას ამ ეტაპზე ორი მიზანი აქვს: ერთი, რომ თანამშრომლების ხელფასები გადავიხადოთ და მეორე ის, რომ კრიზისის მიუხედავად ბრენდმა აქტუალურობა არ დაკარგოს. სამწუხაროა, რომ ბაზრიდან ძალიან ბევრი ბრენდი გაქრა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ასე არ მომხდარიყო და ამიტომაც არ ვნებდებით, ბევრი ახალი იდეა გვაქვს და ვცდილობთ, რომ ამ რეალობაში მუშაობა კიდევ უფრო საინტერესო გახდეს.
ალბათ შეგეცვალათ გეგმებიც, ამ პირობებში როგორია ალტერნატიული სამომავლო გეგმა?
მოკლევადიანი მიზანი, რაც შეგვიძლია ამ ეტაპზე განვახორციელოთ, ონლაინგაყიდვების მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება და განვითარებაა. ამ მხრივ ბევრ ახალ შესაძლებლობას ვხედავთ, თუმცა რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი გაყიდვების წერტილები ალბათ ყველაზე ბოლოს გაიხსნება, ბუნებრივია, მხოლოდ ამას ვერ დავჯერდებით.
გარდა იმისა, რომ ბრენდი აქტუალური დარჩა, ონლაინგაყიდვებზე გადასვლას ის უპირატესობაც აქვს, რომ უშუალო გაყიდვის საინტერესო გამოცდილებას ვაგროვებთ, რაც საბოლოოდ, ალბათ ჩვენი პროდუქტის მასობრივ დისტრიბუციაში გამოჩენით დასრულდება. ცხადია, ეს იდეა ახლა არ გაჩენილა, პირიქით, ამოსავალი წერტილი ყოველთვის ბაზარზე მასობრივად შესვლა იყო, თუმცა ამას ძალიან დიდი ძალისხმევა და ფინანსები სჭირდება, რასაც იმედია მოვახერხებთ.
დაწერე კომენტარი