მსოფლიო კინოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჟანრია ეგრეთ წოდებული coming of age. ფილმები მოიცავს ისტორიებს, სადაც არასრულწლოვანი პერსონაჟების ცხოვრებაში გარდამტეხი მოვლენები, მათ ახალ, სრულწლოვანებისა და ზრდასრულობისკენ მიმავალ გზაზე აყენებს.
ახალგაზრდობის წლები კინოში, თითქმის ყოველთვის, “ტკბილ-მწარეა”, რადგან, ერთი მხრივ, ცხოვრების შედარებით მონოტონური ეტაპი იწყება, მეორე მხრივ კი, ის შფოთვა, რომელიც საზოგადოებაში ადგილის პოვნას ახლავს და ბავშვობის ტრავმები ნელდება. ეს გარდამტეხი მომენტი შეიძლება ეტაპობრივად მოხდეს, თუმცა ამ ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებელ ფილმში, The Breakfast Club-ში, პერსონაჟების ეს გარდასახვა ერთი დღის მანძილზეა ნაჩვენები.
Breakfast Club მნიშვნელოვანი კიდევ იმიტომ არის, რომ მისი დამსახურებით ჟანრის გარკვეული ტროპები, ისევე როგორც არქეტიპული პერსონაჟები, სამუდამოდ დამკვიდრდა: პოპულარული, მაგრამ კომპლექსებიანი გოგო, თავქარიანი, მაგრამ გულჩვილი ბიჭი… ემო და უკარება, მაგრამ მოსიყვარულე და ა.შ.
ზოგადად, რთულად მოიძებნება “თინეიჯერული” ფილმი, რომელშიც ეს არქეტიპები არ არის გამოყენებული. მაგალითად, ყოველთვის მოღუშული, იდუმალი და ცივი პერსონაჟი, რომელიც სინამდვილეში ძალიანაც კეთილი და მოსიყვარულეა, იმდენად ხშირად გვხვდება მედიაში, რომ თითქოს ერთ უნივერსალურ პერსონაჟს ვუყურებთ.
ასეთი ადამიანები ხშირად ჭკვიანები არიან და ლიტერატურა, ფილოსოფია ან პოეზია უყვართ.
პერსონაჟების გაორება, რომელიც Breakfast Club-შია ნაჩვენები, ხშირად მათი დაბნეულობის, შფოთვის და აპათიის განმაპირობებელია ხოლმე. ამიტომ კლასიკურ “თინეიჯერულ” ფილმებში ერთობ კომიკური ნიჰილიზმი “მთავარ როლს თამაშობს” და ხშირად “უფროსების” კონვენციისადმი სიძულვილით, ჰედონიზმით და საეჭვო ცხოვრებისეული გადაწყვეტილებებით ხასიათდება.
ლარი კლარკის და ჰარმონი კორინის Kids ამ სენტიმენტით არის გაჯერებული. ფილმი დიდწილად ტელის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც დაუცველი სექსის, ნარკოტიკების და, რა თქმა უნდა, სკეიტბორდის სამყაროში შეაბიჯებს.
მიუხედავად იმისა, რომ Kids არასრულწლოვანების საკმაოდ “გრაფიკულ” სცენებში წარმოჩენის გამო თავის დროზე ძალიან საკამათო ფილმი იყო, მან “აპათიური თინეიჯერობის” მთელი ჟანრი შთააგონა, რომელიც დღევანდელობაში ბევრად დაფასებულია.
HBO-ს Euphoria, მაგალითად, ასეთივე თემებს ეფუძნება, თუმცა ბევრად “ჰოლივუდურია”, სადაც ზრდასრული მსახიობები ნაკლებად დამაჯერებლად განასახიერებენ ახალგაზრდა თინეიჯერებს. თუმცა, ცხადია, თინეიჯერობა მხოლოდ აპათია და ნიჰილიზმი არაა. ახალგაზრდობის პერიოდის დიდი ნაწილი მოცალეობაა. ბავშვობაში ადამიანებს მეტი დრო აქვთ უსაქმოდ ყოფნისთვის, როდესაც ისინი პასიური დამკვირვებლები არიან ან მოზღვავებული ენერგია ერჩით, რაც ხშირად ბულინგის უცნაური ფორმებით არის გამოხატული, რომელიც ძალიან კარგად არის ნაჩვენები ჟანრის კიდევ ერთ კლასიკურ ფილმში - Dazed and Confused.
მიუხედავად იმისა, რომ აქაც ზრდასრული მსახიობები თავს ბავშვებად გვაჩვენებენ, ფილმი მაინც ინარჩუნებს თინეიჯერულ სულისკვეთებას. ზოგ კადრში თითქოს პერსონაჟების გაურეცხავი ტანსაცმლის სუნიც კი იგრძნობა.
Coming of age ისტორიის პოპულარობის პიკი ადრეულ 2000-იანებში იყო, რადგან თინეიჯერობის თემატიკა საინტერესოა როგორც ზრდასრულებისთვის, ნოსტალგიური მიზეზების გამო, ისე თვითონ თინეიჯერებისთვის, რომელთა ჩამოუყალიბებელი გონებაც მოწყურებულია ტელევიზორში ნანახი იდენტობის მორგებას.
ბრიტანული სერიალი Skins, 90-იანების კლასიკურ თინეიჯერულ ფილმებში ჩამოყალიბებულ არქეტიპებს სრულად იყენებს, რითაც შედარებით “კონტროვერსიული” თემები მეინსტრიმში საბოლოოდ დამკვიდრდა.
Skins-ში იდეალურად არის ნაჩვენები “უჩვეულო მეგობრობის” ისტორიები, რისი ილუსტრაციაც პანდორას და ეფი სტონემის მეგობრობაა. ემო და ხალისიანი პერსონაჟების ან არაპოპულარული და პოპულარული თინეიჯერების მეგობრობა დღესაც აქტუალურია.
ზოგადად, თინეიჯერებზე გადაღებული ბრიტანული შოუები და ფილმები, გარკვეულწილად, უფრო გულწრფელია, ვიდრე მსგავსი ჰოლივუდური ისტორიები. ბავშვები მაინც ბავშვურად გამოიყურებიან, როგორც ეს Inbetweeners-შია ძალიან კარგად ნაჩვენები.
მეორე მხრივ, ჰოლივუდში თინეიჯერული ფილმების ერთგვარი მეტა-ჟანრი ჩამოყალიბდა, იქაური ფილმები არასრულწლოვანების პერიოდის გულწრფელ წარმოჩენას კი არ ისახავს მიზნად, არამედ უმთავრესად ჟანრში დამკვიდრებულ ნარატიულ ხაზებს და პერსონაჟებს ეყრდნობა.
ამ მხრივ, ბრიტანული ნიჰილიზმის საპირწონედ, ამერიკულ ფილმებში რომანტიკული კომედიით შთაგონებული თინეიჯერული ფილმები გაჩნდა. მაგალითად, Mean Girls და Clueless, სადაც ცნობილ არქეტიპებს კიდევ ერთხელ ვხვდებით.
Mean Girls-მა “საკუთარი თავის პოვნა” თინეიჯერული დრამების და კომედიის ცენტრალურ თემატიკად აქცია. “ვინ ვარ მე?” მთავარი კითხვაა, რომლისთვისაც პერსონაჟები პასუხის გაცემას ცდილობენ Netflix-ის coming of age-ის ისტორიებში. თუმცა, 2000-იანებისგან განსხვავებით, ეს კითხვა ხშირად პოლიტიკურ და სოციალურ თემებთანაა გადაჯაჭვული.
Moxie, Sex Education, Heartstopper და მსგავსი სერიალები თუ ფილმები მთლიანად ამ კითხვის გარშემოა აწყობილი, სადაც პერსონაჟების ცხოვრებაში მათ რეალობაში არსებული სოციალური და პოლიტიკური საკითხები მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
თინეიჯერობის პოლიტიკური და სოციალური ქვეტექსტი ძალიან კარგად არის ნაჩვენები HBO-ს Betty-ში, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრები სკეიტერი მეგობრების ცხოვრებას მოგვითხრობს. ამასთანავე დიდი აქცენტი კეთდება ბავშვობის ტრავმაზე, იქნება ეს მეგობრის ნაადრევი სიკვდილი, სექსუალური შევიწროება თუ სხვა რამ.
ზოგადად, ბავშვობის ტრავმას ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამ ჟანრის ფილმებშიც ის ცენტრალურ როლს თამაშობს. ჯონ გრინის ნოველების პოპულარიზაციის შედეგად, 2010-იანებში მისივე ნოველებზე დაფუძნებული ფილმები გამოჩნდა, რომელმაც თინეიჯერული ცხოვრება უფრო ფილოსოფიურ ჭრილში წარმოაჩინა. ამის ნათელი მაგალითებია - Fault in Our Stars, Paper Towns და Looking For Alaska, ისევე როგორც გრინის ნოველებით შთაგონებული ფილმები - Me, Earl and the Dying Girl, It’s kind of a funny story.
ამ უკანასკნელში მთავარი პერსონაჟები მენტალური ჯანმრთელობის სირთულეებს ეჭიდებიან. ხშირად დეპრესია თინეიჯერულ ფილმებში მნიშვნელოვანი საკითხია, სწორედ მენტალური ჯანმრთელობის თემატიკის გარშემოა აწყობილი Little Miss Sunshine, სადაც პერსონაჟები ემოციურ კავშირს საზიარო ან მსგავსი ტრავმების გამო ამყარებენ.
ბო ბურნამის 8-th Grade მენტალური ჯანმრთელობის და სოციალური მედიის კავშირს ეხება, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ახალგაზრდების სოციალურ სტატუსზე.
გრინის ნოველებზე გადაღებულ და ისეთ ფილმებში, როგორიცაა Looks that kill ან All the Bright Places, სკოლის ბოლო წლები ზრდასრულის პერსპექტივიდან არის დანახული. სწორედ ამიტომ, ამგვარ ფილმებსა და სერიალებში ბავშვები ხშირად ზრდასრულებივით იქცევიან და ამ გაგებით, სკოლა, მშობლები, სხვადასხვა ინსტიტუციები თუ სოციალური ფონი სხვა პერსპექტივითაა წარმოჩენილი, “აპათიური ახალგაზრდობა”, ამ მხრივ, უბრალოდ ნარატიული ხელსაწყოა.
მეორე მხრივ, ისეთი შოუები და ფილმები, როგორიც არის Derry Girls და Sing Street, ცხოვრების ბავშვურ და ზრდასრულ ხედვას შეუმჩნევლად აერთიანებს. ამის განსაკუთრებით კარგი მაგალითია Derry Girls, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები ბავშვების და მათი მშობლების ცხოვრებას ვადევნებთ თვალს, ფონს კი ტეტჩერის “ქამრის შემოჭერის” სოციალურ პოლიტიკა და IRA-სთან დაპირისპირებები ქმნის.
უცნაურია, მაგრამ Derry Girls-ის სამყარო ქართველი მაყურებლისთვის მომენტალურად ნაცნობია. პირველი სეზონის ფინალურ სცენაში ირლანდიაში ბილ კლინტონის ვიზიტი მიმდინარეობს, სადაც ბავშვები ზრდასრულების აღტაცებას არიან აყოლილი და ამერიკის დროშებით კლინტონის მოსასმენად მიდიან. ეს კადრი 2000-იანებში მოზარდობის ასაკის ქართველი მაყურებლისთვისაც ნაცნობი უნდა იყოს თავისი დაბნეულობით და ეიფორიით, რადგან Derry Girls-ში კლინტონის ვიზიტი ირლანდიაში ძალიან წააგავს ბუშის ვიზიტს საქართველოში. იქაც და აქაც ბავშვებს ამ მოვლენების პოლიტიკური მნიშვნელობა არ ესმით, თუმცა ხვდებიან, რომ “რაღაც ხდება”. სწორედ ამ უსიტყვო ეიფორიის, ან პირიქით, აპათიის წარმოჩენა “თინეიჯერულ ფილმებს” უნივერსალურ ჟანრად აქცევს.
Coming of age ისტორიები აუდიტორიისთვის ხშირად არღვევს კულტურულ ბარიერებს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი ბავშვების ცხოვრება, ცხადია, მნიშვნელოვნად განსხვავდება, ბავშვობას და “თინეიჯერობას” გარკვეული უნივერსალური თვისებები აქვთ, რომლებიც ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი