თბილისში არაერთი რესტორანია, სადაც ჯანსაღად მომზადებულ და გემრიელ კერძებთან ერთად, დროს მყუდრო და მშვიდ ატმოსფეროში გაატარებთ. ამასთანავე, ბევრ რესტორანს ლანჩის მრავალფეროვანი მენიუ აქვს, რომელიც სტუმრებს განსხვავებულ არჩევანს სთავაზობს, იქნება ეს კლასიკური კერძები თუ უცხო გემოები.
Bagelin/Saidanaa
Bagelin თბილისში ნიუ-იორკის სტილის ბეიგელების მაღაზია და კაფეა, რომელიც სტუმრებს მუდმივად განახლებად მენიუს და ბეიგელის სენდვიჩებს სთავაზობს, რომელშიც ხშირად იყენებენ ქართული კერძებისთვის სახასიათო ინგრედიენტებს. Saidanaa კი სტუმრებს მაღალი ხარისხის ხორცის პროდუქტებს და ძეხვეულს სთავაზობს. Bagelin და Saidanaa ერთად მუშაობენ უნიკალური გემოების შექმნაში. აღსანიშნავია Saidanaa-ს სალიამის საფერავის მარინადი, რომელიც ღვინის არომატით არის გაჯერებული და ბეიგელს ძალიან უხდება.
Margot
Margot-ში გამორჩეული ლანჩის მენიუ აქვს. რესტორანი სტუმრებს ოთხი ტიპის “ლანჩ სეტს” სთავაზობს, რომლის გამოძახებაც შეგიძლიათ. თუ ვეგეტარიანული ლანჩი გსურთ, მაშინ შეგიძლიათ ლობიოს სეტი შეუკვეთოთ, ქართულ სალათთან ერთად ან შეგიძლიათ უბრალოდ ხაჭაპური/ლობიანის ლანჩი მიირთვათ. Margot-ს ყველაზე პოპულარული ლანჩ სეტი, ავოკადოს ტოსტი და კლასიკური ცეზარის სალათია.
თიბისი კონცეპტის კაფე
თიბისი კონცეპტის კაფეში დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებთ თქვენთვის სასურველი კერძების დაგემოვნებას, სასიამოვნო ატმოსფეროში განმარტოებას თუ მუშაობას. კაფე საუკეთესო ადგილია ბიზნეს-ლანჩებისა და საქმიანი შეხვედრებისთვისაც. მრავალფეროვან მენიუში შეხვდებით როგორც გვიანი საუზმის დროს მისართმევ კერძებს, ასევე წასახემსებლებს, სალათებს, მთავარ კერძებს, დესერტებს და ჯანსაღ დეტოქს-კოქტეილებს.
Madre
Madre-ში ლანჩი ყოველდღე 1-იდან 5 საათამდე დაგხვდებათ, ლანჩ მენიუდან შეგიძლიათ შეუკვეთოთ შემწვარი კრევეტები შემწვარ კვერცხთან ერთად ან უგემრიელესი ბურგერი. ბასკურ რესტორანში ასევე შეგიძლიათ მიირთვათ მრავალფეროვანი ბოსტნეულის კერძები - გრილზე შემწვარი ავოკადო, შებოლილი კარტოფილი, შემწვარი პრასი და სხვადასხვა დელიკატესები.
They Said Books
They Said books კაფესთან ერთად წიგნების მაღაზიაცაა. აქ შეგიძლიათ გარე ან შიდა სივრცით ისარგებლოთ, ლანჩი მიირთვათ და წიგნების გარდა, საინტერესო ჟურნალებიც დაათვალიეროთ. They Said Books-ის მენიუ ძირითადად ჯანსაღ და მსუბუქ კერძებს მოიცავს, როგორიცაა ავოკადის აბ სტრაჩატელას სალათი შავი ტრუფელით და სხვადასხვა ვეგანური სენდვიჩები. თუ ხორცის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ შეუკვეთოთ პროშუტოს ან ორაგულის სენდვიჩი.
Namu
ჯანსაღი ვეგანური ლანჩი შეგიძლიათ მიირთვათ Namu-ში, სადაც დაბალანსებულად მოგართმევენ თქვენთვის საჭირო ცილებს, ცხიმებსა თუ ვიტამინებს. “ნამუში” შეძლებთ გასინჯოთ ვეგანური ტრიუფელის ყველი, ქეშიუს კარაქი, ჩიას უგემრიელესი პუდინგი. ლანჩისთვის აქ შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვა “თასები”, როგორიცაა “ტაილანდური თასი”, ანუ ბრინჯის ვერმიშელი ნუში-ჩილის სოუსით და კრეკერებით, დეტოქსის თასი კიმჩით, ტოფუთი და ტაჰინის ბაჟეთი ან ინდური თასი, ანუ ქეშიუ-ქარის სოუსით შეკმაზული ყვავილოვანის ბრინჯი და კრეკერები.
Ummy
Ummy-ს ინოვაციური მიდგომა მინიმალისტური სამზარეულოს კონცეფციაში მდგომარეობს, სადაც კერძები რესურსების მინიმალური გამოყენებით იქმნება. კერძებს აქ მოგართმევენ ბუნებაში არსებული, შეუცვლელი ფორმით, თერმულად დაუმუშავებელს - პროდუქტების ცხობის, ხარშვისა და შეწვის გარეშე. Ummy-ს ლანჩ მენიუს ორი სეტი აქვს. საინტერესოა ვეგანური დეტოქს სეტი, რომელიც მწვანე სალათისგან და ნიახურის smoothie-სგან შედგება, მეორე ვარიანტი კი ავოკადოს სენდვიში და სასურველი ხილის “ფრეშია”.
Akurasan
აქ შეგიძლიათ ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი სუში მიირთვათ. მენიუ ცნობილი შეფმზარეულის, თეკუნა გაჩეჩილაძის შედგენილია და აზიური კერძების ფართო არჩევანთან ერთად, სტუმრებს ნატურალური ქართული ღვინის მენიუსაც სთავაზობს.ლანჩ მენიუ აკურასანში ეგრეთ წოდებული "ბენტო ბოქსებით" არის წარმოდგენილი. აქედან სტუმარს შეუძლია მიირთვას რამენის და დამფლინგების ბოქსი ან იაკიტორის სეტი.
Seoul
რესტორანი სტუმრებს მუდმივად სთავაზობს ცვალებად "ლანჩ ბოქსებს". თქვენ შეგეძლებათ დააგემოვნოთ კორეული სამზარეულოს გამორჩეული კერძები - შეგიძლიათ აირჩიოთ Bulgogi სეტი, რომლის მთავარი ინგრედიენტიც თხლად დაჭრილი ძროხის ხორცია ან ტაფაზე შემწვარი ღორის ხორცის სეტი. კიმჩის გარდა, "ლანჩ ბოქსებში" გარნირი მუდამ იცვლება, თუმცა ყველაზე ხშირად გემრიელ ხორცს კარტოფილი ან ბადრიჯანი მოყვება.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: სალომე გოგაშვილი
დაწერე კომენტარი