თბილისის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული 4 მაისს Factory Tbilisi-ში გაიხსნება და 8 მაისამდე გაგრძელდება, სადაც ქართველი და უცხოელი დიზაინერების მიერ შექმნილ შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს ვიხილავთ, ქართული მოდის სფეროში მიმდინარე ამ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას Hammock Magazine  ტრადიციულად კვლავ „ბორჯომთან” ერთად გააშუქებს.

MBFW-მა ცოტა ხნის წინ სოციალურ მედიაში გრიგორ დევეჯიევის და მერაბ ჭუმბურიძის მიერ გადაღებული ფილმი გამოაქვეყნა, რომელიც მოდის კვირეულის სოციალურ კონტექსტზე მიანიშნებს: “ჩვენივე შექმნილი სისტემები გვათვინიერებენ, გვმართავენ და გვიმორჩილებენ. ტყვეობაში ვყავართ სიტყვებს, ჩვევებს, აზრებს, რომლებიც ჩვენ დავწერეთ, დავხატეთ, დავხაზეთ, ფორმა მივეცით. ახლა კი ეს უმარტივესი, პრიმიტიული უსიცოცხლო არსებები ჭკვიან, აგრესიულ და ამბიციურ ცოცხალ ორგანიზმებად გადაქცეულან და აგვიჯანყდნენ, გვანადგურებენ. შეაღწიეს ადამიანი არსებობის ყველა სფეროში - ეკონომიკაში, პოლიტიკაში, კულტურაში და გვართმევენ ყველაფერს, გვპარავენ ერთმანეთს, გვპარავენ თავებს და სამუდამოდ გადამალავენ. მაგრამ ჩვენ კიდევ ბევრი რამ შევქმენით, გამოვიგონეთ ზრუნვა, დავუჭირეთ მხარი, დავეხმარეთ, გადავეფარეთ, თავიც გავწირეთ... იქნებ ესენია ის საიდუმლო იარაღები, ჩვენივე მოგონილ ომებში რომ გაგვამარჯვებინებენ”.

მოდის კვირეულის ფარგლებში ღონისძიებას 50-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება, გარდა კოლექციების ჩვენებისა, თბილისის ისტორიულ ადგილებში გამოფენები, მასტერკლასები და საჯარო დისკუსიებიც გაიმართება, ასევე გამოვლინდება 2023 წლის Benext-ის გამარჯვებული. Benext საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდა დამწყები დიზაინერების აღმოჩენას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. წელს კონკურსში გამარჯვებულები, კონკურსის პირობების თანახმად, იტალიის, საფრანგეთის და ამერიკის მოდის სახლებში შეძლებენ სტაჟირების გავლას. 

მოდის კვირეულის მხარდამჭერია Georgian Fashion Foundation, რომელიც ქართველი დიზაინერების და ლოკალური არტ-სცენის გლობალურ ინტეგრაციას უწყობს ხელს.

 

ავტორი: ტატო ანთაძე 

ფოტო: ლევან მაისურაძე, გიორგი ყოლბაია