ყოველთვის როდესაც იტალიაში მოგზაურობას ვიხენებ, სახეზე ღიმილი მესახება, გიჟური, ბედნიერი. ქვეყანა ხმაურიანი - საჭმელი, ხალხი, სილამაზე, ხელოვნება, ამინდი,  ქაოსური ქუჩები, ყველა ჟესტსა და წვრილმანში გამოსახული ვნება და  ხასიათი. იტალიაში ვენერას (აფროდიტეს) არსებობას დაიჯერებ, რომ არა ღმერთი, წარმოუდგენელია, ბუნებას თავისით შეექმნა ამდენი სილამაზე, ვნება და სიყვარული. როდესაც სორენტოდან ამალფის სანაპიროსკენ მიდიხარ, მოსახვევებში სუნთქვა გეკვრება (და არა იმიტომ, რომ სასწაულად ვიწრო გზაზე დიდი ავტობუსი გადასწრებას ცდილობს და იმდენად ახლოს ხარ კლდის კიდესთან - უკვე გგონია, რომ ამ სამოთხეში მოგიწევს სიკვდილი, მაგრამ ფხიზლდები მძღოლის ხმამაღალი ყვირილით, რომელიც ხელებით მიუთითებს ყველას, თუ როგორ ატარონ მანქანა), ამ მიზეზით არა, უბრალოდ დაუჯერებელი სილამაზისგან, მადლიერების გრძნობისგან, იმის გააზრებისას,  რომ იმწამს, იმ მომენტში იმ საოცრების ნაწილი ხარ.