„პირველ პირში“ - ასე ჰქვია კახა თოლორდავას მიერ თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს საქართველოში Eastern Promotion-ის მიერ გამართული ჯაზფესტივალების ისტორიის შესახებ, რომლის პრემიერაც 30 აპრილს, სიმბოლურად ჯაზის მსოფლიო დღეს გაიმართა, ფართო აუდიტორიას კი მისი ნახვის შესაძლებლობა თბილისის 26-ე ჯაზფესტივალზე ექნება. კახა თოლორდავას მიერ შექმნილ დოკუმენტურ ფილმში ფესტივალის დამფუძნებლები ქრონოლოგიურად გვიამბობენ, როგორ შეიქმნა 1998 წელს „ისტერნ ფრომოუშენი“, რომელმაც 2000 წელს თბილისის საერთაშორისო ჯაზფესტივალის ჩატარების ტრადიცია აღადგინა, 2007 წლიდან საფუძველი ბათუმის ჯაზფესტივალსაც ჩაუყარა, დღეს კი თბილისისა და ბათუმის ჯაზფესტივალებთან ერთად, ყოველწლიურად, კახეთში Jazz and Wine-ის ბრენდად ქცეულ ღონისძიებასაც მასპინძლობს, რომელიც მუსიკისა და ღვინის საშუალებით ამ ორი კულტურის მოყვარულ ადამიანებს ერთმანეთთან აერთიანებს.

კახა თოლორდავას ფილმში და Eastern Promotion-ის დამფუძნებლების მიერ მოყოლილ ისტორიებში ნათლად ჩანს,  მრავალი სირთულის მიუხედავად, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც ქვეყანა სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებს უმკლავდებოდა, როგორ შეძლო მინიმალური რესურსებით დაწყებულმა იდეამ რეგიონის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაზმოვლენა გამხდარიყო.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი