4 მაისს Mercedes-Benz-ის თბილისის მოდის კვირეული გაიხსნება, რომელიც მოიცავს როგორც ქართველი და უცხოელი დიზაინერების შემოდგომა-ზამთრის კოლექციების ჩვენებებს, ისე სხვადასხვა სახის შეხვედრებს, ღონისძიებებს და მასტერკლასებს თბილისის მასშტაბით და ის 8 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ქართული მოდის სფეროში მიმდინარე ამ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას Hammock Magazine ტრადიციულად კვლავ „ბორჯომთან” ერთად გააშუქებს, მანამდე კი ღონისძიების სრულ პროგრამას გაგაცნობთ.
მოდის კვირეული 19 საათზე Be Next Designers-ის არტისტების ნამუშევრების ჩვენებით დაიწყება. Be Next Designers საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდა დამწყები დიზაინერების აღმოჩენას ისახავს მიზნად. 8 საათზე კი უტა ბექაიას და ლიკა ევგენიძის თანამშრომლეობით შექმნილი Melancholia Costume Project-ის ჩვენება გაიმართება, სახელწოდებით “პოლიტიკური რიტუალები”. უტა ბექაია მულტიმედია არტისტია, რომელიც 20 წელზე მეტია ძირითადად ნიუ-იორკში მოღვაწეობს. მის ნამუშევრებში - ინსტალაციებსა და პერფორმანსებში ტანსაცმლის დიზაინს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
მოდის კვირეულის პირველი დღე BLIKVANGER-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებით დასრულდება; მეორე დღეს კი, 14 საათზე Solo Lounge-ში დიზაინის ევროპული ინსტიტუტის დირექტორის, დანილო ვენტურის ლექცია ჩატარდება, სახელწოდებით Fashion after Fashion. დიზაინის ევროპული ინსტიტუტი ვენტურის ხელმძღვანელობით მოდის სამყაროს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი გახდა. ვენტური ხშირად თანამშრომლობს ცნობილ მოდის სახლებთან, როგორებიცაა - Gucci, Richemont და WGSN.
Factory Tbilisi-ში კი Berhasm-ის, უკრაინული ბრენდის, Jean Gritsfeldt-ის და Reckless-ის ჩვენებები გაიმართება. Berhasm დიზაინერ ბესო ტურაზაშვილის დაარსებული ბრენდია, რომლის ტანსაცმლის დიზაინიც 90-იანების ნოსტალგიას და აღმოსავლეთ ევროპის უხეშ სენტიმენტებს აერთიანებს. Jean Gritsfeldt ყველაზე პოპულარული უკრაინული ბრენდია, რომელმაც პირველი კოლექცია 2012 წელს, უკრაინულ მოდის კვირეულზე, The Black Unicorn-ზე წარადგინა. Jean Gritsfeldt-ის ტანსაცმელი ხშირად ექსპერიმენტული მასალებისგან მზადდება და კომპლექსურ ფორმებს აერთიანებს. Reckless-ის კონცეფცია ახალგაზრდების პოსტსაბჭოთა რეალობას ეფუძნება და ამ მხრივ ის Gen Z-ისთან გლობალურად ასოცირებულ დიზაინის ელემენტებს ქართველი ახალგაზრდობის რეალობასთან აერთიანებს.
6 მაისს თბილისის მოდის კვირეული გარდენიას ესტუმრება, სადაც ზურა შევარდნაძის ლექცია ჩატარდება, სახელწოდებით “Who can dictate me”, ხოლო Solo Lounge-ში იტალიელ დიზაინერთან, ალდო მარია კამილოსთან საჯარო დისკუსია გაიმართება. 4 საათიდან კი Be Next-ის, Tatuna-ს, Aka Nanita-ს, Dildora Kasimova-ს ჩვენებები გაიმართება, ხოლო Abano 5-ში Situationist-ის ახალ კოლექციას ვიხილავთ.
დღის მიწურულს, ღამის 12 საათზე MBFWT-ის ხელშეწყობით დრეგ შოუ გაიმართება, რომელიც ბოლო დროს თბილისში მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცა. 7 მაისს აღმაშენებლის 111-ში Ingorokva-ს პრეზენტაცია “Unfound Door” გაიმართება, შემდეგ კი Keburia-ს ახალ კოლექციას ვიხილავთ. Factory-ში კი God Era-ს, თაკო მექვაბიძის და Sayya-ს ჩვენებები გაიმართება. ღონისძიების მეოთხე დღე Mono Hall-ში აკა ფროდიაშვილის ჩვენებით დასრულდება. 8 მაისი მოდის კვირეულის ბოლო დღეა, რომლის დიდი ნაწილიც აღმოსავლეთ ევროპელი დიზაინერების ჩვენებებს დაეთმობა: 15 საათზე უკრაინელი დიზაინერების Showroom Visit გაიმართება, ხოლო მოგვიანებით უკრაინელი დიზაინერის, ნადია დზიაკის, აზერბაიჯანული ბრენდის, Uventa-ს და მოლდოვური ბრენდის, Ok Kino-ს ახალ კოლექციებს ვიხილავთ. თბილისის მოდის კვირეული 21 საათზე, Datuna-ს ჩვენებით დასრულდება.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი