გალერეა არტბითი და They Said Books 6 და 7 მაისს Factory Tbilisi-ში, Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში, რეი კავაკუბოს  და ბრაიან გრიფინის საქართველოში მოგზაურობისას გადაღებული ფოტოების გამოფენას და წიგნის პრეზენტაციას გამართავენ. 

1989 წლის მიწურულს საქართველოს Comme des Garcons-ის დამფუძნებელი რეი კავაკუბო და ლეგენდარული ფოტოგრაფი ბრაიან გრიფინი სტუმრობდნენ, რომლებმაც კახეთის სოფელში ადგილობრივების მონაწილეობით Comme des Garcons-ის კოლექციის ფოტოები Six Magazine-ისთვის გადაიღეს. ფოტოგრაფის თქმით, “მთელი ამ გადაღების მთავარი კონცეფცია რეი კავაკუბოს სამოსისა და ადგილობრივი მცხოვრებლების ჩაცმის სტილის მიქსს წარმოადგენდა”.

აღსანიშნავია, რომ კავაკუბოს და ბრაიან გრიფინის საქართველოში სტუმრობის მიზეზი ნიკო ფიროსმანი იყო, რომლის შემოქმედებაც ორივეს ძალიან მოსწონდა. 

გამოფენაზე ქართული აუდიტორია ბრაიან გრიფინის საქართველოში გადაღებული ფოტოების დათვალიერებას შეძლებს და მის კავაკუბოსთან მოგზაურობის ისტორიას გაეცნობა. 

 

ავტორი: ტატო ანთაძე