თომას ლელუ ფრანგი არტისტია, რომელიც ამჟამად La Cite-ს გალერეის დირექტორია, მანამდე კი Playboy-ს ფრანგული გამოცემის შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო. ამასთანავე, ლელუ ბოლო წლებში მუშაობდა ცნობილი მოდის სახლების, Hermes-ის, Gucci-ის და Jacquemus-ის სარეკლამო კამპანიებზე.
ლელუს შემოქმედება იმითაა გამორჩეული, რომ ის თითქმის მთლიანად თანამედროვე ინტერნეტ კულტურით და “მიმებით” არის შთაგონებული, თან რაღაც გაგებით მისი ნამუშევრები თავისთავად მიმებია.
“მიმები” მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის მხოლოდ სასაცილო წარწერიანი ფოტოებია, ბოლო დროს მნიშვნელოვან გამოხატვის საშუალებად იქცა, რომელმაც სერიოზული გავლენა იქონია როგორც ხელოვნებასა და კულტურაზე, ისე პოლიტიკაზე. რეალურად “მიმი” შეიძლება იყოს იდეა, ქცევა ან სტილი, რომელიც კულტურაში იმიტაციით იმკვიდრებს თავს და გარკვეული ფენომენის ან თემატიკის მარტივი სიმბოლური აღნიშვნაა და ამ მხრივ, მიმები ინტერნეტამდე დიდი ხნით ადრე გამოჩნდა.
ლელუს ერთ-ერთი პირველი მიმების სერია philoselfies იყო, სადაც ცნობილი ადამიანების სარკის სელფებში, ტელეფონების მაგივრად სხვადასხვა ფილოსოფიური ნამუშევრებია ჩასმული. ცხადია, ეს იდეა არც ისე ახალია, მსგავს მიმებს, სადაც ცნობილი ადამიანების ხელში სხვადასხვა წიგნებია ჩაფოტოშოპებული ინტერნეტ მიმ-კულტურის ერთ-ერთი ადრეული ხუმრობაა.
მიმს “ორიგინალურობას” გარეგანი ფაქტორები განაპირობებს: როცა რაღაცის სიმბოლური გამოხატულება იქ მკვიდრდება, სადაც მანამდე არ ყოფილა. ლელუმ მიმები მოდის სამყაროში დაამკვიდრა. მისი სერია “ყალბი რეკლამები” მოდის სახლების და ზოგადად, “celebrity კულტურის” გაშარჟებაა, რომელიც ხშირად მათ ხელოვნურ ბუნებაზე და მოდის არარეალისტურ სტანდარტებზე მიანიშნებს.
აღსანიშნავია, რომ ლელუს მიმებისადმი ბევრი მაინცდამაინც კეთილგანწყობილი არ ყოფილა, რადგან ზოგმა ლელუს ფოტოსერიები ცალკეული ინდივიდების და ბრენდების რეპუტაციის შელახვად აღიქვა და ფრანგი არტისტისადმი იგივე კრიტიკა გაჩნდა, რაც თავის დროზე რიჩარდ პრინცისადმი, რომელიც სხვის ნამუშევრებს არცთუ ისე მალულად “იპარავდა”. მეორემხრივ, ბევრი, მათ შორის მოდის სამყაროში, ლელუს მიმებისადმი სიმპათეტური აღმოჩნდა, ამას ლელუს სხვადასხვა კოლაბორაციებიც მეტყველებს.
ლელუს უახლესი სერია ინტერნეტიდან აღებული მოკლე ტექსტებია, რომლებიც უბრალოდ ფურცლებზეა დაწერილი: “Sorry for having great tits and correct opinions”, “I spend 50% of my life looking for my keys”.
არაორიგინალურობის მიუხედავად, ეს ეგრეთ წოდებული “normie მიმები” სამკაულების და აქსესურების ბრენდის, Chaumet-ს კედლებზე და ქალების თეთრეულის ბრენდის, Chantelle-ის სარეკლამო კამპანიებშიც აღმოჩნდა.
ლელუს კონკრეტული ნამუშევრები, კონტექსტისგან განყენებულად აზრს კარგავს, მისი შემოქმედება შეიძლება განისაჯოს მხოლოდ თანამედროვე გარემოებების გათვალისწინებით. ერთი მხრივ, ლელუს ნამუშევრები კრიტიკული კომენტარია თანამედროვე პოლიტიკაზე, სოციალურ გამოწვევებზე და კულტურაზე, ისევე როგორც ხელოვნების რაობაზე იმ ეპოქაში, სადაც ზღვარი ორიგინალურობასა და მიმბაძველობას შორის იშლება, მეორე მხრივ კი, ლელუ უბრალოდ “მიმერია”, რომელიც ხშირად განგებ ბანალური ან არაესთეტიკური ხუმრობებით ხალისობს.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Thomas Lelu
დაწერე კომენტარი