თბილისის ყოველწლიური ფესტივალი "ქოლგა თბილისი ფოტო" წელს, 4 მაისიდან მასპინძლობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, სხვადასხვა ვორქშოპებსა და ღონისძიებებს. ფესტივალის ფარგლებში თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ორ ახალ გამოფენას უმასპინძლებს.
11 მაისს, საღამოს 18:00 საათზე ექსპერიმენტული ფოტოგრაფის - ნესტან აბდუშელიშვილის სოლო გამოფენა - ,,ვარდობისთვე” გაიხსნება. გამოფენა, რომლის კურატორიც მარიამ წიქარიძეა, პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს, სტატიკურ და მოძრავ გამოსახულებებს მოიცავს. ნამუშევრები ძირითადად ზრუნვის თემას ასახავს და მის კვლევას წარმოგვიდგენს.
ფოტოები ზრუნვის მრავალ ფორმას აერთიანებს - უზრუნველობასა თუ გადამეტებულ ზრუნვას, ცხოველურსა თუ ადამიანურს. ნესტანის ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა თანამედროვე, გაუცხოებულ და თანაგრძნობისგან დაცლილ, ქაოსურ სამყაროში გაჩენილ ზრუნვის ფენომენს. ხელოვანი თავისი ნამუშევრებით ეხება ზრუნვის ინსტინქტურ, დედობრივ ხასიათს და სხვაზე ზრუნვის მისტიკურობასაც.
"ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში თიბისი კონცეპტის სივრცე უმასპინძლებს კიდევ ერთ გამოფენას - დავით სალუქვაძის „როგორ გავიხსენოთ 80-იანები“. გამოფენა, რომლის კურატორებიც გურამ წიბახაშვილი, მარიამ წიქარიძე და ნიკა დუმბაძე არიან, 13 მაისს, 18:00 საათზე გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები ასახავს საქართველოს 80-იანი წლების ისტორიას - იმ გარდამტეხ პერიოდს, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა.
დავით სულაქველიძე, რომელიც ამ პროცესების უშუალო თანამონაწილე იყო, ფირზე აღბეჭდავდა მიმდინარე მოვლენებს - იმ პერიოდის საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას და არსებული სოციალური მდგომარეობის გავლენას საკუთარ ცხოვრებასა და ყოველდღიურობაზე. მისი ნამუშევრები კარგად გამოხატავს თავისუფლებისკენ მისწრაფებას - იმ მნიშვნელოვან ტენდენციებს, რომლებიც საზოგადოებაში ვლინდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე.
ნესტან აბდუშელიშვილის “ვარდობის თვე” და დავით სალუქვაძის „როგორ გავიხსენოთ 80-იანები“ თიბისი კონცეპტის სივრცეში 20 ივნისამდე გაგრძელდება.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: ნესტან აბდუშელიშვილი, დავით სულაქველიძის ოჯახის არქივი
დაწერე კომენტარი