ამერიკის შეერთებულ შტატებში 63 ეროვნული ტყე-პარკია, რომლებიც გამორჩეულია ფლორის იშვიათი სახეობებით და ხშირად შტატების საზღვრებსაც კვეთს. ეროვნულ პარკებში გაშენებული გიგანტური სეკვოიები, ასწლოვანი მუხები, ბუნებრივად დაქსაქსული ხეობები ბუნების მოყვარულთათვის იდეალურ დასასვენებელ ადგილს ქმნის და თუ ამერიკის ბუნების წიაღში დროის კომფორტულად გატარება გსურთ, ტყე-პარკებში ამისთვის არაერთი კომფორტული სასტუმროა. 



Under Canvas Utah - ბრაისის კანიონი

 

Under Canvas-ს აშშ-ის არაერთ ეროვნულ პარკში აქვს სასტუმრო, თუმცა ყველაზე ახალი და მოგზაურებისთვის ყველაზე მიმზიდველი დასასვენებელი ადგილი ბრაისის კანიონის ეროვნული პარკის შესასვლელთან მდებარეობს. სასტუმრო რეალურად რამდენიმე დიდი, სრულად აღჭურვილი კარვისგან შედგება, რომლებიც მყარი მასალისგან არის დამზადებული და ყველაზე ცუდ კლიმატურ პირობებსაც კი უძლებს. 



Kalaloch Lodge - ოლიმპიური ეროვნული პარკი

 

ეს ეროვნული პარკი ვაშინგტონის და სიეტლის არეალში მდებარეობს და მის გარშემო არაერთი კარგი სასტუმროა, თუმცა უშუალოდ პარკში თუ გსურთ დროის გატარება, ამისთვის Kalaloch Lodge იდეალურია. სასტუმრო ახლოს მდებარეობს პარკის ყველაზე ლამაზ სანახაობებთან, იქნება ეს მასობრივი წიწვოვანი ხეები თუ ჰოჰის ტროპიკული ტყე. 



Asticou Inn - არკადიას ეროვნული პარკი

 

Asticou Inn არკადიას ეროვნული პარკის დამთვალიერებლებს მეცხრამეტე საუკუნიდან მასპინძლობს და სანახაობრივად მეინის  ერთგვარი საგანძურია, რომელიც სტუმრებს საცურაო აუზს, sea-to-table კერძებს და ზოგადად, ძალიან კომფორტულ გარემოს სთავაზობს.



Ross Lake Resort - ჩრდილოეთ კასკადების ეროვნული პარკი

 

როსის ტბა მრავალწლიანი წიწვოვანი ხეებით არის გარშემორტყმული, რომლებსაც ულამაზესი მთები გადმოჰყურებს. უშუალოდ ტბაზე კი Ross Lake Resort მდებარეობს, რომელზეც ათეული “მოცურავე” ხის კეთილმოწყობილი კაბინაა, თითოეულში არის სამზარეულო, აბაზანა და ბუხარიც კი. ეს მყუდრო ოაზისი იდეალურია მათთვის, ვისაც დროებით მაინც სურს თანამედროვე ცხოვრების ქაოსისგან თავის დაღწევა.

 

 

The Ahwahnee - იოსემიტის ეროვნული პარკი

 

სასტუმრო 1927 წელს აშენდა და მას შემდეგ ის იოსემიტის ეროვნული პარკის ერთგვარ ძეგლად იქცა, რადგან Ahwahnee ადგილობრივი ხისა და ქვისგან არის აგებული. სასტუმროდან იოსემიტის მყინვარი და ჩანჩქერები მოჩანს, ხოლო სასტუმროს არქიტექტურა იდეალურად ერწყმის გამწვანებულ გარემოს. აღსანიშნავია სასტუმროს უნიკალური ინტერიერის დიზაინი, რომელიც აბორიგენული ამერიკული დიზაინის და არტ დეკოს ელემენტებს აერთიანებს. 



Blackberry Mountain - ტენესის ეროვნული პარკი

 

Blackberry ტენესის Great Smoky Mountains ეროვნულ პარკში მდებარეობს და 36 დამოუკიდებელ კაბინას აერთიანებს. სასტუმრო მთლიანად ტყით არის გარშემორტყმული და ფანჯრებიდან ტენესის ცნობილი მთათა სისტემა მოჩანს.



Crater Lake Lodge - კრეიტერის ტბის ეროვნული პარკი

 

ეს კრეიტერის ტბის პარკში ერთადერთი სასტუმროა, რომელიც მთლიანად ხისგან არის აშენებული და დამსვენებლებს გასაოცარ ხედებს სთავაზობს. სასტუმროში დასვენება განსაკუთრებით შთამბეჭდავია შემოდგომის მიწურულს, როცა პარკი თოვლით არის დაფარული, სასტუმროს სასადილოში კი ბუხარში ცეცხლი ანთია. აღსანიშნავია, რომ Crater Lake Lodge მხოლოდ მაისიდან ოქტომბრამდე მუშაობს. 



El Tovar - Grand Canyon

 

ეს სასტუმრო მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კანიონის სამხრეთით მდებარეობს და გასაოცარ ხედს გადაჰყურებს. ამასთანავე, El Tovar-ს, რომელიც ჯერ კიდევ 1905 წელს აშენდა, ეროვნული ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს და ის ლეგენდარული ამერიკელი არქიტექტორის, ჩარლზ უიტელსის დაგეგმარებულია. შვეიცარიული შალეს სტილის შენობა სტუმრებს გარდა იმისა, რომ კომფორტულ გარემოს და ულამაზეს ხედებს სთავაზობს, სავსეა ისტორიული არტეფაქტებით. 



Volcano House - ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკი

 

Volcano House ჰალემა უმაუს კრატერთან და კილაუეას ვულკანის სტეპებთან მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. სასტუმრო სხვადასხვა ტიპის ოთახებს, კაბინების და საკემპინგო ბანაკებს აერთიანებს, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს არჩევანი გააკეთონ სრულ კომფორტსა და, სურვილისამებრ, საკმაოდ ექსტრემალურ პირობებს შორის. აღსანიშნავია, რომ შემოგარენი, სადაც სასტუმრო მდებარეობს, UNESCO-ს ძეგლია და უნიკალური ეკოსისტემით გამოირჩევა.  



Old Faithful Inn - Yellowstone-ის ეროვნული პარკი

 

Old Faithful Inn ერთ-ერთი პირველი სასტუმროა, რომელიც აშშ-ში, ეროვნულ პარკში აშენდა. 1904 წელს გახსნილი ეს სასტუმრო “პარკიტექსტურის” ერთ-ერთი პირველი ეგზემპლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ Old Faithful Inn გარდა იმისა, რომ სასტუმროა, ეროვნული პარკის საორიენტაციო ცენტრიც არის. სასტუმრო ძალიან ახლოს მდებარეობს იელოუსთოუნის გეიზერებთან, რომლებიც აღმოსავლეთის ფანჯრებიდან მოჩანს. არანაკლებ საინტერესოა ხის სასტუმროს ინტერიერიც, რომლის მთავარი ხიბლიც მისი 25-მეტრიანი ბუხარია. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე 

ფოტო: Bailey Made, Kalaloch Lodge, Asticou Inn, Ross Lake Resort, Aramark Destinations, Ingalls Photography, Marcelo Castro/Getty, Natural History Archive/Alamy, benedek/Getty, Volcano House