ვენეციის არქიტექტურის ბიენალე, რომელიც ვენეციის ბიენალეს ნაწილია, არქიტექტურის საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ვენეციაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ დარგში მოღვაწე არქიტექტორებს და მათ ნამუშევრებს მასპინძლობს. არქიტექტურის ბიენალეს საფუძველი 1980 წელს ჩაეყარა და დაარსების დღიდან დღემდე არქიტექტურაში თანამედროვე სოციალურ, ჰუმანიზმთან დაკავშირებულ და ტექნოლოგიურ გამოწვევებს პასუხობს. პირველი გამოფენა, რომლის კურატორიც ვიოტორიო გრეგოტი იყო, ვენეციის ხელოვნების ბიენალეს ფარგლებში 1975 წელს ჩატარდა, თუმცა 1980 წლიდან, მაშინ როცა პირველი არქიტექტურის გამოფენა - La presenza del passato ჩატარდა, საფუძველი ჩაეყარა ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს, როგორც დამოუკიდებელ ღონისძიებას.
La Presenza del Passato-ს მთავარი ლაიტმოტივი პოსტმოდერნისტული მოძრაობა იყო, არქიტექტურის გამოფენა, რომელსაც პაოლო პორტოჯესი კურატორობდა, მომავლის ტექნოლოგიურ იდეებს და ახალი გეომეტრიული ფორმების კვლევას გულისხმობდა. ეს იყო ის იდეები, რომელსაც Arsenalle-ზე გამართული მთავარი გამოფენა - Strada Novissima ყველაზე უკეთ გამოხატავდა, რომელშიც მონაწილეობდნენ იმ პერიოდის ისეთი ცნობილი არქიტექტორები, როგორებიც არიან: რიკარდო ბოფილი, ფრენკ გერი, რობერტ ვენტური, ფრანკო პურინი, ალდო როსი და სხვები. სწორედ ამ წელს, სპეციალურად ვენეციის არქიტექტურის ბიენალესთვის შექმნა ალდო როსმა თავისი ცნობილი Teatro Del Mondo, წყალში მოტივტივე ნაგებობა, რომლის ეფემერული და არქეტიპული სახე ორგანულად ერწყმოდა ვენეციის ლანდშაფტს. ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს პირველი გამოფენის შემდეგ, რომელშიც თითოეული ამ არქიტექტორის ნამუშევარი გარდა იმისა, რომ იმ პერიოდისა და მომავლის არქიტექტურულ კონტექსტს იკვლევდა, ღონისძიება თავისთავად ამ სფეროში ანალიზისა და დისკუსიისთვის ყველაზე გავლენიანი პროტაგონისტი გახდა, იმდენად, რომ მომდევნო წლებში თითოეული თემა, რომლის გარშემოც მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორები ვენეციაში იკრიბებოდნენ, მომავლის იდეების და ახალი ფორმებისთვის კიდევ უფრო მეტ სააზროვნო სივრცეს ხსნიდა.
მაგალითად, ვენეციის არქიტექტურის მეორე ბიენალეზე, 1982 წელს, გამოფენის კურატორმა Protoghes-მა მთავარ თემად „ისლამური ქვეყნების არქიტექტურა მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან დღემდე“ წარადგინა. კატალოგის შესავალ ნაწილში კურატორი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, თუ რამდენად გაძლიერდა ისლამური კულტურა მე-19 საუკუნიდან ბოლო პერიოდიდან და როგორი გავლენა ჰქონდა მას თანამედროვე ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე და მათ შორის - არქიტექტურაზეც, რისი ნათელი მაგალითიც გაუდის, ვრაითის და ლე კორბუზიეს შემოქმედებაც იყო. გამოფენაზე წარმოადგინეს როგორც დასრულებული, ისე მიმდინარე პროექტები, რომლებშიც ტრადიციული ისლამური არქიტექტურა ყველაზე ინოვაციურ თანამედროვე ტექნოლოგიებთან იყო შერწყმული, სადაც განსაკუთრებული ყურადღება თანამედროვე ახალგაზრდა არქიტექტორს, ეგვიპტელ ჰასან ფაჰტის ნამუშევრებს დაეთმო. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ისეთი არქიტექტორების ნამუშევრები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით უპირისპირდებოდნენ ისლამურ არქიტექტურას, მათ შორის - ლუის ხანის და ფერნანდ პუიონის, რომელთა ნახატების სერია განკუთვნილი იყო ინდოეთისა და პაკისტანის ურბანული ცენტრებისთვის, ასევე ლე კორბუზიე ალჟირისა და ჩანდიგარტისათვის შექმნილი თავისი ორი ნამუშევრით. თითოეული ეს ნამუშევარი ყურადღებას ამახვილებდა ისლამური კულტურების ურბანულ, ეკოლოგიურ და სოციალურ კონტექსტზე, რომელშიც სპირიტული ელემენტები იმ პერიოდის დასავლური მოდერნისტული არქიტექტურის ელემენტების საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდებოდა.
მესამე არქიტექტურის ბიენალეს, რომელიც 1985 წელს გაიმართა, ალდო როსი ხელმძღვანელობდა. ამ წელს ვენეციის ბიენალეს ეწოდებოდა Progetto Venezia, რომელიც არქიტექტურაში დაგეგმარების პროცესის პრიორიტეტულობას და ვენეციის ლანდშაფტთან მათ შედარებითობას უსვამდა ხაზს. ალდო როსიმ მაშინ უკვე კარგად ნაცნობ არქიტექტორებთან ერთად ახალგაზრდა შემოქმედებსაც მისცა ასპარეზი, რომელთაც ვენეციის ტრადიციულ და ისტორიულ არქიტექტურულ გარემოში ახალი სივრცეების შექმნა დაევალათ, რაც ძალიან რთულ მისიას წარმოადგენდა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით 1500-ზე მეტმა არქიტექტორმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორისაც მარია გრაცია სირონისა და პიტერ ეიზენმანის იდეა - რომეოსა და ჯულიეტას ისტორიის ხელახლა გადააზრების შესახებ - ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა.
მომდევნო წლებში ვენეციის არქიტექტურის ბიენალე სხვადასხვა კურატორების ხელში იმ დროის ყველაზე მნიშვნელოვან თემებს და მასთან დაკავშირებულ ისტორიულ კონტექსტს პასუხობდა. მაგალითად, მეოთხე ბიენალეს მთავარი იდეა - „შეხედე შენობას და მის ისტორიას“ - ისეთ ცალკეულ ისტორიულ შენობებზე აკეთებდა აქცენტს, როგორებიცაა „ბეთჰოვენის სახლი“, „ვაგნერის თეატრი“ „ლენინის მავზოლეუმი“ და სხვა. „ნაკლები ესთეტიკა, მეტი ეთიკა“ გახლდათ მომდევნო ბიენალეს თემა, რომელშიც მთავარი აქცენტი არა შენობის ესთეტიკურ, არამედ არქიტექტურის ეთიკურ ნაწილზე და მის ეკოლოგიურ თუ სოციალურ მიზეზ-შედეგობრიობაზე კეთდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ წელს ოქროს ლომით მისი შემოქმედების მნიშვნელობის გამო არქიტექტორი რენცო პიანო დააჯილდოვეს, მთავარი თემის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის კი Jean Nouvel-მა გაიმარჯვა. რა იქნებოდა შემდეგ და როგორი იქნებოდა მომავლის არქიტექტურა, ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს მერვე საკვლევი თემა იყო, ამიტომაც ამ წელს განსაკუთრებული ყურადღება შინაარსთან ერთად მასალას დაეთმო. ყველა ის დიზაინერი და არქიტექტორი, რომლებიც მერვე ბიენალეზე მონაწილეობდნენ, არა მხოლოდ ჩანახატებსა და პლასტმასის მოდელებს, არამედ აგურის, შუშისა და მეტალის მასალებსაც იყენებდნენ საკუთარი ნამუშევრების წარმოსადგენად. მერვე ბიენალეზე გამარჯვება ნიდერლანდების პავილიონმა მოიპოვა, თავისი შემოქმედებისთვის ტოიო ილტო დაჯილდოვდა, საუკეთესო პროექტისათვის კი ცნობილი არქიტექტორი ალვარო სიზა დააჯილდოვეს.
მომდევნო წლების ბიენალემ თემებით: „მეტამორფოზა“, „ქალაქები, არქიტექტურა და სოციუმი“ „არქიტექტურა შენობების მიღმა“, „როცა ადამიანი ხვდება არქიტექტურას“. „საფუძვლები“, „საერთო მიწა“, „თავისუფალი სივრცე“, ისეთი ნამუშევრების და არქიტექტორების აღმოჩენას შეუწყო ხელი, როგორებიც პიერ ეიზენმენი, რიჩარდ როჯერსი, რემ კოლჰასი, უინია იშიგამი, სოუ ფუჯიმოტო, ანდრეს ჟაკი, პაულო მენდეს დე როხა, კენეტ ფრემტონი არიან. ბოლო, მე-17 არქიტექტურის ბიენალე კი, რომელიც კოვიდპანდემიის გამო 2020 წლის ნაცვლად 2021 წელს გაიმართა, მთავარ თემად იმ საკითხს იკვლევდა, თუ როგორ გავაგრძელებთ ადამიანები ერთმანეთთან თანაარსებობას. შარშანდელ, ჰაშიმ სარქისის კურატორობით გამართულ გამოფენაზე საუკეთესო ეროვნული პავილიონისათვის გაერთიანებული არაბეთის პავილიონი დაასახელეს, მისი არქიტექტურული მოღვაწეობისა და მიღწევებისთვის კი არქიტექტორი ლინა ბო ბარდი დაჯილდოვდა.
წელს ვენეციის არქიტექტურის მე-18 ბიენალე, სახელწოდებით „მომავლის ლაბორატორია“, რომელიც აქცენტს კლიმატის ცვლილების საკითხზე გააკეთებს, 20 მაისიდან 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ქართულ პავილიონს თბილისის არქიტექტურის ბიენალეს არქიტექტორთა ჯგუფის წევრების: გიორგი შუკაკიძის, თინათინ გურგენიძისა და ოთო ნემსაძის მიერ შექმნილი ნამუშევარი - „იანვარი, თებერვალი, მარტი“ წარადგენს, რომელიც, ავტორთა თქმით, დროის დინების და ენერგიის ურთიერთმიმართების საკითხს იკვლევს. ინსტალაცია თვითნაბადი სიცოცხლის - ენერგიის, მისი ათვისების, განაწილების და შენარჩუნების ადამიანურ მეთოდებს - ენერგიის პოლიტიკას, ამ პოლიტიკის დროებითობას თუ მუდმივობას საერთო ისტორიულ რეალობაში, მკვდარი და ცოცხალი ბუნების ვიზუალური და სტრუქტურული დაპირისპირებით, ხელოვნურად სახეცვლილ დასახლებაზე მოგვითხრობს. პროექტის ფარგლებში ავტორები ყურადღებას წყალსაცავებზე და მათთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ, ურბანულ და დემოგრაფიულ შედეგებზე ამახვილებენ, რაც 1985 წელს დუშეთის რაიონში აშენებული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პრეცედენტითაა შთაგონებული.
უფრო მეტს ქართველი არქიტექტორების მიერ შექმნილი ამ ნამუშევრის, ისევე როგორც ვენეციის მე-18 არქიტექტურის ბიენალეს მიმდინარეობის შესახებ, Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან და Visa-სთან ერთად, წელს პირველად ვენეციიდან მოგიყვებათ.
ავტორი: გვანცა ჩანადირი
დაწერე კომენტარი