ფელიქს გონსალეს-ტორესი 80-90-იანებში მოღვაწე ამერიკელი არტისტი იყო, რომელმაც ხელოვნებისადმი ექსპრესიული და მინიმალისტური მიდგომით მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეგრეთ წოდებულ “process art” მოძრაობაზე, სადაც მნიშვნელოვანია არა ხელოვნების საბოლოო პროდუქტი, objet d’art, არამედ მისი შექმნის პროცესი. ამ მიმდინარეობაში გონსალესის შემოქმედება გამორჩეულია იმით, რომ მისი ნამუშევრები იშვიათად იძენენ “საბოლოო” სახეს და მუდმივად ტრანსფორმირდებიან, ხშირად დამთვალიერებლების და უშუალოდ იმ სივრცის მონაწილეობით, სადაც ეს ნიმუშებია წარმოდგენილი. 


ამის ნათელი მაგალითია გონსალესის “კანფეტების” სერია, სადაც არტისტის რეალური წვლილი ტკბილეულის რაოდენობის, საერთო წონის და განაწილების ინსტრუქციებია. ამ ინსტალაციას თან ახლავს აუცილებელი მოთხოვნა, რომ დამთვალიერებლებმა შეძლონ სურვილისამებრ კანფეტებს აღება.


განყენებულად გონსალესის ეს ინსტალაცია ზედმეტად აბსტრაქტულად გამოიყურება, თუმცა კონტექსტის გათვალისწინებით, გონსალესის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ნარატიული მოტივები იჩენს თავს. მაგალითად, იმავე კანფეტების სერიაში არტისტის მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომ ტკბილეულის ჯამური წონა კაცის საშუალო წონას, ან ზოგ შემთხვევაში, ორი საშუალო აღნაგობის ადამიანის წონას შეესაბამებოდეს. 


ციფრი 2 ტორესის შემოქმედებაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ არტისტის ნამუშევრებს ძირითადად სახელები არ აქვს, მათი უმეტესობა “ორობითია”. მაგალითად, მისი 1991 წლის Untitled, რომელზეც ასახულია ცარიელი ლოგინი ორი დაკუჭული ბალიშით. 

ან მისი ინსტალაცია იმავე სერიიდან perfect lovers, სადაც გვერდიგვერდ ორი საათია წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთს თითქმის ეხება და ერთი და იმავე დროს აჩვენებს. იმავე სერიას მიეკუთვნება 1994-1995 წლის ინსტალაციები - Sagitario და “ნათურები”. 


ტორესის “ორობითი” ნამუშევრების  შთაგონება მისი რომანტიკული პარტნიორი როს ლეიკოკია, რომელიც შიდსით გარდაიცვალა. “როსის პორტრეტი” - ასე ერქვა მეტსახელად გონსალესის კანფეტების თავდაპირველ ინსტალაციას. ინტერვიუებშიც არტისტი ხშირად საუბრობდა ამ რომანტიკული ურთიერთობის მნიშვნელობაზე. “როცა მეკითხებიან, ვინ არის შენი პუბლიკა? მე გულწრფელად და დაუყოვნებლივ ვუპასუხებ: როსი. დანარჩენი უბრალოდ დამთვალიერებლები არიან”.


საყვარელი ადამიანის ადრეული გარდაცვალება გონსალესის ნამუშევრებში ხშირად იჩენს თავს. ამის მაგალითია მისი ბილბორდის სერიები, სადაც არტისტის ნამუშევრები, ბილბორდები, ქალაქებში, სხვადასხვა ადგილებზე მონტაჟდება ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი ბილბორდი უბრალო წარწერაა, რომელზეც სხვადასხვა ენაზე ვკითხულობთ: “მხოლოდ დროის ამბავია”. 


ასევე როსის სიკვდილით არის შთაგონებული გონსალესის “grid” სერია, აქ კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მისი ნამუშევარი “სტაბილური დაღმასვლა”. 


ფელიქს გონსალეს-ტორესის ნამუშევრები განსაკუთრებით კარგად გამოხატავს ფრანგი ფილოსოფოსის, მიშელ ფუკოს სენტიმენტს, რომელსაც ის თავის ესეიში - “რა არის ავტორი” ავრცობს. ფუკოს მტკიცებით, თანამედროვე ხელოვნებაში “ავტორი” ხშირად დისკურსის განმაპირობებელი “ფუნქციაა”. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ახალი შემოქმედების ნიმუში წარსულში დამკვიდრებული ელემენტების გამოყენებით იქმნება, ავტორის მთავარი სოციალური დატვირთვა დისკურსის წარმართვაა. 

 

საკუთარი ნამუშევრების მუზეუმებში გაგზავნისას ტორესი განგებ ბუნდოვან მითითებებს იძლეოდა და კურატორებს საშუალებას აძლევდა ისინი ისე გამოეფინათ, როგორც მოესურვებოდათ. ამის დამსახურებით, ტორესის შემოქმედებას მისი სიკვდილის შემდეგაც კი ცვალებადი სახე აქვს. ტორესს ნაკლებად აინტერესებდა ამა თუ იმ ნამუშევრის “ავტორობა”, მისი მთავარი ინტერესი დისკურსის განსაზღვრა, მისი ერთგვარ ჩარჩოში მოქცევა იყო. ამას კარგად მოწმობს მისი ნამუშევარი “პოდიუმი”. 


მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ნამუშევარს ტორესი “პოდიუმს” ეძახდა, ეს ნათურებით განათებული კუბი დამთვალიერებლებისთვის ექსპრესიული გამოხატულების ადგილად იქცა, რომელზეც ცეკვავდნენ, ნივთებს ალაგებდნენ ან ხშირად უბრალოდ ცარიელს ტოვებდნენ. 


ავტორის, როგორც დისკურსის ჩარჩოს განმსაზღვრელის ფუნქციის უფრო აშკარა ილუსტრაციაა ტორესის “ჩარჩოებიანი ფოტოების” სერია, სადაც, არტისტის თქმით, ჩარჩო ისევე მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ ფოტოები. 

იმის გათვალისწინებით, რომ ტორესის შემოქმედება აბსტრაქტულ ემოციებს და სენტიმენტებს გამოხატავს, არტისტის ნამუშევრები საკმაოდ “დამიწებულია” და ისეთი ობიექტებისგან ან მასალებისგან შედგება, რომლებიც ყოველდღიურობაში ხშირად გვხვდება. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ფელიქს გონსალეს-ტორესის შემოქმედება საკმაოდ მძიმე პირადი ტრავმით არის შთაგონებული, ის გარკვეულწილად ძალიან ოპტიმისტურია. ორი წრიული ფორმის საათი ერთმანეთს არასდროს ეხება, მაგრამ ორივე ერთ დროს აჩვენებს. ლოგინში, სადაც ვიღაც იწვა, ცარიელია, მაგრამ სითბოს კვალი არ გამქრალა. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე