დრის ვან ნოტენის თქმით, ტანსაცმლის დიზაინის შემდეგ, მისი ყველაზე დიდი გატაცება მებაღეობაა, რასაც თითქმის მთელ თავისუფალ დროს უთმობს. ამას დიზაინერის ანტვერპენში მდებარე სახლიც მოწმობს, რომელიც ულამაზესი ბაღებით არის გარშემორტყმული და წლების მანძილზე ვან ნოტენისთვის შთაგონების წყაროა. 


ვან ნოტენის ანტვერპენის სახლი 1840 წელს აშენდა და ის პატარა ხელოვნური ტბის პირას მდებარეობს, რომელიც ულამაზესი ხეების პერმაკულტურით არის გარშემორტყმული. 


სახლის შეძენის შემდეგ დიზაინერმა ხანგრძლივი რესტავრაციის პროცესი დაიწყო, რითაც ისტორიულ შენობას და მის ბაღებს ახალი სიცოცხლე შესძინა. 


დიზაინერმა ასევე განაახლა ვიქტორიანული ეპოქის სტილში მოწყობილი ბაღი, სადაც ძირითადად ვარდებია გაშენებული, ხოლო ქვისგან ნაშენ ღობეებზე კი ხვიარა მცენარეებია შეზრდილი. 


არანაკლებ საინტერესოა უშუალოდ საცხოვრებელი შენობაც, სადაც ადრეული მეოცე საუკუნის ინტერიერის დიზაინის ელემენტები, ისევე როგორც სხვადასხვა ისტორიული არტეფაქტები ახლაც შენარჩუნებულია. 


მაგალითად, განსაკუთრებით საინტერესოა სახლის “წითელი სალონი”, სადაც ჯერ კიდევ 1920 წლის ხის პანელები და ლიონში დამზადებული აბრეშუმია გამოყენებული. 


სახლის შესასვლელში მოწითალო კედელს კი ბელგიელი ექსპრესიონისტის, ლეონ დე სმეტის ნახატი ამშვენებს, რომელიც თითქოს სტუმრებს ეგებება. 


ორანჟერეაში მეცხრამეტე საუკუნის ვენაში დამზადებული ქანდაკებებია წარმოდგენილი, რომლებიც თავის დროზე ავსტრიული ქალაქის მდინარისპირას იყო აღმართული. 


აღსანიშნავია, რომ სტუმრებისთვის განკუთვნილ სახლისკენ მიმავალი გზა ბრიტანული yew hedge-ით არის გარშემორტყმული, რომლის დაგეგმარებაში და გაშენებაშიც ვან ნოტენს ლეგენდარული ბელგიელი ლანდშაფტის დიზაინერი ერიკ დონტი დაეხმარა. 


ვან ნოტენის თქმით, წლების მანძილზე ის თავის ორ გატაცებას - მებაღეობას და ტანსაცმლის დიზაინს ერთმანეთისგან მიჯნავდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია დიზაინერი პროფესიულ საქმიანობაში მებაღეობით ხშირად არის შთაგონებული. ამას მოწმობს მისი 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, სადაც ტანსაცმლის დიზაინში ანტვერპენის ბაღის მცენარეების პრინტებია გამოყენებული. 

 

ავტორი: ტატო ანთაძე 

ფოტო: François Halard, Vogue