ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა, ქართულ პავილიონს თბილისის არქიტექტურული ბიენალეს არქიტექტორთა ჯგუფი წარადგენს ნამუშევრით -„იანვარი, თებერვალი, მარტი“. გიორგი შუკაკიძის, თინათინ გურგენიძის და ოთო ნემსაძის შექმნილი ნამუშევარი, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება, საქართველოში არსებული წყალსაცავების მაგალითზე მათ მშენებლობასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ ეკოლოგიურ, ურბანულ და დემოგრაფიულ შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას, რითაც წლევანდელი ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს მთავარ თემას - „მომავლის ლაბორატორიას“ ეხმიანება.
ნამუშევრის, მისი შექმნის პროცესის და ვენეციის ბიენალეზე თბილისის არქიტექტურის ბიენალეს გუნდის მოლოდინების შესახებ თანაავტორი თინათინ გურგენიძე გვესაუბრება.
თინათინ, მოგვიყევით ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე წარსადგენი ნამუშევრის შესახებ, რა თემას იკვლევს და ფიზიკურად რა ფორმით იქნება თქვენი ინსტალაცია ვენეციაში წარმოდგენილი?
ჩვენი ნამუშევარი, რომელიც ვენეციის არქიტექტურის მე-18 ბიენალეზე არის წარმოდგენილი, ვენეციის ბიენალეს წლევანდელ მთავარ თემას - „მომავლის ლაბორატორიას“ ეხმიანება, რომელიც კურატორ ლესლი ლოკოს მიერ არის შემოთავაზებული და იკვლევს ადამიანის კვალს გარემოზე. ჩვენც ჩვენს ნამუშევარში ადგილობრივ გარემოსა და რესურსებზე ვკონცენტრირდებით. ვიკვლევთ წყალს - ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს საქართველოში, უფრო კონკრეტულად კი აქცენტი გვაქვს წყალსაცავებზე, მათ მნიშვნელობაზე, მათი ზეგავლენის შესახებ გარემოზე და ა.შ. სიმბოლურად ჩვენი ინსტალაცია აქცენტს ჟინვალის წყალსაცავზე აკეთებს, რომლის მაგალითზეც უკვე არსებულ სიტუაციას, ჩაძირულ დასახლებას და ეკლესიას ვიკვლევთ, რომელიც დატბორვის შედეგად წყლის ქვეშ აღმოჩნდა.
ვისაუბროთ სახელზეც, რას აღნიშნავს და როგორ უკავშირდება ნამუშევრის კონცეფცია მის სახელს - „იანვარი, თებერვალი, მარტი“?
ჩვენი ინსტალაცია სამი ნაწილისგან შედგება: პირველი არის პუბლიკაცია, რომელიც ნამუშევრის შინაარსს წარმოადგენს, კრებულში გაერთიანებულია სხვადასხვა ექსპერტის მიერ დაწერილი ამ თემასთან დაკავშირებული სტატიები, მეორე ნაწილი არის ამ თემის ფიზიკური მანიფესტირება, ანუ მთავარი ინსტალაცია, რომელიც ჟინვალის წყალსაცავში არსებული შლამის შედეგად შეიქმნა, ეს შლამი ვენეციაში ჩამოვიტანეთ და აქვე ავაშენეთ, ასევე გვაქვს მესამე ნაწილიც, რომელიც სამი პატარა ფილმისგან შედგება, თითოეული მათგანი მკვდარ და ცოცხალ ბუნებას აკვირდება, თვითონ ნამუშევრის სახელწოდებაც ამაზე მიგვითითებს, სწორედ იანვარი, თებერვალი და მარტია ის თვეები, როდესაც წყალსაცავში წყალი იკლებს, ამ დროს ჩნდება ის შლამიც და დასახლების ნაწილიც, რომელიც მის ქვეშაა მოქცეული. ფილმი სწორედ ამ ბუნებრივ ხაზს აკვირდება, რომელიც წყლის დაშრობის შედეგად ხდება ხილული, ერთ-ერთი ფილმი ჟინვალის წყალსაცავის მსგავსად წალკის წყალსაცავზეა, არის მესამე ვიდეოც, რომელიც ნამახვანჰესის პროტესტის დოკუმენტურ მასალას ასახავს.
როგორ ფიქრობთ, როგორ ეხმიანება და რა კუთხით შლის თქვენი ნამუშევარი წელს ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს მთავარ თემას - „მომავლის ლაბორატორია“?
„მომავლის ლაბორატორია“, რომელიც კონცენტრაციას აფრიკის კონტინენტზე აკეთებს (Learning from Africa), მოგვითხრობს იმაზე, თუ რა მომავალი გველის. ამ თემას ჩვენი ადგილობრივი პრობლემატიკით და კონტექსტით ვუპასუხებთ, განვიხილავთ, რა შეიძლება მოხდეს, მაშინ როდესაც ჟინვალის წყალსაცავი, რომელიც ერთ-ერთ მაგალითად გვაქვს აღებული, წყლისგან საერთოდ დაშრება და ისევ გამოჩნდება დასახლება, რომელიც მის ქვეშ აღმოჩნდა.
წყალსაცავები მუდმივად არ არსებობენ, აქვთ განსაზღვრული 50-წლიანი პერიოდი, რომლის შემდეგაც მათი გამოყენება აღარ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის წყალი ერთ-ერთი მთავარი რესურსია, ის მუდმივი ისედაც არ არის, რადგან ამგვარი ზეგავლენისა და ექსპლუატაციის შემდეგ, მისი დინებაც მცირდება. ნამუშევარში ამ თემაზეც ვსაუბრობთ, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ეს წყალი საბოლოოდ გაედინება. რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილებას და თანამედროვე კოლონიზაციას უკავშირდება ეს ყველაფერი, რადგან რეალურად ქვეყნის რესურსის მთლიანი გადინება ხდება, რასაც ასევე განვიხილავთ ჩვენი ნამუშევრით.
როგორც თქვით, პროექტის ფარგლებში აქცენტს აკეთებთ წყალსაცავებზე, მათი ზეგავლენით გამოწვეულ ეკონომიკურ და ურბანულ ცვლილებებზე, როგორც უკვე კვლევის პროცესიდან გამოჩნდა, რამდენად მასშტაბური ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა ბუნებრივ წესრიგში ამ ტიპის ადამიანური ჩარევა? და რა იქნება სიახლე, რასაც დამთვალიერებელი ამ თემის ირგვლივ შეიტყობს?
ჩვენ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, რომელიც წყალსაცავებს ეხება, გვაქვს ისეთი სტატიები, რომლებიც უკვე არსებულ ზიანსაც ეხება. მაგალითად, რა ზიანი მოაქვს ეკოსისტემისთვის, როგორ იცვლება ან ნადგურდება, რომელი თევზის სახეობები დგება გადაშენების პირას, როგორ იცვლება კლიმატი და ა.შ. სხვადასხვა სტატია ამ და მსგავს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზეა კონცენტრირებული. რაც შეეხება სიახლეს, შეიძლება სხვა ქვეყნებისთვის ეს თემა სიახლეს არ წარმოადგენდეს, რადგან ძალიან ბევრი ქვეყანა უკვე მუშაობს ამ თემაზე, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის დოკუმენტაცია, რომელიც ერთდროულად ძალიან გლობალურ და ამავე დროს ლოკალურ პრობლემას იკვლევს, ჩვენივე ქვეყნისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
მოგვიყევით, რა გამოხმაურებას ელოდებით დამთვალიერებლისგან და პირადად თქვენი გუნდისთვის რა მნიშვნელობა აქვს არქიტექტურის სფეროში ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებაში მონაწილეობას?
მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ და ისეთ გლობალურ თემებზე ვაკეთებთ აქცენტს, ისეთ გლობალურ დისკურსში ვეწერებით, რაც სხვაგანაც ასევე მნიშვნელოვანია. ბოლო წლებში საერთოდ არ მიუღია საქართველოს ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე მონაწილეობა და ვხედავთ, რომ უკვე დიდი ინტერესი ჩანს ჩვენ მიმართ, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს უკვე ძალიან ფართო საერთაშორისო კავშირები აქვს, ყველგან გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ სწორედ ჩვენ ვართ წლევანდელი ქართული პავილიონის ავტორები და კურატორები, ამიტომ ძალიან ბევრ სტუმარს ველოდებით და უკვე ბევრიც დაიწერა ჩვენ შესახებ, რომ ამდენი წლის შემდეგ პირველად ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე საქართველოს სწორედ ჩვენი გუნდი წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის მე-18 არქიტექტურის ბიენალეს შესახებ, Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან და Visa-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, წელს პირველად ვენეციიდან მოგიყვებათ
ავტორი: გვანცა ჩანადირი
ფოტო: გიგი შუკაკიძე, Tobias Schmidt
დაწერე კომენტარი