ბრიტანული ბრენდის, Lily Vanili-ის ფილიალი თბილისში ორი წლის წინ გაიხსნა, თუმცა ქართველი მომხმარებლის ყურადღება მალევე მიიქცია თავისი განსაკუთრებული სადღესასწაულო ტორტებითა და დესერტებით. შეფმზარეულ ლილი ჯოუნსის რეცეპტებითა და ხედვებით შექმნილი საკონდიტრო მის კლასიკურ გაგებას სცდება და უფრო მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მისივე მომხმარებელს. სეზონური ნამცხვრები, ტარტები, სადღესასწაულო ტორტები, ხაჭაპურის მაფინები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ლილი ვანილის კაფეში აღმოაჩენთ.
ჟურნალი Hammock გთავაზობთ ინტერვიუს Lily Vanili-ის თანადამფუძნებელ ანკა მანჯგალაძესთან, რომელიც კომპანიისა და მისი ალტერნატიულ რეალობაში ფუნქციონირების შესახებ გვიყვება
ანკა, მოგვიყევი როდის და როგორ შეიქმნა “ლილი ვანილი”?
“ლილი ვანილი” ბრიტანული ბრენდია, რომელიც ცნობილმა შეფმზარეულმა ლილი ჯოუნსმა შექმნა. სამეფო ოჯახიდან დაწყებული, სხვა უამრავი ცნობილი ადამიანისთვის თუ ჯგუფისთვის ლილის შეუქმნია სადღესასწაულო ტორტები, რაც მისი ხელწერის განუყოფელი ნაწილია. ორი წლის წინ, როდესაც ლილი თბილისს სტუმრობდა, სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ “ლილი ვანილის” ფილიალი ჩვენთანაც გაგვეხსნა და ეს უგემრიელესი დესერტები ქართველი მომხმარებლებისთვისაც შეგვეთავაზებინა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ლილი აქ არ ცხოვრობს, იგი ხშირად სტუმრობს თბილისს, უტარებს ტრენინგებს ჩვენს მზარეულებს და ჩართულია მუშაობის რეჟიმში.
რას გულისხმობს “ლილი ვანილის” კონცეფცია?
ბრენდი “ლილი ვანილი” მაინც უფრო სადღესასწაულო ტორტებზეა კონცეტრირებული, რომლებიც ძალიან განსხვავდება იმ ტორტებისგან, რომლებიც ქართულ ბაზარზეა გავრცელებელი როგორც სტილისტურად, ისე გემოვნური თვისებებით. “ლილი ვანილი” არ იყენებს არანაირ ხელოვნურ დანამატებს, მარციპანს, არამედ პირიქით, მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქციით შექმნილ დესერტებს სთავაზობს მომხმარებელს, როგორებიცაა, მაგალითად, ცოცხალი სეზონური ყვავილები.
რას სთავაზობთ თქვენთან მოსულ მომხმარებელს ისეთს, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ?
პირველ რიგში, აღვნიშნავ ხარისხს, რადგან ჩვენთან მართლაც ძალიან კონტროლდება ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც წარმოებაში ვიყენებთ. გარდა ამისა, ჩვენი სადღესასწაულო ტორტებისა თუ ნამცხვრების სტილი, ვთვლი, რომ თბილისისთვის არა მობეზრებული, არამედ უცხო და საინტერესოა როგორც ვიზუალურად, ასევე მისი გემოვნური თვისებების მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ ლილი ვანილი უფრო მეტად საკონდიტროა, ჩვენთან არის პატარა კაფეც, სადაც ადგილზევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჩვენი უგემრიელესი დესერტები. “ლილი ვანილისთვის” მნიშვნელოვანია ისიც, რომ გვყავს მუდმივი სტუმრებიც, რომლებიც აქ არა მხოლოდ პროდუქციისთვის, არამედ დროის მშვიდ და სასიამოვნო გარემოში გასატარებლად ან სამუშაოდ მოდიან.
რა გამოწვევების წინაშე იდექით მაშინ, როდესაც ამ საქმეს იწყებდით?
საკონდიტრო მაინც უფრო სპეციფიკური სფეროა, სადაც ქართველი მომხმარებელი საკმაოდ კრიტიკულია. თავიდან იყო შემთხვევები, როდესაც რაღაც დესერტების “გადმოქართულება” და ნაცნობ გემოებზე მორგება მოგვიწია, თუმცა, დღემდე ჩვენი მიმართულებისთვის არ გადაგვიხვევია.
რა გავლენა იქონია Lily Vanili-ზე ბოლოდროინდელმა მოვლენებმა - კორონავირუსის გავრცელებამ და მუშაობის დისტანციური რეჟიმის შემოღებამ?
სამწუხაროდ, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენთვისაც საკმაოდ კრიზისულია ბოლოდროინდელი მოვლენები და როგორც სხვა უამრავ ბიზნესს, ასევე ჩვენც შეგვეტყო ეს. გაგვიფუჭდა ბევრი პროდუქტი, რომელიც გამზადებული გვქონდა, მოგვიწია კაფის დახურვა და შემცირებული სამუშაო განაკვეთით მუშაობა. ამ ყველაფერმა იმოქმედა ასევე ჩვენს თანამშრომლებზეც.
და, როგორ მოერგეთ ახალ ალტერნატიულ რეალობას?
ახლა აქტიურად არის დატვირთული ჩვენი მიტანის სერვისი მთელი რიგი სადეზინფექციო და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, თუმცა ნებისმიერ მსურველს ადგილზეც შეუძლია სასურველი დესერტის შეძენა. გარდა ამისა, სააღდგომოდ ჩვენს მომხმარებელს პასკების მრავალფეროვანი არჩევანიც შევთავაზეთ, რამაც თავის მხრივ დადებითად იმოქმედა და ცოტათი ავმოძრავდით, მაგრამ ჯერ მაინც ბუნდოვანია წინ რა გველის.
როგორ შეიცვალა თქვენი სამომავლო გეგმები…
აპრილში ვაპირებდით მეორე ფილიალის გახსნას, თუმცა ამ მოვლენებმა გადაწია გახსნის თარიღი. ამ ეტაპზე მაქსიმალურ ყურადღებას მიწოდებასა და take away-ზე ვამახვილებთ და ვცდილობთ, რომ უფრო და უფრო განვვითარდეთ.
დაწერე კომენტარი