მელიდესი პორტუგალიის პატარა მყუდრო სოფელია, რომელიც ლისაბონთან და კომპორტასთან ახლოს მდებარეობს.

სოფელში ძირითადად დედაქალაქისკენ ან კომპორტასკენ მიმავალ გზაზე ჩერდებიან,  რადგან აქ ბევრი საოჯახო რესტორანია, სადაც სტუმრებს ტრადიციულ პორტუგალიურ კერძებს სთავაზობენ. სწორედ ასე აღმოაჩინა დიზაინერმა კრისტიან ლუბუტენმა მელიდესი, რომელმაც  იქ მეთევზის სახლი შეიძინა და არქიტექტორ კაროლინა ირვინგთან თანამშრომლობით მალევე ულამაზეს სასტუმროდ აქცია, რომელიც პატარა სოფლის ახალ ღირსშესანიშნაობად იქცა. 

Vermelho Melides-ის ცისფერი ექსტერიერი ჯუზეპე დუკროტის დიზაინის ჩუქურთმებით და კერამიკის დეტალებით მომენტალურად იქცევს ყურადღებას.  

სასტუმროს ინტერიერი დიდწილად პორტუგალიური დიზაინის ელემენტებით არის შთაგონებული, როგორიცაა სვეტებით გამაგრებული ჭერი და Azulejo-ს  ფილებით მოპირკეთებული კედლები. 

სასტუმროს შიდა სივრცე  მინიმალისტური და მაქსიმალისტური, ისევე როგორც დასავლური და აღმოსავლური ინტერიერის დიზაინის ელემენტებს აერთიანებს. უშუალოდ ნომრებში სხვადასხვა სტილი და დიზაინის ელემენტებია გამოყენებული, მაგალითად, ვენეციური სარკეები, მურანოს შუშის ლამპები, მცენარეების პატერნით მოხატული იტალიური სავარძლები და ესპანური ფილებით გაფორმებული აივნები. 

სასტუმროს საკუთარი რესტორანიც აქვს -  Xtian, რომელსაც პორტუგალიელი შეფმზარეული დავიდ აბრო ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ ლუბუტენმა იქვე ახლოს კიდევ ერთი შენობა შეიძინა, სადაც კვლავ რესტორანი და 10-ოთახიანი სასტუმრო გაიხსნება. 

 

ავტორი: ტატო ანთაძე 

ფოტო: Ambroise Tézenas